მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება, ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

posted Apr 10, 2020, 3:37 PM by Mamao Thoma   [ updated Jan 12, 2022, 4:13 PM ]



მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება
ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ


მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება




მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება





იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიაჲთ, დაბისაგან მარიამისა და მართაჲსა, დისა მისისა. ესე იყო მარიამ, რომელმან სცხო ნელსაცხებელი უფალსა და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა ფერჴნი მისნი, რომლისაჲ ძმაჲ მისი ლაზარე სნეულ იყო. მიუვლინეს იესუს დათა მისთა და ჰრქუეს: უფალო, აჰა, რომელი გიყუარს, სნეულ არს. ხოლო ვითაცა ესმა იესუს, თქუა: ესე სნეულებაჲ არა არს სასიკუდინე, არამედ დიდებისათჳს ღმრთისა, რაჲთა იდიდოს ძე ღმრთისაჲ მისგან. უყუარდა იესუს მართა და დაჲ მისი და ლაზარე. ვითარცა ესმა, რამეთუ სნეულ არს, მაშინ და-ღა-ადგრა ადგილსა მას, სადაცა იყო, ორ დღე. მერმე ამისა შემდგომად ჰქუა მოწაფეთა თჳსთა: გუალეთ, წარვიდეთ კუალად ჰურიასტანად. ჰრქუეს მას მოწაფეთა: მოძღუარ, აწღა გეძიებდეს შენ ჰურიანი ქვისა დაკრებად, და კუალად მუნვე მიხუალა? ჰრქუა მათ იესუ: არა ათორმეტნი ჟამნი არიანა დღისანი? უკუეთუ ვინმე ვიდოდის დღისი, არა წარსცეს ფერჴი, რამეთუ ნათელსა ამის სოფლისასა ხედავს. და უკუეთუ ვინმე ვიდოდის ღამესა შინა, უბრკუმეს მას, რამეთუ ნათელი არა არს მას შინა. ესე თქუა და ამისა შემდგომად ჰრქუა მათ: ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა, არამედ მე მივიდე და განვაღჳძო იგი. ჰრქუეს მას მოწაფეთა: უფალო, უკუეთუ დაიძინა, ცხონდეს. ხოლო იესუ ჰრქუა სიკუდილისა მისისათჳს, და მათ ეგონა, ვითარმედ მძინარებისათჳს ძილისა თქუა. მაშინ ჰრქუა მათ იესუ განცხადებულად: ლაზარე მოკუდა. და მე მიხარის თქვენთჳს, რაჲთა გრწმენეს ჩემი, რამეთუ არა ვიყავ მუნ. არამედ მოგუალედ, მივიდეთ მისა. ჰრქუა უკუე თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, მისთანათა მათ მოწაფეთა: მოგუალეთ, მივიდეთ, რაჲთა მოვსწყდეთ ჩუენცა მისთანა.

