დღესასწაულები

27 იანვარი. წმიდა დედა ჩვენი ნინო მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი (IV)

posted Jan 17, 2019, 7:06 PM by Mamao Thoma   [ updated Jan 17, 2019, 7:07 PM ]

წმიდა დედა ჩვენი ნინო მოციქულთა სწორი, ქართველთა განმანათლებელი (IV)

14 (27) იანვარი

კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი სახელგანთქმული პატიოსანი მშობლების, რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას, ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ.

წმიდა ქალაქში მისვლის შემდეგ, ნინოს მამამ, ზაბულონმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, გამოემშვიდობა ოჯახსა და იორდანის გაღმა უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ.

ქმრის წასვლის შემდეგ სოსანა იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა დიაკონისად აკურთხა, ნინო კი აღსაზრდელად მისცა მოხუც ქალს, სარა ნიაფორს. აღმზრდელი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. სარასაგან გაიგო ნინომ ისიც, თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი წარმართთა ქვეყანაში – საქართველოში.

ამ დღიდან ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და იმ პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა, რომელიც თავად ღვთისმშობელმა მოუქსოვა საყვარელ შვილს. ყოვლადწმიდა ქალწულმა შეისმინა მისი ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: „წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე ვიქნები შენი მფარველი“. ამაზე ნეტარმა ნინომ უპასუხა: „როგორ შემიძლია მე, სუსტ ქალს, რომ ასეთი დიდი სამსახური გავუწიო ქრისტეს და რით შემიძლია ვერწმუნო ასეთი ჩვენების ჭეშმარიტებას?“ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ვაზის ჯვარი მისცა ნინოს და უთხრა: „მიიღე ჯვარი ესე ფარად და მფარველად ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა“. გამოღვიძებულ ნინოს მართლაც ჯვარი ეჭირა ხელში. მან სიხარულის ცრემლებით დაალტო და საკუთარი თმებით შეკრა იგი.

ამის შემდეგ ნინომ ბიძას, პატრიარქ იუბენალს უამბო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულებრივი გამოცხადების შესახებ და გაუმჟღავნა სურვილი საქართველოში საქადაგებლად წასვლისა.

იუბენალმა აღსავლის კარებთან დააყენა დისწული, ხელი დაადო თავზე და უფალს შეჰღაღადა: „უფალო, ღმერთო მარადისობისაო, შეგავედრებ ობოლსა შვილსა დისა ჩემისასა და წარვავლინებ მას ქადაგებად ღვთაებისა შენისა , რათა ახაროს აღდგომა შენი და სადაც სასურველი იყოს შენთვის მიმოსვლა და ქადაგება მისი, ექმენ, ქრისტე ღმერთო, მას მეგზურად, ნავთსადგურად, მოძღვრად და ენის შემაცნებელად ისე, ვითარცა იქმოდი ამას წინამორბედთა, მოშიშთა სახელისა შენისათა მიმართ“.

ეფესოში ჩასული ნინო შეხვდა მეფის ასულ რიფსიმეს და მის დედამძუძე გაიანეს, რომლებიც ქრისტეს სჯულზე მოაქცია. ამ დროს რომის იმპერატორი იყო ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი დიოკლეტიანე. მას ძალზე მოეწონა რიფსიმე და გადაწყვიტა, ცოლად შეერთო იგი. წმიდა ქალწულები მიხვდნენ, რომ ეს მტრის ფარული ხრიკები იყო, ბილწთა და საძაგელთა კერპთა თაყვანისმცემელი მეფე ვერ იქნებოდა მეუღლე ქრისტიანი ქალისა, რომელსაც ზეციური სასიძო ამოერჩია. წმიდა ნინო, რიფსიმე, გაიანე და მათთან ერთად ორმოცდაათი ქალწული სომხეთში გაიქცნენ.

დიოკლეტიანემ მალემსმრბოლები აფრინა ლტოლვილთა მოსაძიებლად, შემდეგ თრდატ სომეხთა მეფეს გაუგზავნა ეპისტოლე, აუწყა მომხდარი და უბრძანა: „მოიძიე იგი და რა იპოვნო, მხლებელნი მისნი სიკვდილით მოაკვდინე, ხოლო თვით ის, სახელად რიფსიმე, მე გამომიგზავნე. და თუ შენ გთნდეს, შენთვის დაიგულე, რამეთუ არავინ იპოვება სხვა მსგავსი იონთა ქვეყანაში“.

თრდატ მეფემ იპოვა ქალები, მოიხიბლა რიფსიმეს სილამაზით და მისი ცოლად შერთვა განიზრახა. წმიდანი არ დაემორჩილა მეფის სურვილს, რისთვისაც თრდატმა აწამა იგი დედამძუძე გაიანესა და სხვა 50 ქალწულთან ერთად.

წმიდა ნინო ვარდის ბუჩქებში დაიმალა. უფალი სხვა ღვაწლისთვის ამზადებდა მისი სიყვარულით ანთებულ ქალწულს. წმიდა ნინო საქართველოსკენ წამოვიდა. ფარავნის ტბასთან მან გაიცნო მცხეთელი მწყემსები, ისევ მიიღო ღვთისგან ზეგარდამო ლოცვა-კურთხევა „მცხეთას წარმართთა ქადაგებისა“, თანამგზავრებიც იპოვა და ტანჯვა-წვალებით მოაღწია ქალაქ ურბნისამდე. წმიდანმა იქ სულ ერთი თვე დაჰყო, არმაზის კერპის თაყვანისცემად წამოსულ ქართველებს ისიც შეუერთდა და ჩავიდა მცხეთაში.

საშინელი სანახაობა დახვდა იქ წმიდანს: მეფენი, მთავარნი და ყოველი ერი შიშით ძრწოდა კერპთა წინაშე. შეწუხდა ქალწული: „უფალო, მოხედენ წყალობით ამათ ზედა ნათესავთა. რათა ყოველმან ერმან მხოლოსა ღმერთსა თაყვანის –გცენ იესოს მიერ ძისა შენისა“,- შეჰღაღადა მან ღმერთს. დაბერა საშინელმა ქარმა, წამოვიდა სეტყვა და შეიმუსრა კერპები. შეშინებული ხალხი სხვადასხვა მხარეს გაიფანტა .

წმიდა ნინო სამეფო ბაღში დასახლდა, უშვილო ოჯახს წმიდა ნინოს ლოცვით ღმერთმა მიჰმადლა შვილი. გახარებულმა ცოლ-ქმარმა აღიარა ქრისტე და დაემოწაფა წმიდანს. ნინოს ირგვლივ თანდათან იკრიბებოდნენ ქრისტეს სჯულის თაყვანისმცემლები. ერთხელ ნანა დედოფალი სასიკვდილოდ დასნეულდა, სასოწარკვეთილი დედოფლის მსახურნი წმიდა ნინოსთან მივიდნენ, აუწყეს ყოველივე და სახლში გაყოლა თხოვეს. „არა ბრძანებულ არს ჩემდა, რათა განვიდე, სადა შვება ჩვენი არა არს, არამედ დედოფალი მოვედინ საყოფელსა ამას ჩემსა და ჭეშმარიტად განიკურნოს ძალითა ქრისტჱსითა“,- უპასუხა წმიდანმა. ნანა დედოფალი დამორჩილდა მოციქულთასწორის ბრძანებას. წმიდა ნინომ ილოცა, ჯვარი გადასახა და განკურნა დედოფალი. ამის შემდეგ ნანამ აღიარა ქრისტე.

ერთხელ მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა მცხეთაში დაბრუნებისთანავე ამოეწყვიტა ჯვარცმულის მოსავნი, მათ შორის თავად ნანა დედოფალიც, თუ ის არ დატოვებდა ქრისტეს სჯულს. ნადირობისას მოულოდნელად მზე დაბნელდა. მარტო დარჩენილი მირიან მეფე დიდხანს ამაოდ უხმობდა შემწედ კერპებს. როცა იმედი გადაუწყდა, ქრისტეს შეევედრა: „ღმერთო ნინოსაო, განმინათლე ღამე ესე და მაჩვენე საყოფელი ჩემი და აღვიარო სახელი შენი, აღვმართო ძელი ჯუარისა და თაყვანის-ვსცე მას, აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა და ვიყო მორჩილ ნინოსა სჯულსა ზედა ჰრომთასა“. მაშინვე გამობრწყინდა მზე. გახარებულმა მირიანმა მადლობა შესწირა ქვეყნიერების შემოქმედს. მცხეთაში დაბრუნებულმა მეფემ ინახულა წმიდა ნინო და აუწყა განზრახვა.

წმიდა მოციქულთასწორის ღვაწლით საქართველოში განმტკიცდა ქრისტიანობა.

წმიდა ნინოს ცხოვრება მისივე მონათხრობიდან ჩაწერეს სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა (ხს. 15 იანვარს).

წმიდანის სურვილისამებრ მისი პატიოსანი გვამი ბოდბეში დაფლეს. შემდგომ მის საფლავზე მირიან მეფემ წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი ააგო.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.


20 იანვარი . კრება წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი

posted Jan 17, 2019, 6:45 PM by Mamao Thoma   [ updated Jan 17, 2019, 6:46 PM ]

კრება წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი

7 (20) იანვარი


მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებობს ჩვეულება, რომ საუფლო და ღვთისმშობლის დღესასწაულების მომდევნო დღეს მოიხსენიონ წმიდანები, რომლებიც უშუალო მონაწილეობას ღებულობდნენ ისტორიის ამ უწმიდეს და უმნიშვნელოვანეს მომენტებში. ამ ტრადიციის მიხედვით, ნათლისღების შემდგომ, 7(20) იანვარს აღინიშნება ხსენება ნათლისმცემლისა უფლისა _ იოანესი.

იოანე უდიდესი იყო წინასწარმეტყველთა შორის. მან დაასრულა ძველი აღთქმის ეპოქა და უფლის მხოლოდშობილი ძის განკაცება დაამოწმა. იოანემ თავისი ამქვეყნიური ღვაწლით აღასრულა ისაიას წინასწარმეტყველება: „ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ჰყვენით ალაგნი მისნი”.

წმიდა წინასწარმეტყველის შობა მამამისს – მღვდელმთავარს ზაქარიას ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა (ლკ. 1, 13-17). წმიდანის დედა – კეთილმსახური ელისაბედი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხორციელი ნათესავი იყო. როცა სულიწმიდისაგან ახალმუცლადღებული ქალწული მარიამი იუდეაში წავიდა ელისაბედთან, ექვსი თვის იოანე ჰკრთებოდა დედის მუცელში (ლკ. 1,41) – ჩანასახშივე ხარობდა მხსნელის განკაცებით.