და ვითარცა მოვიდა იესუ ბეთანიად, პოვა იგი, რამეთუ ოთხი დღე აქუნდა საფლავსა შინა. ხოლო იყო ბეთანიაჲ მახლობელ იერუსალჱმსა, ვითარ ათხუთმეტ ოდენ უტევენ.  და მრავალნი ჰურიათაგანნი მოსრულ იყვნეს მართაჲსა და მარიამისა, რაჲთა ნუგეშინის-სცენ მათ ძმისა მათისათჳს. ხოლო მართას ვითარცა ესმა, რამეთუ იესუ მოვალს, მიეგებვოდა მას, ხოლო მარიამ სახლსა შინა ჯდა. ჰრქუა მართა იესუს: უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი. არამედ და აწცა უწყი, ვითარმედ: რაჲცა-იგი სთხოო ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან. ჰრქუა მას იესუ: აღდგეს ძმაჲ შენი. ჰრქუა მას მართა: უწყი, რამეთუ აღდგეს აღდგომასა მას უკუანაჲსკნელსა დღესა. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე. და ყოველი რომელი ცოცხალ არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე. გრწამსა ესე? ჰრქუა მას მართა: ჰე, უფალო, მრაწამს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, მომავალი სოფლად. და ვითარცა ესე თქუა, წარვიდა და მოუწოდა მარიამს, დასა თჳსსა, იდუმალ და რქუა მას: მოღძუარი მოსრულ არს და გიწესს შენ. ხოლო მას ვითარცა ესმა, აღდგა ადრე და მივიდოდა მისა. რამეთუ არღა მოსრულ იყო იესუ დაბად, არმედ მუნღა იყო ადგილსა მას, სადაცა მიეგებვოდა მას მართა. ხოლო ჰურიანი იგი, რომელნი იყვნეს მისთანა სახლსა შინა და ნუგეშინის-სცემდეს მათ, ვითარცა იხილეს მარიამ, რამეთუ ადრე აღდგა და გამოვიდა, მისდევს მას, ჰგონებდეს, ვითარმედ საფლავად მივალს ტირილდ მისა. ხოლო მარიამ ვითარცა მოვიდა, სადა-იგი იყო იესუ, ვითარცა იხილა იგი, დავარდა ფერჴთა მისთა თანა და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუმცა აქა ყოფილ იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი. ხოლო იესუ ვითარცა იხილა იგი, რამეთუ ტიროდა, და მის თანა მოსრულნი იგი ჰურიანიცა ტიროდეს, შეძრწუნდა სულითა, ვითარცა რისხვით, და ჰრქუა მათ: სადა დასდევით იგი? ჰრქუეს მას: მოვედ და იხილე. და ცრემლოოდა იესუცა. იტყოდეს უკუე ჰურიანი იგი: აჰა ვითარ სამე უყვარდა იგი! ვიეთნიმე მათგანნი იტყოდეს: არამცა ეძლო ამას, რომელ მან აღუხილნა თუალნი ბრმასა, ყოფად რაჲმე, რაჲთამცა ესეცა არა მოკუდა? ხოლო იესუ კუალად, ვითარცა განრისხებული თავსა შორის თჳსსა, მოვიდა საფლავსა მას. ხოლო იყო ქუაბი, და ლოდი ზედა ედვა მას. ჰრქუა მათ იესუ: აღიღეთ ლოდი ეგე. ჰრქუა მას მართა, დამან მის მკუდრისამან: უფალო, ყროდისღა, რამეთუ მეოთხე დღე არს. ჰრქუა მას იესუ: არა გარქუ შენ, ვითარმედ, უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ? აღიღეს უკუე ლოდი იგი, სადა მდებარე იყო მკუდარი იგი. ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ მარადის ისმენ ჩემსა, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარე მომადგს მე, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე. და ესე ვითარცა თქუა, ჴმითა დიდითა ღაღატ-ყო: ლაზარე, გამოვედ გარე! და გამოვიდა მკუდარი იგი შეკრული ჴელით და ფერჴით სახუევლითა, და პირი მისი დაბურვილ იყო სუდარითა. ჰრქუა მათ იესუ: განჰჴსენით ეგე და უტევეთ, ვიდოდის.

მრავალთა უკუე ჰურიათაგანთა, რომელნი მოსულ იყვნეს მარიამისა და მართაჲსა, იხილეს, რომელ-იგი ქმნა იესუ, და ჰრწმენა მისა მიმართ.

იოანე 11, 1-45









ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ



ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ



  • დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.

  • და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!

  • და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ,

  • და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს.

  • და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲწარმეტყუელმან, რამეთუ " წელი ათასი - ვითარცა ერთი დღჱ",

  • და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ - ათასსა მარაგსა,

  • და ესე არს ოთხი დღჱ, და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკვდილითა ნათლის - ღებისა მისისაჲთა.

  • და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაიჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა,

  • და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც - და -ათოთხმეტი წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსვლითგან დღესამომდე.

  • და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ, ესე წილი ანბანისაჲ.

იოანე ზოსიმე




ტორონტოს ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის ფონდი

posted Apr 9, 2020, 8:16 PM by Mamao Thoma   [ updated May 5, 2020, 10:01 PM ]

ტორონტოს ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის ფონდი



 რთულია იმ განწყობის გადმოცემა, რომელიც თან მოაქვთ ეკლესიაში იმედჩასახულ ქართველებს. აქ ხშირად ნახავთ პირდაპირ საამქროდან ან მშენებლობიდან სამუშაო ფორმაში მოსულ ადამიანებს, რომელთაც ერთი სურვილი აერთიანებთ - შეინარჩუნონ და გააძლიერონ ქართული ეკლესია. ბედნიერად ვგრძნობთ თავს, როცა შემოწირულობებით შეგვიძლია დავფაროთ მიმდინარე ხარჯები. თუმცა, ხშირად ვართ ისეთ მდგომარეობაშიც, როცა ქირის და სხვა გადასახადების დასაფარავად განვადებას ვთხოულობთ. ჯერ-ჯერობით კანადის ქართულ სათვისტომოში არ არიან მატერიალურად უზრუნველყოფილი ადამიანები, რომელთა ქველმოქმედება სტაბილურობას შემატებდა ჩვენს საქმიანობას.

    ვრწმუნდებით, რომ ქართული ეკლესიის გაძლიერება საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩვენი ერის ერთიანობის შენარჩეუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.