იოანე სიყრმიდანვე უდაბნოში ცხოვრობდა და აქ მარხვითა და ლოცვით ემზადებოდა თავისი მაღალი მსახურებისათვის. „ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაჲ წელთა მისა; ხოლო საზრდელად მისი იყო მკალი და თაფლი ველური”.

30 წლის იყო უფლის წინამორბედი, როცა ჰურიასტანის უდაბნოში გამოვიდა სინანულის საქადაგებლად, „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაჲ” (მთ. 3,2). იგი მდინარე იორდანეში სინანულის ნათლისღებით ნათლავდა იუდეველებს, რომლებიც აღიარებდნენ მის წინაშე საკუთარ ცოდვებს, ამხელდა ფარისევლებს და სადუკეველებს, მხოლოდ სიტყვით რომ აღასრულებდნენ სჯულს, გულით კი „განშორებულ” იყვნენ ღვთისაგან: „ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა? ჰყავთ უკვე ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ”.

დიდი ხანი იყო, რაც უფალს წინასწარმეტყველი არ გამოეგზავნა თავისი რჩეული ერისთვის: უკანასკნელი წინასწარმეტყველის, მალაქიას მიცვალების შემდეგ ოთხასზე მეტი წელი გასულიყო. ამიტომ ყოველი მხრიდან მოდიოდნენ იოანე წინასწარმეტყველის სიტყვების მოსასმენად. აღტაცებულნი იყვნენ მისით და დიდ პატივსაც მიაგებდნენ. წინასწარმეტყველი მათ იესოსთან შესახვედრად ამზადებდა: „მე უკუე ნათელ გცემ თქუენ წყლითა სინანულად, ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერეს ჩემსა არს, რომელისა ვერ შემძლებელ ვარ ჴამლთა მისთა ტჳრთვად. მან ნათელ გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა” (მთ. 3,11). იოანემ შორიდანვე იცნო მისკენ მოსანათლად მომავალი „ტარიგი უფლისა”, თავმდაბლობით წინ აღუდგა მას: „მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაჲ და შენ ჩემდა მოხუალ?” (მთ. 3,14), მაგრამ შემდეგ დაემორჩილა ღვთის ნებას, მოინათლა მაცხოვარი სოფლისა და მის თავზე ხელის შეხებით თვითონაც მოინათლა.

შემდეგ თვითონ იესო ქრისტემ დაამოწმა, რომ „არა აღდგომილ არს ნაშობთაგან დედათაჲ უფროჲს იოვანეს ნათლისმცემელისა”, მაგრამ რომ არ ეფიქრათ, იგი ძე ღვთისაზე აღმატებულიაო, დაამატა: „ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს”.

იოანე ნათლისმცემელი მოწამეობრივად აღესრულა – გალილეის მთავრის ანტიპა ჰეროდიადას უსჯულოებაში მხილებისათვის მას თავი მოჰკვეთეს. ამის შემდეგ იოანემ ჯოჯოხეთში მყოფ მართალთა სულებსაც ახარა მაცხოვრის განკაცება: „სიხარულით ახარა მყოფთა ჯოჯოხეთისათა ღმერთი, ხორცითა გამოჩინებული და აღმხმელი ცოდვათა სოფლისათა, რომელი მოგვანიჭებს ცოდვათა შენდობასა”.

იოანე ნათლისმცემელი ღვთისმშობლის შემდეგ ჩვენი უდიდესი მეოხია ღვთის წინაშე. იგი არის მოძღვარი სინანულისა.

ამავე დღეს იხსენიება წმიდა წინამორბედის უხრწნელი მკლავის გადასვენება ანტიოქიიდან კონსტანტინეპოლში (956) და იოანე ნათლისმცემლის სასწაული კუნძული ხიოსზე.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.



7 იანვარი. შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

posted Jan 6, 2019, 2:35 PM by Mamao Thoma   [ updated Jan 6, 2019, 2:36 PM ]

7 იანვარი

შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი




წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

შობა მაცხოვრისა


დაუმძიმდა კაცთა ნათესავსა ძველი რჯული, ძველი აღთქმა, შეერყა საძირკველი კაცთა ცხოვრებასა, რომელსაც ქვაკუთხედად ედვა ძველის აღთქმის მოძღვრება: „თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ“. სხვა მადლის მწყურვალმა სულმა კაცისამ იგრძნო, რომ ამ მოძღვრების საფარქვეშ ვეღარ იდგომილება დიდხანს, - და ძველი ქვეყანა ირყევა, ირღვევა, მიდის და იფუშება. იგრძნო, რომ იგი ღმერთი მსჯავრისა და შურისგებისა, ღმერთი წყრომისა და რისხვისა ამასთანავე კაცთმოყვარე, მადლის მომფენი, ყოვლად მოწყალე და ყოველთა შემწყნარებელი ღმერთიც უნდა იყოს.

ამ ქვეყნის რყევასა და რღვევაში ჯერ კარგად ვერგამორკვეული სასოება ადამიანისა, ჰხედავს-რა ძველს დედა-ბოძს სულის საფარისას წარსაქცევად გამზადებულს, ჰკვნესის და ჰღაღადებს ზეგარდამო შთაგონებულთ კაცთა ბაგითა. რყევისა და რღვევისაგან თავის ბუდიდამ ამომფრთხალი გული ადამიანის უთვისტომოდ, უბინაოდ ჰრჩება. გული შეშინებული, ელდაცემული ეძიებს ახალ სადგურს, ახალს ბინას, რომ ამოვიდეს ახალი ვარსკვლავი, ახალი ალიონი, რომელმაც უნდა გზა აჩვენოს და გააგებინოს ძველის ქვეყნის რყევისაგან ატეხილს მტვერ-ბუქსა და ბინდ-ბუნდში. ერთხელ წაირღვნა ქვეყანა, ეხლა-კი უნდა დახსნილ იქმნას და აი, ამ მხსნელს ელის ხსნის მწყურვალე სული.

„შენ, ბეთლემ, ქვეყანა ეგე იუდასი! - ჰღაღადებს ზეგარდამო შთაგონებული წანასწარმეტყველი: - არა სადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდასთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღვარი, რომელმან დამწყსოს ერთი ჩემი, ისრაელი!“

ადამიანი რაღაც ლოდინშია, გარღვეულ უფსკრულის წინაშე მდგომარე, სასოს არ იკვეთს, რომ მოვა მაცხოვარი და თავის ყოვლად-მხსნელს ხელსა მომაწვდისო, სასოებით აღსავსენი, სულით განდიდებულნი და აღფთოვანებულნი წინასწარმეტყველნი წინათ-ჰგრძნობენ ამა მოსვლასა და ვითა მახარობელნი ნუგეშს სცემენ გულწასულს ადამიანს, მოვაო, ოღონდ შენ „განმზადნე გზანი მისნიო“.

„აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოსი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსაო, - ჰღაღადებს სრულის რწმენის ღაღადითა წინასწარ-გრძნობით აღტაცებული ისაია წინასწარმეტყველი: - განმზადენით გზანი უფლისანი და წრფელჰყვენით ალაგნი მისნი“.

და აჰა ამა „გზათა განმზადებად და წრფელ-ყოფად ალათა მისთა“ მოევლინა ქვეყანას იოანე წინამორბედი „მღაღადებელი უდაბნოსა შინა“. გულშერყეულს და ნუგეშის მწყურვალს ქვეყანას ჰგონია, რომ აი ეს არის იგი, ვინც ასე ძლიერ სწყურიან ჩვენს ობლად შთენილ სულსა და ვისაც ასეთის სასოებით მოველოდებითო. არაო, ეუბნება წინამორბედი იოანე:

„ესერა მოვალს უძლიერესი ჩემსა შემდგომად ჩემსა, რომლისა ვერ ღირს ვარ განხსნად ხამლთა მისთასა. მე ნათელ-გცეთ თქვენ წყლითა, ხოლო მან ნათელ-გცეთ თქვენ სულითა წმიდითა“.

იშვა ქრისტე, იშვა იგი, რომელმან ნათელ-სცა ქვეყანას სულითა წმიდითა, იშვა იგი დედისაგან, რომელ კურთხეულ არს დედათა შორის. იშვა იგი, რომელიც, როგორც იოანე მახარობელი ამბობს, - „დაემკვიდრა ჩვენ შორის და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება ვითარცა მხოლოდშობილისა მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა... რამეთუ რჯული მოსესაგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესოს მიერ იქმნა... რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თვისი სოფლად, რათა დასაჯოს სოფელი, არამედ რათა აცხოვნოს სოფელი მის მიერ“. იშვა იგი, რომლის გამო სთქვა იოანე წინამორბედმავე:

„აჰა ტარიგი ღვთისა, რომელმან აღიხვნეს ცოდვანი სოფლისანი! ესე არს, რომელისათვის იგი ვსთქუ: შემდგომად ჩემსა მოვალს კაცი, რომელიც პირველ ჩემსა იყო, რამეთუ უპირატეს ჩემსა არს“.

„ნუ გეშინინ, - ახარებს ქვეყანას ანგელოზი: - ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა იშვა დღეს თქვენდა მაცხოვარი... და ესე იყო თქვენდა სასწაულად: ჰპოვოთ ყრმა იგი, შეხვეული და მწოლარე ბაგასა“.

რა დიდებული სახეა, რა დიდებული ხატია!.. ღმერთი, მოვლინებული ცხონებად და ხსნად ქვეყნისა, ღმერთი ახლის აღთქმისა, რომელმან უნდა „აღიხვნას ცოდვანი სოფლისანი“. ძე ღვთისა და კაცისა, რომელმან უნდა ნუგეშ-სცეს ქვეყანას, - მოვედინ, მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენოთ თქვენ“, ღმერთი, რომელმანც უნდა ნათელ-სცეს ბნელს ქვეყანას სულითა წმიდითა, იშვა ვითა ღარიბი ღარიბ საფარ ქვეშ და არის „შეხვეული და მწოლარე ბაგასა“... მარტო ერთი ვარსკვლავიღაა აღმომხდარი აღმოსავლეთით და იგი დაჰნათის ზედ ადგილსა მას შობისასა ნიშნად მისად თუ, - რა სხივოსანი მადლი მოეფინა ქვეყანას დედისაგან, რომელიც ამიტომ „კურთხეულ არს დედათა შორის: „ყრმა-ღმერთი „შეხვეული და მწოლარე ბაგასა“, არისღა სადმე სხვა ხატი, რომ დიდებამ ასე ადიდოს  სიღარიბე და სიღარიბემ ასე ადიდოს დიდება: ყველაზედ უწინარეს ამ ხატითა უთქვა შობისავე უმალ იგი თავდაბლობა კაცთმოყვარე ქრისტე-ღმერთისა, რომელმაც მერე გააოცა ცუდმედიდობით გარყვნილი ძველი ქვეყანა.