    იმისათვის რომ ქართველ მართლმადიდებელ საზოგადოებას კანადაში გააჩნდეს საკუთარი ეკლესია, გახსნილია ბანკის ანგარიში რისი მეშვეობითაც მსურველთ შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ეკლესიის აღმშენებლობაში. 

    იმ პირებს რომელთაც სურთ შემოწირულობების გაღება ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის სამშენებლო ფონდში, შეუძლიათ გამოიყენონ ერთ-ერთი ქვემოთ მოყვანილი გადარიცხვის ხერხი:




1. PayPal -ით შესაწირი: შეწირული თანხა გადაირიცხება ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის მშენებლობის ანგარიშზე. 

შესაძლებლობა გაქვთ რომ გადარიცხოთ ნებისმიერი საკრედიტო ბარათით ან PayPal-ის ანგარიშით. 

დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ღილაკს Donate 





აირჩიეთ შესაწირის რაოდენობა ან სხვა თანხა 
დააჭირეთ Donaტე with a Card (კრედიტ კარტით გადახდის შემთხვევაში) და მიყევით ისტრუქციას.

https://www.paypal.com/cgi-bin/webscr?cmd=_s-xclick&hosted_button_id=DNPQ48DL6D3MJ







2. საბანკო გადარიცხვა: შეწირული თანხა ასევე გადაირიცხება ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის მშენებლობის ანგარიშზე. 

ბანკიდან გადასრიცხად უნდა წარადგინოთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები:


ეკლესიის საწევროს ანგარიში.
The Iveron Icon of the Mother of God 
TD Canada Trust 
Savings Account
Institution # 004
Transit # 18002
Account # 5242344

ეკლესიის მშენებლობის ფონდი.
The Iveron Icon of the Mother of God 
TD Canada Trust 
Savings Account
Institution # 004
Transit # 18002
Account # 5227299

დეპოზიტის გაკეთება შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის საკუთარი ანგარიშიდან, ეკლესიის ანგარიშზე თანხის გადარიცხვით. ხოლო მათ ვისაც არ გააჩნიათ ბანკში ანგარიში, პირადად უნდა მიბრძანდნენ TD Canada Trust (TD ბანკი) ნებისმიერ ბრანჩში და მომსახურე პერსონალს წარუდგინოს ზემოთხსენებული მონაცემები.

7 აპრილი. ხარება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა.

posted Apr 6, 2020, 3:24 PM by Mamao Thoma


7 აპრილი

ხარება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა.

 

 

 



ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. 


ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმიდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს, ხარება ეწოდება. ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი „ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა“. 

უფალმა იესო ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე აღუთქვა კაცობრიობას, რომ მხსნელს, მესიას მოუვლენდა, რომელსაც შობდა ქალწული და უწოდებდა სახელად ემანუელს, რომელიც ითარგმანება როგორც „ჩვენთარ არს ღმერთი“. ჭეშმარიტად, ღვთის განკაცებით ჩვენთან არს ღმერთი. 

და აი, მიავლინა უფალმა მთავარანგელოზი გაბრიელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში ქალწულ მარიამთან, რომელიც დაწინდული იყო იოსებზე, დავითის მოდგმის შთამომავალზე. 

წარუდგა ანგელოზი ქალწულს და უთხრა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“. მარიამი შეაძრწუნა მისმა სიტყვებმა და გაიფიქრა: „ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?“ - რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა: „ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ“. 

მარიამის ძეს ღმერთი დავითი საყდარს ანუ ისრაელის სამეფო ტახტისა და იაკობის სახლზე - ისრაელის თორმეტ ტომზე - საუკუნო (მარადიულ) სუფევას აღუთქვამს. მარადიული მხოლოდ ღმერთია, ხოლო „იაკობის სახლი“ უფლის მხილველი, მორწმუნე ერია, რომელიც სულით უფალთანაა შეერთებული. 

ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელია ქალწულისაგან უმამაკაცოდ შობა. ღვთისმშობელი, რადგან ქალწულების აღთქმა ჰქონდა დადებული, იკითხავს: „ვითარმე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?“ ანგელოზი მიუგებს: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ“, - და ნიშანსაც აძლევს: მისი ნათესავი, მოხუცი ელისაბედი, უკვე მეექვსე თვეა, რაც მიდგომილია. 

მარიამმა, როცა ყოველივე გამოწვლილვით გაიგო, დამორჩილდა, მიენდო უფალს და ღვთის ნებას თავისი ნება შეუერთა: „აჰა მხევალი უფლისაჲ, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“. და მეყსეულად შევიდა სულიწმიდა ქალწულის შეუგინებელ ტაძარში. 