იშვა იგი, ვინც გაჭირვებულს და ძირით თხემამდე შერყეულს ქვეყანას მოაცალა ულმობელის საძირკველი „თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ“ და ამის მაგიერ შთაუდგა „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ და ამაზედ ხელახლად დაადგინა დასარღვევად გამზადებული ქვეყანა, ვითარცა კლდეზედ, რომელსაც ვერც ჟამი და ვერც დრო ვერ შეჰმუსრავს და ვერ შეარყევს. ამ კლდეს ზედ დაანთხია მან თავისი ღვთაებრივი სისხლი და ზედ მოვლინებული, კაცმავე ჯვარს აცვა და ჯვარცმული მაინც ჯვართმცმელთათვის ჰღაღადებდა ღვთისა მიმართ: ღმერთო, შეუნდევ, რამეთუ არა უწყიან რას იქმნან; აი რა სულგრძელი, რა კაცთმოყვარე, რა ყოვლადმოწყალე ღმერთი იშვა დღეს და ამას სამართლიანად ჰხარობს და დღესასწაულობს მთელი ქრისტიანობა.

მას აქეთია აღსდგა ქვეყანა ახალის აღთქმისა, ახალი ცხოვრებისათვის. მას აქეთ შეაფარა კაცმა თავი თვისი ღმერთსა სიყვარულისას, მშვიდობისას, მოწყალებისას და შენდობისას. განახლდა კაცი და დღეს განახლებულს კაცს ძალუძს სასოებით სთქვას: „შენ ხელახლად შემქმენ მე, ქრისტე-ღმერთო, და დამდევ ჩემზედა ხელი შენი... შენ სცან დაჯდომაი ჩემი და აღდგომაი ჩემი. ალაგნი ჩემნი და ნაწილნი ჩემნი შენ გამოიკვლიენ და ყოველნი გზანი ჩემნი წინასწარ იხილენ... საკვირველ იქმნა ცნობა შენი ჩემგან, განძლიერდა და ვერ შეუძლო მას, შენ ხარ ხსნა ჩემი, შენი მოძღვრება - მაცხოვარ ჩემდა, და ვეღარსად განვერინო სულისა შენისაგან და პირისა შენისაგან ვეღარსად ვივლტოდე: აღ-თუ-ვჰხდე ცად, შენ უნ ხარ. შთა-თუ-ვჰხდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ: აღ-თუ-ვიპყრნე ფრთენი ჩემნი განთიად და დავემკვიდრო მე დასასრულსა ზღვისასა, - და რამეთუ მუნცა ხელი შენი მიძღოდეს მე და მარჯვენემან შენმან შემიწყნაროს მე“.

1886 წ. 24 დეკემბერი




კვირაცხოვლობა

posted Apr 16, 2018, 5:48 AM by Mamao Thoma   [ updated Apr 16, 2018, 5:49 AM ]


კვირაცხოვლობა




    ტროპარი: დაბეჭდულით საფლავით ცხოვრებაი აღმობრწყონდა, ქრისტე ღმერთო, და კართა ხშულთა მოწაფეთა წარმოუდეგ ყოველთა აღდგომაი, და სული შენი წრფელი მათ მიერ ჩუენ შორის განმიახლენ დიდთა შენითა წყალობითა.

    კონდაკი: გამომეძიებელითა მარჯუენითა გვერდი შენი ცხოველსმყოფელი განიხილა თომა, ქრისტე ღმერთო, შერახვედ კართა დახშულთა და სხუათა მათ თანა მოციქულთა ხმა-ჰყო: შენ ხარ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორეს ქადაგება კვირაცხოვლობას. 2018წ.


ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა!


გილოცავთ კვირაცხოვლობას. კვირაცხოვლობა არის გაგრძელება აღდგომის დღესასწაულისა. იგი განსაკუთრებული დღეა და მას  უწოდებენ თომას კვირიაკესაც.

სახარებაში ვკითხულობთ, რომ თავიდან, როცა მოციქულებს გამოეცხადა უფალი, იქ თომა არ იყო და თომამ რომ გაიგო, მოციქულებმა იხილეს უფალი, უთხრა მათ: თუ მე თვითონ არ შევეხები თითებით მაცხოვრის ჭრილობებს, ვერ დავიჯერებო.

და აი, აღდგომიდან რვა დღის შემდეგ კვლავ გამოეცხადათ მაცხოვარი და თქვა: ,,მშვიდობა თქვენთანა” შემდეგ კი მიმართა თომას: ,,მოჰყავ თითნი შენნი და შეახენ გვერდსა ჩემსა” და თომა მოციქული დავარდა მუხლებზე და აღმოხდა: ,,უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი”.

თომა იყო პირველი მოციქული, რომელმაც აღიარა იესო როგორც ღმერთი. და, აი, დღეს, თომას კვირიაკეს, ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.

ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ მთელი წმინდა სინოდი დღეს აქ იმყოფება და ვდღესასწაულობთ ამ დიდ დღესასწაულს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, თქვენი მცველი, საქართველოს მფარველი.

კვირაცხოვლობა პირადად ჩემთვისაც მეტად მნიშვნელოვანია, ამ დღეს მაკურთხეს მღვდლის ხარისხში, როცა ვიყავი სასულიერო აკადემიის სტუდენტი.

დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ მღვდელმონოზონ ილია ჩადუნელს ოქროს ჯვრით და ვანიჭებთ იღუმენის ხარისხს. ასევე ვლოცავთ შემდეგ გვარებს: ხონელიძეებს, აივაზაშვილებს, აივაზიშვილებს, საბაურებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ გაგამრავლოთ, ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა და სიხარული თქვენ და სრულიად საქართველოს.


დიდი პარასკევი

posted Apr 6, 2018, 10:43 AM by Mamao Thoma   [ updated Apr 6, 2018, 10:52 AM ]


დიდი პარასკევი



კონდაკი: „რომელი ჯუარს-ეცვა ჩუენთვის, მოვედით ერნო, უგალობდეთ მას, იხილა იგი მარიამ ჯვარსა ზედა და სთქვა: დაღაცა თუ ჯვარსა ზედა გიხილე, შენ ხარ ძე ჩემი და ღმერთი ჩემი, ყოვლადძლიერი, კაცთმოყვარე და მაცხოვარი“.





დიდი პარასკევის მთელი მსახურება მაცხოვრის ჯვარზე ვნების გახსენებას ეძღვნება და უდიდესი მწუხარებით არის განმსჭვალული.

ცისკრის ჟამნზე თორმეტი ვნების სახარება იკითხება. ამასთან, დღის მსახურების თითოეული ჟამნი ნათლად წარმოაჩენს მაცხოვრის ვნების სხვადასხვა სახეს, გეთსამანიის ბაღში სისხლით განზავებული ოფლით დაწყებული, გოლგოთაზე მისი ჯვარზე აღსრულებით დამთავრებული. თითოეული საგალობელი თუ საკითხავი სინანულის ცრემლითაა აღსავსე, გულის შემძვრელია და ცოდვის შემმუსვრელი, ამავე დროს იმედის ჩამსახველიც.

დიდ პარასკევს, მაცხოვრის ვნებასთან დაკავშირებით, უსისხლო მსხვერპლშეწირვა - წმიდა წირვა არ აღესრულება, ნიშნად იმისა, რომ თვით უფალი იყო უკანასკნელი სისხლიანი მსხვერპლი ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების აღსრულებისას.

მწუხრის ჟამნის ბოლოს საკურთხევლიდან შუა ტაძარში წმიდა გარდამოხსნას გამოაბრძანებენ, რომელსაც წინდაწინ გამზადებულ ლუსკუმაზე დაასვენებენ.

ამ დღეს მთელი გულის შემუსვრილებით ასე უნდა ვლოცულობდეთ:

ტროპარი: „მომიყიდენ ჩუენ წყევისა მისგან ჰსჯულისა პატიოსნითა სისხლითა შენითა, ჯვარსა ზედა რა დაემსჭვალე, და ლახვრითა განიგმირე, და უკუდავება აღმოუცენე კაცთა, მაცხოვარო ჩუენო, დიდება შენდა“.




დავით გურამიშვილი

მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი


ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,

მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!


ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,

ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!


ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო;

მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!


ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო;

ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!


ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო,

ყვრიმალს გცეს თვალებ-აკრულსა. გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო?

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!


ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო,

ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო.

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!


ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპს სისხლი შეურიესო;

დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!


ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო!

ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!


ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო;

წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!


ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო;

მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.

თავს კრეტსამბელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო.


ჯვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო:

დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო.

ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!


ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!


ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო?

მკვდარს აღუდგენდი, კურნავდი კეთროვანს, წყალ-მანკიერსო;

ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო.


უტყვს ენას ძღვნიდი, ყრუს – სმენას, საპყართა – სვლას შვენიერსო,

პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, - ჭამე, სვი ესო.

ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო!

მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო!


განიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო;

რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო!

ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო.

ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო!

ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!





15 თებერვალი. მირქმა - მიგებება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

posted Feb 13, 2018, 10:15 AM by Mamao Thoma   [ updated Feb 13, 2018, 10:17 AM ]


15 თებერვალი

მირქმა - მიგებება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. 


დღეს, 15 თებერვალს, მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს. მირქმა - მიგებება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი დიდმარხვის დასაწყისია. მირქმა უფლისა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია. იგი ერთსა და იმავე დღეს, 15 თებერვალს აღინიშნება და უძრავ დღესასწაულთა შორის შედის.

პტოლემეოს ფილადელფოსმა, რომელიც ქრისტეს შობამდე 287-247 წლებში განაგებდა ეგვიპტეს, ალექსანდრიაში ცნობილი ბიბლიოთეკა დააარსა. ერთხელ მან შეიტყო, რომ მის მიერ დამორჩილებულ იუდეველებს სიბრძნითა და სიწმინდით სავსე მრავალი საღმრთო წიგნი ჰქონდათ და გადაწყვიტა, ბერძნულად ეთარგმნა ისინი. ამით თავის სახელგანთქმულ წინგსაცავსაც გაამდიდრებდა და ალექსანდრიაში მცხოვრებ იუდეველთა კეთილგანწყობასაც დაიმსახურებდა - იმ ხანად ეგვიპტეში გადახვეწილ ებრაელებს თითქმის დავიწყებოდათ მშობლიური ენა.

პტოლემეოსმა იერუსალიმში ელჩობა წარგზავნა და მღვდელმთავარ ელეაზართან დიდი ძღვენი და წერილი გაატანა. სთხოვდა, გაეგზავნა მისთვის საღმრთო წიგნები და სჯულის მეცნიერნი, რომლებიც მათ ბერძნულ ენაზე თარგმნას შეძლებდნენ.

ელეაზარმა ისრაელის 12 ტომიდან ამოირჩია ექვს-ექვსი მოხუცებული, რომელთაც ზედმიწევნით იცოდნენ ბერძნული ენა, ჩააბარა მათ წმიდა წიგნები და პტოლემეოსთან გაგზავნა. ეგვიპტის მმართველმა დიდი პატივით მიიღო ისინი, დაასაჩუქრა და ფაროსის კუნძულზე დაასახლა.

სამოცდათორმეტმა ღირსმა მამამ 72 დღეში გადათარგმნა წმინდა წერილი (ამ თარგმანს შემდეგ სეპტუაგინტა - სამოცდაათის თარგმანი - ეწოდა).

ღირს მამათა შორის გახლდათ მღვდელი უფალი საბაოთისა, წმინდა სვიმეონი (მღვდლის ეფოს წამოსხმული, ოქროს კვერთხით ხელში გამოეცხადა იგიპეტრე ათონელს). წმინდა სვიმეონს ესაია წინასწარმეტყველის წიგნის თარგმნა ერგო. ღირსი მამა დიდი მოკრძალებითა და ღვთისმოშიშებით შეუდგა საქმეს. როცა იმ ადგილამდე მივიდა, სადაც ესაია მაცხოვრის შობას წინასწარმეტყველებს: „აჰა ესერა, მიუდგეს ქალწული და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემანუელ“, - სვიმეონი შეცბა და ისე განკვირდა, თითქოს პირველად წაიკითხაო ეს სიტყვები. „როგორ შეიძლება, ქალწულმა მამაკაცის გარეშე შობოს ყრმაო“, - გაიფიქრა და დანა აიღო, რათა სიტყვა „ქალწული“ ამოეფხიკა და მის ნაცვლად „დედაკაცი“ ჩაეწერა. ამ დროს მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და შეაჩერა: „სვიმეონ, გწამდეს, რაც წერია და საკუთარი თვალით იხილავ, როგორ აღსრულდება ეს სიტყვები, რამეთუ არ მოკვდები, სანამ არ იხილავ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს“.

განეშორა უფლის ანგელოზი და წმიდა სვიმეონისთვის დრო თითქოს გაჩერდა. სული მისი გადასახლდა ღვთის სამყაროში, დროისა და სივრცის მიღმა.

გადიოდა წლები, ათწლეულები, ასწლეულები; სვიმეონის თვალწინ იბადებოდნენ, იზრდებოდნენ და იხოცებოდნენ თაობები, მღვდელმთავარნი და ერისმთავარნი ისრაელისა. მის თვალწინ ჩაიარა იმ საშინელმა დღეებმა, როცა ურჯულო მტერმა შეურაცხყო წმიდათაწმიდა, როცა სირიის მეფე მანტიოქოს ეპიფანემ იერუსალიმის ტაძარში იუპიტერის კერპი დაადგმევინა და იუდეველებს თაყვანისცემა აიძულა, როცა პტოლემეოს ფილოპატორმა იუდეველებზე სპილოების ჯოგი მიუშვა, როცა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა ზეუარის გამო ნაკუწებად აქციეს სოლომონია და მისი შვიდი შვილი. მოესწრო იმ ბედნიერ დღეებსაც, როცა იუდა მაკაბელმა მტერი დაამარცხა, განწმინდა იერუსალიმის ტაძარი და მსხვერპლი შესწირა უფალს. მოესწრო სვიმონ მაკაბელს, სოლომონ მეფისსა დარს, ისრაელის მღვდელმთავარსა და მხედართმთავარს... გავიდა სამნახევარ საუკუნეზე მეტი წმიდა სვიმეონის ამა სოფელში ყოფნისა. და ნიელის ნაწინასწარმეტყველევი რკინის სამეფო (რომაელთა ბატონობის ჟამი) კარგა ხანია დამდგარიყო. იუდას ტომსაც მოაკლდნენ მთავარნი და წინამძღოლნი. ისრაელში მეფობდა უცხო ტომელი ჰეროდე იდუმიელი, პატივმოყვარე, სასტიკი და გულქვა მბრძანებელი, რომელმაც საკუთარი ცოლ-შვილი დახოცა, მეფობაში რომ არ შესცილებოდნენ. აი, სწორედ ამ კაცმა აღუდგინა ისრაელს იერუსალიმის ტაძარი, რომელიც სოლომონისეულზე ორჯერ მაღალი იყო. მისი ოქროთი მოჭედილი კედლები მზის სხივებზე თვალისმომჭრელად ელვარებდა. თითქოს ტაძარიც კი მაცხოვრის დაბადებას წინასწარმეტყველებდა. ჰაერი მესიის მოლოდინით იყო დამუხტული. ნაწილი ისრაელისა ელოდა კაცს, რომელიც მათ რომაელთა ბატონობიდან იხსნიდა, ნაწილი კი - დედაკაცის თესლს, რომელიც ღმერთი იქნებოდა მათი, მაცხოვარი.

აი, მოვიდნენ სპარსნიც, რომელნიც ჰურიათა მეფის დაბადებას აუწყებდნენ მათ. აღელდა ისრაელი, „მოლოდებაი მათი განმძაფრდა“.

ერთხელ წმინდა სვიმეონი სახლში იჯდა და ლოცულობდა. „ამას ილოცვიდა, რაითამცა უწყებული იგი სულისა წმიდისაი იხილა... და მუნ ქუესვე აუწყა მას სულმან წმიდამან და ჰრქუა: „აღდეგ, მოხუცებულო, რად ჰზი? აღდეგ და მირბიოდე ტაძრად, რამეთუ მოვიდა გამტევებელი შენი. განაგე სახლი შენი და განჰმზადე სამკვიდროი შენი, რამეთუ მოწევნულ არს ჟამი შენი და წინასწარმეტყველებდ ტაძარს ამას შინა“. მეყსეულად წამოდგა სვიმეონი და ტაძარს მიაშურა. იმ დღეს მრავალ დედას მოჰყავდა ტაძრად ყრმა პირველშობილი. აგერ, წმინდა მარიამიც გამოჩნდა მართალ იოსებთან ერთად. მათ ორმოცი დღის იესუ მოჰყავდა, ღარიბულ საფენებში გახვეული, მაგრამ ზეციური ნათლით მოსილი. იუდეველთა წესისამებრ, იგი, პირველშობილი ყრმა, ღვთისთვის უნდა შეეწირათ. სული წმიდის მინიშნებით წმინდა სვიმეონი მიხვდა, რომ სწორედ ის ყრმა იყო მაცხოვარი. აღელდა მოხუცი, გაიქცა მისკენ და შესძახა: „გზა მომეცით, რაითა მივეახლო წმიდასა მას და სასურველსა და ვიხილო, რომელსა იგი წინაითვე ვუხილავ! დედანო, საკურთხევლისკენ რომ მიგყავთ თქვენი პირველშობილნი, მიჰგვარეთ ამ ყრმას, რომელი უწინარეს აბრაამისა არს და მსხნელია ისრაელისა!“ მიეახლა კრძალვით ყრმა იესუს სვიმეონი, მიირქვა, მიიწვინა თავის მკლავებზე და წარმოთქვა, ვითარცა გედმა სიკვდილის წინ: „აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი... აწ განუტევე, უფალო, რამეთუ მრავალი ტკივილი განუცდია შენს მოლოდინში, შენი ხილვით გამოწვეულ სიხარულში განუტევე, უფალო, და ნუ აცქერინებ ჰურიათა მიერ შენ ზედა კადრებას... ნუმცა ვიხილავ გვირგვინსა მას ეკლისასა, - ღაღადებდა სვიმეონი, - ნუმცა მონისა მიერ ყურიმლის ცემასა, ნუცა ლახვარსა გვერდსა შენსა ცემულს ვიხილავ... განმიტევე, უფალო, რაითა წარვიდე და ვახარო ძველი აღთქმის მართალთ - აბრაამს, ესაიას, მამასა შენსა დავით წინასწარმეტყველს - შენი მობრძანება“.

განუკვირდათ ყოვლად წმიდა მარიამსა და მართალ იოსებს, საიდან იცისო ამ კაცმა ეს დიდი საიდუმლო, რატომ შეჰღაღადებსო ყრმას, ვითარცა უფალს „ძველდღეთასა“, რომელსაც აქვსო მეუფება სიკვდილსა და სიცოცხლეზე. წმინდა სვიმეონმა ნეტარი მშობლებიც აკურთხა, ხოლო წმინდა მარიამს უთხრა: „აჰა, ესერა დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაელსა შორის...“ დაცემად ურწმუნოთათვის იტყოდა და აღდგომად მორწმუნეთათვის: დაეცემა ძველი იგი კრებული ჰურიათა და აღემართება ახალი აღთქმისეული ეკლესია, დაეცემა იუდა და აღდგება მატათა, დაეცემა მარცხენით ჯვარცმული ავაზაკი, მაბრალობელი უფლისა, და აღდგება მარჯვენით ჯვარცმული, მორწმუნე მისი.

„და თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილ, - მიმართა წმინდა მარიამს სვიმეონმა, - რათა განცხადნეს მრავალთაგან გულის ზრახვანი“... მოწამეობრივად კი არ აღესრულო, არამედ ოდეს თორმეტი წლის ყრმა იესო იერუსალიმში დაგეკარგოს და იპოვო მხოლოდ მესამე დღეს, გული შენი დიდმა ურვამ განკვეთოს; უფრო დიდმა მწუხარებამ, ვითარცა სულიერმა მახვილმა, განვლოს მასში, ოდეს იხილო ძე შენი ჰურიათაგან ჯვარცმული, რამეთუ მას, ვინც ტკივილის გარეშე შობე, მწუხარებით გააცილებ ამა სოფლიდან.