რითი დაიმსახურა ქალწულმა მარიამმა ესოდენი მადლი ღვთისა, რომ ადამის მთელი მოდგმიდან სწორედ ის აირჩიეს ღვთის განხორციელების მსახურად? იმით, რომ იგი ყოველი სათნოებით იყო შემკული, რამდენადაც ეს ადამიანის ბუნებისთვისაა შესაძლებელი, და იყო ჭეშმარიტი ტაძარი ღვთისა. განსაკუთრებით აღნიშნავენ მის სიმდაბლესა და სიმშვიდეს - სწორედ ამ სათნოებათა გამო გამოირჩია იგი უფალმა. 

ქალწულ ღვთისმშობელზე ასეთი გადმოცემა არსებობს: როდესაც იგი ესაია წინასწარმეტყველის წიგნს კითხულობდა, იქ, სადაც წერია: „აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“, - თურმე შეყოვნდა, გაიფიქრა, რა ნეტარი იქნება ის ქალწული, რომელზეც ეს ითქვაო და ღმერთს შეევედრა, მისი ხილვის ღირსი გამხდარიყო, რათა მხევალივით მომსახურებოდა მას. 

სწორედ ამ სიმდაბლის გამო იყო, რომ მთავარანგელოზმა ესოდენ სულგრძელად დაუთმო ქალწულ მარიამს, რომელმაც ზეციურ მახარებელს ნათქვამის დამტკიცება და ახსნა მოსთხოვა. არცთუ დიდი ხნის წინ გაბრიელი მღვდელ ზაქარიას გამოეცხადა და შვილის შეძენა ახარა, მაგრამ მღვდელმა არ დაუჯერა, რადგან ისიც და მისი ცოლიც ღრმად მოხუცებულნი იყვნენ. მთავარანგელოზი განურისხდა მას და დაადუმა, ვიდრე წინასწარმეტყველება ახდებოდა. ყოვლადწმიდა ქალწულს კი არამცთუ არ უსაყვედურა, არამედ დიდი კრძალვითა და მოთმინებით დააჯერა იგი და არ განეშორა, სანამ მორჩილებითა და სასოებით აღსავსე სიტყვები არ გაიგონა მისგან. მიზეზი ის გახლდათ, რომ ზაქარიამ თავისი ეჭვით ღრმად დაფარული ურწმუნოება გამოხატა, ყოვლადწმინდა მარიამმა კი - მორჩილება და სიმდაბლე. 

ღმერთს არ სურდა, იძულებითა და შიშით აღგვასრულებინოს რომელიმე საქმე ან, პირიქით, დაგვიშალოს რაიმეს კეთება. იგი გულმოწყალეა, სამართლიანი, წმინდა და სურს, ჩვენც ასეთივენი ვიყონ, მაგრამ კი არ გვაიძულებს სიკეთეს, არამედ შეგონებით, დარიგებით, სწავლით, სიყვარულით მივყავართ მისკენ. მას სურს, რომ ჩვენი ნებით აღვასრულებდეთ ყოველ კეთილ საქმეს. 

რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ჩვენი დაცემისათვის, იმავე იარაღით გვიხსნა ქრისტემ; თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მრავალგზის დაადინა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუტანა. ღვთისმშობლის ერთ-ერთი ეპითეტია „განმანათლებელი“, ნიშნად იმისა, რომ სიბნელეში მყოფ კაცობრიობას მის მიერ გამოუბრწყინდა მზე სიმართლისა და მორწმუნეთა გონება განანათლა. 


მოამზადა ნიკოლოზ ლანჩავამ

ჟურნალი „კარიბჭე“, აპრილი, 2004 წ.


23 თებერვალი 2020წ. კანადაში ქართული ეკლესიის 10 წლის იუბილე და ივერიის ღვთისშობლის ტაძრის დღესასწაული.

posted Feb 3, 2020, 10:41 PM by Mamao Thoma   [ updated Feb 18, 2020, 6:34 PM ]


2020 წლის 23 თებერვალი.


კანადაში ქართული ეკლესიის 10 წლის იუბილე!



23 თებერვალს ავღნიშნავთ კანადაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ჩამოყალიბებიდან 10 წლის იუბილეს და ასევე ტორონტოს ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის დღესასწაულს. 



ეს დღესასწაული დიდად მნიშვნელოვანია ყველა ქართველისათვის და მით უმეტეს იმიგრაციაში მყოფთათვის რათა გავაძლიეროთ და გავამხნევოთ ერთმანეთი. 