ყრმა იესოს მიეახლა წმინდა ანა, ფანუელის ასული, ასერის ტომიდან, ოთხმოცდაათი წლის ქვრივი, რომელმაც მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან და შემდგომად მისი გარდაცვალებისა ტაძარს არ განშორებია, დღეებს მარხვასა და ლოცვაში ატარებდა და მოელოდა მეუფეს ისრაელისას. მანაც თაყვანი სცა ყრმას და სვიმეონთან ერთად ქადაგებდა იერუსლიმის ტაძარში მაცხოვრის შემობრძანებას.

შურითა და ბოღმით აივსნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი, წავიდნენ და ყოველივე ჰეროდეს მოახსენეს. მეფემ სასწრაფოდ დააგზავნა მხედრები ღვთაებრივი ყრმის შესაპყრობად, მაგრამ უფლის ანგელოზის მიერ გაფრთხილებული მარიამი და იოსები უკვე გალილეას, ნაზარეთს მიაბრძანებდნენ მაცხოვარს.

წმინდა სვიმეონი მალევე გარდაიცვალა. აღესრულა წმინდა ანაც. გარდაიცვალდნენ მართალნი ღვთისანი და აბრაამის წიაღში განისვენეს. ისინი იყვნენ დასასრულნი სჯულისა და დასაბამნი მადლისა, ნათესავით ჰურიანი, გარნა მადლითა ქრისტიანენი. ნეტარ იყვნენ თვალნი მათნი და ხელნი მათნი, მხილველნი და მტვირთველნი ყრმა იესოსი... ნეტარ ვარ მე და შენც, ჩემო მკითხველო, რამეთუ „შენც გინახავს მაცხოვარება ღვთისა არანაკლებად, ვიდრეღა სვიმეონ მართალსა. მან მხოლოდ ჩვილი იესო იხილა, შენ კი სულიერითა თვალითა და სარწმუნოებითა გიხილავს იესუ ქრისტე, აღმასრულებელი ჩვენისა ცხოვრებისა, ჯვარცმული, აღდგომილი მკვდრეთით, და თვით მისი სისხლი და ხორცი მიგიღია“.

წმიდა გაბრიელ ქიქოძე


19 იანვარი. ნათლისღება-განცხადება უფლისა ღმრთისა და მოცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი !

posted Jan 19, 2018, 10:16 AM by Mamao Thoma   [ updated Jan 19, 2018, 10:37 AM ]


19 იანვარი


ნათლისღება-განცხადება უფლისა ღმრთისა და მოცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი!



ტროპარი: რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გდვა შენ, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა.

კონდაკი: განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი უფალო აწ მოისახა ჩუენ ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა და განსცხადენ ნათელო შეუხებელო.



საუბარი ქრისტეს ნათლისღების დღესასწაულზე

წმიდისა იოანე ოქროპირისა კონსტანტინეპოლის არქიეპისკოპოსისა


ვიტყვით რასმე ამჟამინდელ დღესასწაულზე. ბევრი დღესასწაულებს აღნიშნავენ და მათი სახელწოდებანიც იციან, მაგრამ არ უწყიან რა მიზეზის გამო არიან ისინი დაწესებული. ასე მაგალითად ის, რომ დღევანდელი დღესასწაული ღვთისგანცხადებად იწოდება, ყველასთვის ცნობილია, მაგრამ როგორი ღვთისგანცხადებაა იგი და ერთია თუ ორი, ეს არ იციან. სირცხვილია, ყოველ წელს დღესასწაულობდე და არ იცოდე დაწესების საბაბი.

ამიტომაც უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ითქვას, რომ ღვთისგანცხადება ერთი კი არ არის, არამედ ორი: ერთი ამჟამინდელი, რომელიც უკვე აღსრულდა, ხოლო მეორე კი მომავალი, რომელიც დიდებით აღსრულდება ქვეყნიერების დასასრულს. ერთზეც და მეორეზეც დღეს პავლესაგან გესმათ, რომელიც საუბრობს რა ტიტესთან, ამგვრად იტყვის აწინდელზე: „გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისაჲ მაცხოვრად ყოველთა კაცთა, სამოძღვრებელად ჩუენდა, რაჲთა უარვყოთ უღმრთოებაჲ და სოფლისა გულის-თქმაჲ, სიწმიდით და სიმართლით და ღმრთის მსახურებით ვცხონდებოდით ამას სოფელსა და მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებისა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა“ (ტიტ. 2,11-13).1X წინასწარმეტყველმაც ამ უკანასკნელზე თქვა: „მზე დაბნელდება და მთვარე გასისხლიანდება, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიდი და საშინელი“ (იოველი 3,4). რისთვისაა, რომ ღვთის განცხადებად იწოდება არა ის დღე, როდესაც უფალი იშვა, არამედ დღე, როდესაც მან ნათელ-იღო? დღე დღევანდელი სწორედ იგია, როდესაც მან ნათელ-იღო და წყლის ბუნება აკურთხა. სწორედ ამიტომაც ამ დღესასწაულზე ყველა წყალს აღმოივსებს თავისთვის და მიაქვს სახლში და ინახავენ მთელი წლის განმავლობაში, რამეთუ ამ დღეს წყლები იკურთხევა; და ხდება აშკარა ნიშ-სასწაული: დროთა განმავლობაში ეს წყალი თავის არსებაში არ ფუჭდება, არამედ დღეს აღმოვსებული მთელი წელი, ხშირად კი ორი და სამი წელიც კი გაუხრწნელი და ახალთ-ახალი რჩება და მრავალი ხნის შემდეგაც არაფრით ჩამოუვარდება წყაროდან სულ ახლახანს ამოვსებულ წყალს. რის გამო იწოდება ღვთისგანცხადებად ეს დღე? იმის გამო, რომ ქრისტე ყველასთვის ცნობილი იმ დღეს კი არ გახდა, როცა იშვა, არამედ იმ დღეს, როდესაც ნათელს-იღო; მანამდის იგი ხალხისთვის უცნობი რჩებოდა. იმის შესახებ, რომ ხალხი მას არ იცნობდა და გულის-ხმაში ვერ მოდიოდა, მოუსმინე იოანე ნათლისმცემელს, რომელიც ამბობს: „თქვენს შორის დგას ის, ვისაც არ იცნობთ“ (იოანე 1,26). და განა გასაკვირია, რომ ხალხი არ იცნობდა მას, რამეთუ თავად იოანეც იმ დღემდე არ იცნობდა მას? „მე არ ვიცნობდი მას; მაგრამ ჩემმა მომავლინებელმა წყლით ნათლის-ცემად, მითხრა: ვისზედაც იხილავ სულს გადმომავალს, და დავანებულს მასზე, სწორედ იგია სული წმიდით ნათლისმცემელი“ (იოანე 1,33). მაშ ასე, აქედან სჩანს, რომ - ორია ნათლის-ღება, ხოლო ქრისტე რისთვის მოვალს ნათლის-ღებად და რომელ ნათლის-ღებად, ამასთან დაკავშირებით აუცილებელია ითქვას: რამეთუ ესეც აუცილებელია ვიცოდეთ, ისევე როგორც ის. და ჯერ-არს თქვენს სიყვარულს წინასწარ ვუთხრა ამ უკანასკნელზე: რამეთუ აქედან შევიტყობთ პირველზეც. იყო ნათლის-ღება იუდაური, რომელიც სხეულებრივ არაწმინდებას განწმენდდა, მაგრამ არა სინდისის ცოდვებს. ასე მაგალითად, როდესაც ვინმე იმრუშებდა, ან ქურდობას ხელს მიჰყოფდა, ანდა რომელსამე სხვა ცოდვას ჩაიდენდა, ამის მოქმედს იგი დანაშაულისაგან არ ანთავისუფლებდა. ხოლო ვინც მიცვალებულის ნეშტს შეეხებოდა, ვინც სჯულით აკრძალულ საჭმელს იხმევდა, ვინც გადამდები სნეულების მქონესთან იქონიებდა ურთიერთობას, ვინაც კეთროვანს ეზიარებოდა, იგი განიბანებოდა და საღამომდე იყო არაწმინდა, ხოლო შემდეგ განიწმინდებოდა. „წყალში განიბანოს, - ნათქვამია წმ. წერილში, - და საღამომდე გაუწმინდურებული იქნება“ (ლევიანნი, 15,5; 22,4). ყველაფერი ეს ნამდვილად ცოდვა და არაწმინდება როდი იყო, მაგრამ რამდენადაც იუდეველები სრულყოფილნი არ ყოფილან, ამდენად ღმერთი მათ ამ გზით უფრო ღვთისმოსავთ ხდიდა, დასაწყისშივე უფრო მნიშვნელოვანის უზუსტესად აღსრულებას აჩვევდა.

მაშასადამე იუდაური განბანვა ცოდვებისაგან კი არ ანთავისუფლებდა, არამედ მხოლოდ სხეულებრივი არაწმინდებისაგან. ამგვარი როდია ჩვენი :იგი შეუდარებლად მაღლა დგას, უდიდესი მადლით აღსავსეა, რამეთუ ცოდვისაგან ანთავისუფლებს, განწმენდს სულს და მოსცემს სული წმიდის ნიჭს. იოანესეული ნათლობაც იუდაურზე ბევრად მაღლა იდგა, მაგრამ ჩვენსაზე დაბლა: იგი თითქოსდა ხიდი იყო ორ ნათლისღებას შორის, თავით თვისით პირველი უკანასკნელთან რომ მიჰყავდა; ვინაიდან იოანე სხეულებრივი განწმენდით კი არ ხელმძღვანელობდა, არამედ მის ნაცვლად შეაგონებდა და ურჩევდა მანკიერებათა დატოვებით სათნოებებს მიახლებოდნენ და ცხონების იმედი კეთილ საქმეთა აღსრულებაში ჰგულვებოდათ და არა წყლით მრავლგვარ განბანვასა და განწმენდაში. იოანე არ ამბობდა: განრეცხე სამოსელი შენი, განბანე სხეული შენი, და იქნები წმინდა, არამედ რას? „გამოიღეთ ნაყოფი, ღირსი სისნანულისა“ (მათე 3,8). ამიტომაც იგი იუდაურზე მაღლა იდგა, მაგრამ ჩვენსაზე დაბლა: იოანესეული ნათლის-ღება არ ანიჭებდა სული წმიდას და არ მოჰქონდა მადლიანი შენდობა: იგი მცნებად უსახავდა შეენანათ, მაგრამ ხელმწიფება არ გააჩნდა ცოდვები მიეტევებინა. სწორედ ამიტომაც იტყოდა იოანე: მე წყლით გნათლავთ... ხოლო ჩემს შემდეგ მომავალი... მოგნათლავთ სული წმიდით და ცეცხლით“ (მათე 3,11). აშკარაა, რომ იგი (იოანე) სულით არ ნათლავდა. რაღას ნიშნავს: „სული წმიდით და ცეცხლით“? მოიგონე დღე იგი, როდესაც მოციქულებსმოევლინათ ალივით გაყოფილი ენები, რომლებიც დაეფინა თითოეულ მათგანს“ (მოც. საქმე 2,3). ხოლო იოანეს ნათლობა რომ სული წმიდასა და ცოდვათა მიტევებას არ ანიჭებდა, სჩანს შემდეგიდან: პავლეშეხვდა ზოგიერთ მოწაფეს, და უთხრა მათ: მიიღეთ კია სული წმიდა, როცა ირწმუნეთ? ხოლო მათ უთხრეს: არც გაგვიგია, არის თუ არა სული წმიდა. უთხრა მათ პავლემ: იოანე ნათელ-სცემდა სინანულის ნათლისცემით“, - სინანულისა, მაგრამ არა ცოდვათა მიტევებისა; მაგრამ რიღასთვის ნათელ-სცემდა? „ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ესე იგი, იესუ ქრისტე. ეს რომ გაიგონეს ნათელ-იღეს უფლის იესუს სახელით. და დაასხა მათ ხელი პავლემ, და გადმოვიდა მათზე სული წმიდა“ (მოც. საქმე 19,1-6). ხედავ, რამდენად არასრულყოფილი იყო იოანესეული ნათლის-ღება? ვინაიდან, თუკი ის არ იქნებოდა არასრუყოფილი, მაშინ პავლე ხელახლა არ მონათლავდა, და ხელებს არ დაასხამდა მათ; აღასრულა რა ერთიცა და მეორეც აჩვენა სამოციქულო ნათლის-ღების უპირატესობა და ის, რომ იოანესეული ნათლის-ღება ბევრად უფრო დაბლა იდგა. მაშ ასე, აქედან ჩვენ შევიტყვეთ განსხვავება ნათლის-ღებათა შორის; ახლა კი აუცილებელია ვთქვათ, რად მოინათლა ქრისტე და რომელი ნათლის-ღებით? არც უწინდელით - იუდაურით, არც გვიანდელით - ჩვენით; რამეთუ არ საჭიროებდა იგი ცოდვათა მიტევებას; როგორაა ეს მისთვის შესაძლებელი, ვისაც არანაირი ცოდვა არ გააჩნდა? „არ შეუცოდავს, - ნათქვამია წმ. წერილში, - არ დასჩენია ზაკვა მის ბაგეს“ (1 პეტრესი 2,22). და კიდევ: „რომელი თქვენგანი მამხილებს მე ცოდვაში?“ (იოანესი 8,46). და ხორცნი მისი უზიარებელი როდი იყო სული წმიდას, რომელიც დასაწყისშივე სული წმიდით იყო წარმოქმნილი? და რაკიღა ხორცნი მისი უზიარებელი არ იყო სული წმიდას და თვითონაც არ ექვემდებარებოდა ცოდვას, მაშ რიღასთვის მოინათლა? მაგრამ მანამდე უნდა გავიგოთ თუ როგორი ნათლისღ-ღებით მოინათლა იგი, რის შემდეგ გასაგები გახდება ისიც. როგორიღა ნათლის-ღებით მოინათლა იგი? - არც იუდაურით, არც ჩვენით, არამედ იოანესი. რისთვის? იმისთვის, რომ თვით ნათლობის ხასიათიდან შეიცნო, რომ იგი ცოდვის მიზეზით არ ინათლებოდა და სული წმიდის ნიჭსაც არ საჭიროებდა; რამეთუ როგორც ჩვენ ვაჩვენეთ, ეს ნათლი-ღება შორს იდგა როგორც ერთისგან, ისე მეორისგან. აქედან ჩანს, რომ იგი იორდანესთან არც ცოდვათა მიტევებისათვის მოდის და არც სული წმიდის ნიჭის მისაღებად. მაგრამ იქ მყოფთაგან ზოგიერთს რომ არ ეფიქრა, სხვებსავით სინანულისთვის მოდისო, მოისმინეთ, იოანემ როგორ გაითვალისწინა ესეც. მაშინ, როცა სხვებს ეუბნებოდა: „გამოიღეთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა“, ისმინეთ, რას ეუბნება იგი მაცხოვარს: „მე მმართებს შენგან მონათვლა და შენ მოდიხან ჩემთან“ (მათესი 3,8,14); ამ სიტყვებით მან აჩვენა, რომ ქრისტეც იმავე საჭიროებისთვის არ მოდის მასთან, რისთვისაც ხალხი და რომ ნათლის-ღების საჭიროებისაგან იგი იმდენადვე შორს იდგა, რამდენადაც თვით ნათლისმცემელზე შეუდარებლად წმინდა და მაღლა მდგომი იყო. მაშ, რიღასთვის მოინათლა იგი თუკი მან ეს არ მოიმოქმედა არც სინანულისთვის, არც ცოდვათა მისატევებლად, არც სული წმიდის ნიჭის მისაღებად? სხვა ორი მიზეზის გამო, რომელთაგანაც ერთზე მოწაფე ამბობს, ხოლოს მეორეზე კი თვით ეტყვის იოანეს. ამ ნათლის-ღების რომელი მიზეზი გამოთქვა იოანემ? ის, რომ ქრისტე ცნობილი გამხდარიყო ხალხისთვის, როგორადაც პავლეც იტყვის: „იოანე ნათელს-ცემდა სინანულის ნათლის-ცემით... რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი (მოც. საქმე 19,4); ეს იყო ნათლის-ღების შედეგი. თუ იოანე თითოელი მათგანის სახლთან მივიდოდა და კართან დამდგარი შინიდან გარეთ გამოიხმობდა და ქრისტეს ხელჩაჭიდებული იტყოდა: „ესაა ძე ღვთისა“, მაშინ ასეთი მოწმობა საეჭვო იქნებოდა და საქმე ესე ფრიად საძნელო; და თუ სინაგოგაში შეიყვანდა ქრისტეს და იქ დაამოწმებდა, მისი დამოწმება აქაც ეჭვს გამოიწვევდა; მაგრამ როდესაც ხალხთა სიმრავლე იორდანესაკენ მოისწრაფოდა და მის ნაპირებზე იდგა და როცა თვით მაცხოვარიც მოვიდა ნათლის-ღებისთვის და დამოწმება ზეგარდმო ზეციური მამისაგან მიიღო ხმით და სული წმიდის გარდამოსვლით ტრედის სახით, მაშინ მასზე იოანეს მოწმობა უეჭველი გახდა. ამიტომაც იტყვის იგი: „მე არ ვიცნობდი მას“, რითაც თავის დამოწმებას უტყაურს ხდის (იოან. 1,31). ისინი ხორციელი ნათესავები იყვნენ: „და აჰა, ელისაბედმაც, შენმა ნათესავმა, მუცლად იღო“, ეტყოდა მარიამს ანგელოსი იოანეს დედაზე (ლუკა 1,36); თუკი დედები იყვნენ ნათესაობაში ერთმანეთთან, ცხადია, - შვილებიც. ამიტომ რამდენადაც ისინი ნათესავები იყვნენ, ისე რომ არ გამოჩენილიყო, თითქოს იოანე ნათესაობის გამო მოწმობს ქრისტეზე, სული წმიდის მადლმა ისე მოაწყო, რომ იოანემ მთელი თავისი წარსული ცხოვრება უდაბნოში გაატარა, ვისმეს რომ არ ეფიქრა, მისი მოწმობა მეგობრობიდან ან რომელიმე მსგავსი მიზეზიდან მომდინარეობსო. იოანემ კი იმგვარად ამცნო მასზე, როგორც ღვთისგან იყო დასწავებული; ამიტომაც იტყვის იგი: „მე არ ვიცნობდი მას“. როგორღა იცანი? „ჩემმა მომავლინებელმა წყლით ნათლისცემად, მითხრა“. რა გითხრა მან? „ვისზედაც იხილავ სულს გადმომავალს, და დავანებულს მასზე, სწორედ იგია სული წმიდით ნათლისმცემელი“ (იოანე 1,33). ხომ ხედავ, რომ სული წმიდა მასზე ისე როდი გარდამოვიდა, როგორც პირველი გარდამოსვლისას მასზე, არამედ მის მიერ ქადაგებულზე, თითქოს თითით, ყველას მიუთითა, თავისი მოფენისას. ამა მიზეზის გამო მოვიდა ნათლის-ღებაზე. იყო სხვა მიზეზიც, რაზე თავადაც იტყვის; რომელი სახელდობრ? როდესაც იოანემ უთხრა: „მე მმართებს შენგან მონათვლა და შენ მოდიხარ ჩემთან?“ იესუმ ასე მიუგო: „დე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ ყოველი სიმართლე“ (მათე 3,14-15). ხედავ თვინიერებას მონისა? ხედავ სიმდაბლეს მეუფისა? რაღას ნიშნავს: „აღვასრულოთ ყოველი სიმართლე?“ სიმართლედ იწოდება ყოველი მცნების აღსრულება, როგორც თქმულ-არს: „ორივენი მართალნი იყვნენ ღმერთის წინაშე, და უმწიკვლოდ ასრულებდნენ უფლის ყველა მცნებასა და განაწესს“ (ლუკა 1,6). იმდენად, რამდენადაც ამ სიმართლეს უკლებლივ ყველა ადამიანი უნდა ასრულებდეს, მაგრამ არავინ დაიცვა იგი, ამიტომაც მოვალს ქრისტე და აღსრულებს ამ სიმართლეს.

კი მაგრამ რა სიმართლეა იმაში, იკითხავს ზოგიერთი, რომ მოინათლო? წინაწარმეტყველისადმი დამორჩილება იყო სიმართლე. ქრისტემ როგორადაც წინადაიცვითა, შესწირა მსხვერპლი, იცავდა შაბათს და მისდევდა იუდაურ დღესასწაულებს, იმგვარადვე მიამატა ესეც, დაემორჩილა ნათლისმცემელ წინასწარმეტყველს. ღვთის ნება იყო, რომ მაშინ ყველა მონათლულიყო, რაზედაც ყური მიუგდე იოანეს: „ჩემმა მამვლინებელმა წყლით ნათლის-ცემად“ (იოანე 1,33); ასევე ქრისტეც: „მთელმა ხალხმა და მებაჟეებმაც ადიდეს ღმერთი, და ნათელ-იღეს იოანეს ნათლის-ცემით. ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მოძღვრებმა უარყვეს ღმრთის ნება მათ მიმართ, და ნათელი არ იღეს მისგან“ (ლუკა 7,29-30). მაშასადამე, თუ ღვთისადმი დამორჩილება წარმოადგენს სიმართლეს, ხოლო ღმერთმა კი იოანე წარმოგზავნა, რათა ხალხი მოენათლა, ქრისტემ ყველა სხვა მცნებასთან ერთად ესეც აღასრულა. დავუშვათ, რომ სჯულის მცნებები ორასი დინარია; ეს ვალია, რომელიც ჩვენმა მოდგმამ უნდა გადაიხადოს; მაგრამ ჩვენ ვალი არ გადავიხადეთ და ასეთ დანაშაულში ჩავარდნილები, მოგვიცვა სიკვდილმა. მოვიდა ქრისტე და რა გვნახა სიკვდილით შეპყრობილები, გამოგვიხსნა ვალისაგან, ყველა, ვისაც არ შეგვეძლო გადახდა. ამიტომ მას არ უთქვამს: „ჩვენ გვმართებს ეს და ეს მოვიმოქმედოთ“, არამედაღვასრულოთ ყოველი სიმართლე“. „მე, მეუფეს მქონებელსა, - ამბობს ის, - ჯერ-მიჩნს გადავიხადო მათთვის, ვინც არმქონეა“. ასეთია მისი ნათლის-ღების მიზეზი, რათა ყველამ ნახოს, რომ მან აღასრულა მთელი სხული; და ეს მიზეზიცაა იმისა, რაზედაც ამაზე უწინ ითქვა. ამიტომაც გარდამოვიდა სული სახედ ტრედისა; რამეთუ, სადაც - ღმერთთან შერიგებაა, იქვეა ტრედიც. ასევე ნოეს კიდობანში ტრედმა მოიტანა ზეთისხილის რტო - ნიშანი ღვთის კაცთმოყვარებისა და წარღვნის შეწყვეტისა, და ამჯერადაც სახედ ტრედისა, და არა სხეულში, - ეს განსაკუთრებულად უნდა შევნიშნოთ - გარდამოხდა სული წმიდა, ამცნობდა რა ღვთის წყალობას ქვეყნიერებას და ამასთან აჩვენებდა, რომ სულიერი ადამიანი უბოროტო, უბრალო და უმწიკვლო უნდა იყოს, როგორც ქრისტეც იტყვის: „თუ არ მოიქცევით და არ იქნებით როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში“ (მათე 18,3). მაგრამ ის კიდობანი წარღვნის შემდგომ მიწაზე დარჩა, ეს კიდობანი კი მას შემდეგ რაც რისხვა შეწყდა, ცადაა აღყვანებული, და ამჟამადაც ეს უბიწო და უხრწნელი სხეული ჰგიეს მარჯვენით მამისა.

ვახსენე რა უფლის სხეული, მცირეოდენს ამაზეც ვიტყვი, ხოლო მერმე კი საუბარს განვასრულებ. დღეს დღესასწაულთან დაკავშირებით ბევრი მიეახლება წმ. ტრაპეზს. მაგრამ ბევრი მიეახლება თრთოლვისა და კრძალვის გარეშე, სხვისთვის მუჯლუგუნების რტყმით, მრისხანება მორეული, ყვირილით, წყევით, მოყვასის წყენით, დიდი აღშფოთებით... რითი ხარ, მითხარ მე, ადამიანო აღშფოთებული? რას მოუგვრია მოუსვენრობა? რა თქმა უნდა, აუცილებელი საქმეები მოგიხმობს შენ; ამ წუთში შენ განსაკუთრებულად გრძნობ, რომ საქმეები გაქვს, განსაკუთრებით გახსოვს,რომ მიწაზე ხარ და ადამიანებთან გაქვს ურთიერთობა? მაგრამ განა გაქვავებულ გულს არ სჩვევია იფიქროს, რომ ასეთ დროს შენ მიწაზე დგახარ და არ ზეიმობ ანგელოსებთან, რომლებთან ერთადაც ძლევის გალობას აღუვლენ ღმერთს? ამადაც გვიწოდა ქრისტემ არწივები, სთქვა რა: „სადაც ეგდება მძორი, იქვე შეგროვდებიან არწივნი“ (მათე 24,28), - რათა ჩვენ ზეცად აღვიწეოდეთ, მაღლა-მაღლა ვფრენდეთ, ამაღლებულნი ჩვენი სულის ფრთებით; ხოლო ჩვენ კი გველებივით ქვე-მძრომობთ მტვერში და მიწასა ვლოშნით. სადილზე მიწვეული, რომც დანაყრდე, მეგობრებზე ადრე მაინც ვერ ბედავ წამოხვიდე, ვიდრე ისინი ტრაპეზს უსხედან; აქ კი, როცა ჯერ ისევ გრძელდება მღვდელმოქმედება, შუა წირვაში ყველაფერს ტოვებ და გარეთ გამოდიხარ? შენდობას იმსახურებს ამგვარი საქციელი? რა გამართლება შეიძლება მოეძებნოს ამას? იუდა, ეზიარა რა უკანასკნელ სერობაზე იმ ბოლო ღამეს, აჩქარებით გამოვიდა, მაშინ როცა დანარჩენები ჯერეც ინახით ისხდნენ. აი, ვის ბაძავენ ისინი, ვინც სამადლობელ ლოცვებამდე გამოდიან (ტაძრიდან)! ის რომ არ გამოსულიყო, მიმცემელი არ შეიქმნებოდა; თანამოწაფენი რომ არ დაეტოვებინა, მაშინ არ დაიღუპებოდა; სამწყსოს რომ არ განშორებოდა, მგელიც არ მოინადირებდა და არ შთანთქავდა; მწყემმს რომ არ განცალკევებოდა, ნადირიც ვერ მოიტაცებდა. ამიტომაც ის (იუდა) იუდეველებთან იყო, ხოლო ესენი (მოციქულები) უფალთან ერთად გამოვიდნენ, მმადლობელნი. ხედავ განა, მსხვერპლშეწირვის შემდეგ თურმე რის მიხედვით აღესრულება უკანასკნელი ლოცვა? წარმოვიდგინოთ ეს, საყვარელნო, ვიფიქროთ ამაზე, შევუშინდეთ ამისთვის მოსალოდნელ განკითხვას. მოვუხდეთ წმიდა მსხვერპლს უდიდესი კეთილწესიერებით, შესაფერისი კეთილმოკრძალებით, რათა ღვთისაგან უფრო მეტი კეთილგანწყობა მოვიპოვოთ, განვიწმინდოთ სული ჩვენი და მივიღოთ საუკუნო სიკეთე, რომლისაცა ღირს-ვიქმნეთ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, რომლისა თანა შვენის დიდება და ხელმწიფება მამასა, სული წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,

ამინ.

 

 


14 იანვარი. წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

posted Jan 13, 2018, 6:50 AM by Mamao Thoma   [ updated Jan 14, 2018, 5:01 AM ]

14 იანვარი

წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი





იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრება და მასთან დაკავშირებული მოვლენები - შობა, მირქმა, ნათლისღება, ფერისცვალება, იერუსალიმს დიდებით შესვლა და სხვანი - ქრისტიანობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათ, გარდა ისტორიული თუ პოლიტიკური შინაარსისა, აქვს ღრმა მისტიკური მხარეც. ამ მოვლენათა გამოწვლილვით შესწავლა გვეხმარება, ჩვენც გავიაროთ ის გზა, ღვთის ძემ რომ განვლო, მივბაძოთ მას, ვიტვირთოთ საკუთარი ჯვარი, ვძლიოთ ჩვენს ცოდვებსა და ვნებებს და ქრისტეში გავიზარდოთ.

შეიძლება ვინმემ იკითხოს: რა საჭირო იყო განკაცებულ უფალს გაევლო ჩვილობა, ყრმობა, სიჭაბუკე? ნუთუ გაუჭირდებდოა, პირდაპირ ზრდასრული კაცის სხეული შეემოსა და ასე გამოეხსნა კაცობრიობაო? რაღა თქმა უნდა, ღმერთს ყოველივე ძალუძს, მაგრამ მაცხოვრის ჯვარცმიდან სულ მალე გაჩნდა უამრავი სექტა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იესომ, ძე კაცისამ და ღვთის ძემ, მხოლოდ მოჩვენებითად შეიმოსა კაცობრივი სხეული და ასე აღასრულა თავისი ღვაწლი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენს გამოხსნაში ადამიანური ბუნება არ მონაწილეობდა. ეს კი დიდი შეცდომაა, ვინაიდან გამოხსნის აზრი სწორედ ეს გახლავთ: ადამიანმა შესცოდა და ადამიანსვე უნდა გამოესყიდა ეს შეცოდება. დღესაც მრავალი სექტა ავრცელებს ამ მცდარ სწავლებას. და ეს მაშინ, როცა ქრისტე ჩვეულებრივი ადამიანივით იშვა და გაიზარდა; რაღას იტყოდნენ, მაცხოვარს პირდაპირ მოწიფული მამაკაცის სხეული რომ შეემოსა?

აი, რატომაა მნიშვნელოვანი წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. იგი მიგვანიშნებს, რომ რვა დღის ბავშვი არა მოჩვენებითი, არამედ რეალური ხორცით წინადაიცვითა მამამთავარი აბრაამისა და მისი შთამომავლობისათვის უფლის მიერ მიცემული აღთქმის მოსაგონებლად: „რვა დღისამ წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა თაობიდან თაობამდე“ (დაბ. 17,12). მას შემდეგ ყველა ებრაელი მამაკაცი აღასრულებს ამ წესს. ის კი არა, აბრაამის პირველი შვილის, ისმაელის გამო, რომელიც მამამ ისააკთან ერთად 13 წლისა წინადაცვითა, მისი შთამომავალნიც - არაბები წინადაიცვითებიან, თუმცაღა, ებრაელთაგან განსხვავებით, 13 წლიდან.

იუდეველები ამ წესს ისე მკაცრად იცავდნენ, რომ წინადაცვეთის გამო შაბათის უქმესაც კი არღვევდნენ. შობიდან მერვე დღეს წინადაიცვითა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემაც - თვით სჯულის შემოქმედმა აღასრულა სჯულის მოთხოვნა, რათა ჩვენთვის ღვთაებრივი ნების მორჩილების მაგალითი ეჩვენებინა. უფალმა წინადაიცვითა და ამით დაადასტურა, რომ ჭეშმარიტად შეისხა ხორცი. ამ წესის აღსრულებისას დაერქვა იესო - სახელი, რომელიც ყოვლადწმინდა ქალწულს აუწყა მთავარანგელოზმა მის ჩასახვამდე („იესო“ სწორედ „მაცხოვარს“ ნიშნავს და იმაზე მიგვანიშნებს, რომ ქრისტე სამყაროს გამოსახსნელად განკაცდა): „როგორც კი რვა დღე შესრულდა მის წინადასაცვეთად, დაარქვეს მას სახელი იესო, ანგელოზის მიერ დარქმეული მუცელში ჩასახვამდე“ (ლკ. 1,21). არც ერთ აპოკრიფულ სახარებაში წინადაცვეთაზე არაფერია ნათქვამი, არც ერთში, გარდა „არაბული სახარებისა“ იესოს ბავშვობაზე, სადაც ამბავი შემაძრწუნებელი დეტალებით არის მოთხრობილი. ეს არ იყო ისეთი მოვლენა, ისინი რომ დაინტერესებულიყვნენ, ვისაც საღვთო ისტორიაში თავისი გამონაგონის ჩართვა სურდა, მაგრამ ქრისტიანთათვის უფლის წინადაცვეთას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა - ის ადასტურებდა, რომ ქრისტე მოვიდა არა ძველი რჯულის გასაუქმებლად, არამედ აღსასრულებლად: „რამეთუ ესრეთ შუენის ჩვენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე“ (მათ. 3,15). უფალმა მიიღო წინადაცვეთა, როგორც მოსეს რჯულის პირველი დადგენილება. აი, რას წერს პავლე მოციქული: „და როცა მოვიდა სისავსე დროისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისაგან იშვა და დაემორჩილა იგი რჯულს რჯულის ქვეშ მყოფთა გამოსასყიდად, რათა მიგვეღო  (ღმერთის) შვილობა“ (გალ. 4,4). ამგვარად, მაცხოვარს წინადაცვეთა რომ არ მიეღო, მას არავინ აღიარებდა მესიად, აბრაამის შთამომავლად. იესო ქრისტემ სიყრმეშივე დაითმინა ტკივილები, რათა ჩვენთვის სულიერი წინადაცვეთა ესწავლებინა. მსგავსად აღმოსავლეთისა, მზის ჩასვლის დროს დასავლეთიდან რომ ირეკლავს სინათლეს, ბეთლემიც გოლგოთის მაუწყებელი იყო და ყრმის აკვანიც კი მაცხოვრის ჯვარზე ვნების ჩანასახს ატარებდა. ამასთან, წინადაცვეთა სახე იყო ნათლისღებისა, რადგან, ისევე როგორც წინადაცვეთა კვეთს სხეულისგან მის არათუ საჭირო რამ ნაწილს, არამედ უვარგის ზედმეტობას, ასევე წმინდა ნათლისღების გზითაც ცოდვა მოგვეკვეთება, ხოლო ეს ცოდვა, ცხადია, არის წადილის ზედმეტობა და არა საკუთრივ საჭირო წადილი (რადგან შეუძლებელია, რომ ვინმეს საერთოდ არაფერი სწადდეს ანდა საერთოდ არ ეგემოს სიამოვნება), რამეთუ ცოდვა იგივეა, რაც სიამოვნების უვარგისობა ანუ უვარგისი წადილი და სიამოვნება, რასაც გადაჰკვეთს, მოჰკვეთს, ე.ი. „წინადასცვეთს“ წმინდა ნათლისღება, ნიშნად გვანიჭებს რა პატიოსან ჯვარს შუბლზე, თუმცა არა სხვა ხალხებისგან ჩვენს გამოსაყოფად (რადგან ყველა ხალხი მიახლებულია ნათლისღებას და აღბეჭდილია ჯვრის ნიშნით), არამედ - ყოველ ხალხში მორწმუნის გასამიჯნავად ურწმუნოსაგან.

ამგვარად, როდესაც გაცხადდა ჭეშმარიტება, უსარგებლო გახდა სახე და აჩრდილი (ანუ წინადაცვეთა). ასე რომ, ამჟამად წინადაცვეთა ზედმეტიცაა და ეწინააღმდეგება კიდეც წმინდა ნათლისღებას, რადგან წინადაცვეთილი მოვალეა დაიცვას მოსეს რჯული, უფალმა კი წინადაიცვითა სწორედ იმიტომ, რომ დასრულებულიყო რჯული. მან დაიცვა აგრეთვე მთელი სჯული და შაბათი, რომ დაესრულებინა და გაეჩერებინა რჯული, მაგრამ როდესაც ნათელიღო და სულიწმინდა მტრედის სახით გამოუჩნდა ადამიანებს, ქვედაეშვა რა მასზე, ამის შემდეგ უკვე სულიერი მსახურება და მოღვაწეობა და ცათა სასუფეველი იქადაგა.

ცნობები, აღმოსავლეთის ეკლესიაში წინადაცვეთის დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოგვეპოვება. დღესასწაულის კანონი ღირსმა სტეფანე საბაიტელმა შექმნა.


მოამზადა მღვდელმა  ლევან მათეშვილმა

ჟურნალი „კარიბჭე“, № 1 (32), 2006 წ.


7 იანვარი (25 დეკ). შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

posted Jan 6, 2018, 12:56 PM by Mamao Thoma   [ updated Jan 7, 2018, 1:41 AM ]

7 იანვარი

შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი



მაცხოვარი სოფლისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან იშვა იუდეის ბეთლემში იმპერატორ ავგუსტუს ოქტავიანეს დროს. იმ ხანებში გამოვიდა ბრძანება, აღეწერათ რომის მთელი იმპერიის მოსახლეობა, რომლის ერთ პროვინციასაც პალესტინა წარმოადგენდა. ებრაელებს ჩვეულებად ჰქონდათ, საყოველთაო აღწერები ტომებისა და გვარების მიხედვით ჩაეტარებინათ. თითოეულ ტომსა და გვარს თავისი ქალაქები და მამამთავართა სახელებთან დაკავშირებული ადგილები ჰქონდა. რადგან მარიამი და იოსები დავით მეფის შთამომავლები იყვნენ, აღწერისთვის დავითის ქალაქში - იუდეის ბეთლემში ჩავიდნენ. ბეთლემში ჩასული მარიამისა და იოსებისთვის არც ერთ სასტუმროში არ აღმოჩნდა თავისუფალი ადგილი და ისინი იძულებულნი გახდნენ, ქალაქის განაპირას მდებარე ერთ გამოქვაბულს შეჰფარებოდნენ, რომელიც უამინდობისას პირუტყვთა სადგომს წარმოადგენდა. ამ გამოქვაბულში, პირუტყვთა საკვებად და საფენად მიმობნეულ თივასა და ჩალაში, ზამთრის ცივ ღამეში იშვა მაცხოვარი სოფლისა. უმტკივნეულოდ ნაშობი ჩვილი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თავად გაახვია სახვევებში და ბაგაში მიაწვინა, „რამეთუ არა იყო მათა ადგილ სავანესა მას“ (ლკ. 2,7). შუაღამის სიჩუმეში, მახლობლად, სოფელში მწყემსები „ველთა დგებოდეს და ჴუმილვიდეს საჴუმილავსა ღამისასა სამწყსოსა მათსა“. ანგელოზებმა პირველად სწორედ მათ ახარეს მხსნელის განკაცება: „ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა: რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა“ (ლკ. 2,10-11). მწყემსებმა გულითა და ჭეშმარიტი სარწმუნოებით თაყვანი სცეს ახალშობილ ჩვილს.

    მათ შემდეგ ახლად გაბრწყინებული უჩვეულო ვარსკვლავის წინამძღოლობით „მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალიმად. თაყუანისცემად მისა“ (მთ. 2,1-2) და, როცა იხილეს ყრმა მაცხოვარი, „დავარდეს და თაყუანის-სცეს მას; და აღაღეს საუნჯეთა მათთა, და შეწირეს მისა ძღუენი: ოქრო, გუნდრუკი და მური“ (მთ. 2,11): ოქრო - როგორც მეფეს, გუნდრუკი - როგორც ღმერთს და მური - როგორც ადამიანს.

ქრისტეშობის დღესასწაულს ეკლესია პირველი საუკუნიდან აღნიშნავს. მოციქულთა კანონებში ვკითხულობთ: „შობის დღესასწაულს უნდა უქმობდნენ, რადგან იგი ადამიანებს აძლევს სიხარულს მარიამ ქალწულისგან ამ სოფლის გადასარჩენად ღვთის სიტყვის შობით“.

IV საუკუნიდან როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ეკლესიები მაცხოვრის შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.



წმიდა მოციქულთასწორის ნინოს შემოსვლა საქართველოში (323)

posted Jun 2, 2017, 6:02 AM by Mamao Thoma   [ updated Jun 2, 2017, 6:05 AM ]

1 ივნისი ახალი სტილით (19 მაისი ძველი სტილით)

წმიდა მოციქულთასწორის ნინოს შემოსვლა საქართველოში (323)




წმიდა მოციქულთასწორის ნინოს შემოსვლა საქართველოში (+323). ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში მოციქულებმა იქადაგეს ქრისტიანობა, მაგრამ IV ს-ის დასაწყისისთვის ქვეყანა მაინც წარმართობის ტყვეობაში იყო.

ყოვლადწმიდა ქალწულის მინიშნებით ქართველთა ერის ქრისტეს ნათლით გასანათლებლად ივერიისკენ მოციქულთა სწორი ქალწული ნინო გამოემართა.

წმიდა ნინო ქალწულმოწამეებთან: რიფსიმესთან, გაიანესა და მათ ორმოცდაათ თანამოღვაწესთან (ხს. 30 სექტემბერს) ერთად სომხეთში ჩავიდა. წმიდა ქალწულთა მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ნინო ღვთაებრივი გამოცხადებით ფარავნის ტბას მიუახლოვდა და ჯავახეთის მთებით საქართველოში შემოვიდა. „ვარდი და ნუში ყუაოდა მას ჟამსა“, „მთანი ჩრდილოსანი“ კი, მიუხედავად ვარდობისთვისა, „სავსენი ჩნდეს თოვლითა და ჰაერითა სასტიკითა“.

საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმიდა მოციქულთასწორის ნინოს საქართველოში შემოსვლას დიდი ზეიმით აღნიშნავს. გარდა ამ დღისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ნინოს იხსენიებს მისი მიცვალების დღეს 14 (27) იანვარს.

 

(წმიდა ნინოს ცხოვრება და მოღვაწეობა იხილეთ 14 იანვარს).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.


1-10 of 33