კვირას დილით 10:00 საათზე, ტორონტოს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის ხატის ეკლესიაში სადღესასწაულო და სამღვდელმთავრო მსახურებას აღავლენს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა და ამავე ეპარქიის სამღვდელოება.
ეკლესიის მისამართია:


მსახურების შემდგომ, 15:00 საათზე გაიმართება სადღესასწაულო კონცერტი , რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ New Jersey-დან ჩამობრძანებული ანსაბლები და ტორონტოს ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიასთან არსებული ანსამბლი "ივერონი" და ტორონტოში მოღვაწე ქართველი მომღერლები. 

ღონისძიების დარბაზის მისამართია:



17:00 საათზე ამავე მისამარტძე გაიმართება სადღესასწაულო ტრაპეზი


კონცერტის და ტრაპეზის ბილეთების შეზღუდული რაოდენობის გამო გთხოვთ დროულად (ამ კვირის განმაბლობაში) მიაკითხოთ ეკლესიაში მესანთლეს ან დაგვირეკოთ 647 868 0089 ან მოგვწეროთ წერილი events@torontomrevli.ca  

ტრაპეზიდან შემოსული თანხა ჩაირიცხება ტორონტოში ეკლესიის მშენებლობის ფონდში.


ტრაპეზის და კონცერტის ბილეთის ღირებულება - $120 CAD.



 



სადღესასწაულო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ:

Toronto - ს ეკლესიასთან არსებული ანსამბლი "ივერიონი"





  





 

New Jersey - ს ქორეოგრაფიული ანსამბლი "იბერიელები"

ნიუჯერსის შტატ ქალაქ მეინვილში წმინდა გრიგოლ ხანძთელის ეკლესიასთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი იბერიელები ანსამბლის ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი: გოჩა მაღლაკელიძე.


ანსამბლი იბერიელები დაარსდა 2014 მეტ წელს ქართველი ემიგრანტი ქალბატონის ნათია თანიაშვილის ხელმძღვანელობით რომელ ინიციატივასაც მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადეს ამერიკაში კერძოდ ნიუჯერსის შტატში მცხოვრებმა ქართველებმა და ანსამბლმა იბერიელებმა თავდაუზოგავი შრომის შედეგად ქორეოგრაფ გოჩა მაღლაკელიძის ხელმძღვანელობით მიაღწია ძალიან ბევრ წარმატებას 2018წ.
ანსამბლი საგასტროლო მოგზაურობით იმყოფებოდა საქართველოში სადაც ანსამბლის წარმატებამ პიკს მიაღწია შეხვედრები გაიმართა უწმინდეს ილია მეორესთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ზვიად გონაძესთან, პარლამენტში, ზვიად კვაჭანტირაძესთან და ანსაბლ იბერიელებს მიეცათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ. პარლამენტარებს და დასწრებოდნენ პარლამენტის სხდომებს ანსამბლ იბერიელებმა სოლო კონცეტები გამართეს , თბილისში, რუსთაველის თეატრში, ქალაქ დუშეთში, ქალაქ ზესტაფონში, ქალაქ ფოთში, ქალაქ ქობულეთში, ქალაქ ბათუმში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ქორეოგრაფიულთა კავშირის ორგანიზებულ ფესტივალ კავკასია 2018 მეტში ანსამბლ იბერიელების კონცერტებმა აბსოლიტური ანშლაგით ჩაიარა რისთვისაც იბერიელები მადლობას უხდიან ქართველ მაყურებელს ამ დიდი სიყვარულისთვის.

ბატონი გოჩა მაღლაკელიძე და ანსაბლი იბერიელები მადლობას უხადიან ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსს, მეუფე საბას თანადგომისთვის , ამერიკის საკონსულოს და გენერალურ კონსულს , ქალბატონ დიანა ჟღენტს, პატივცემულ მშობლებს, ბაგრატიონის საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელს და ფონდის პრეზიდენტს , ქალბატონ დიანა ბაგრატიონს. ასევე დიდი სიყვარულით ნიუჯერსის შტატიდან ანსამბლი იბერიელები და ქორეოგრაფი გოჩა მაღლაკელიძე დიდ მადლობას უხდის კანადაში კერძოდ ტორონტოში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს მამა თომას წინამძღოლობით ამ უდიდესი და ისტორიული დღის ორგანიზებისთვის  კონცერტზე მოწვევისთვის რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ქართველი ემიგრანტების და ჩვენი მომავალი თაობების ერთობისათვის რათა გავძლიერდეთ უფალში და მამულის სიყვარულში.





                                       






ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერის ოსტატები:

შალვა მახარაშვილი, რეზო დურგლიშვილი, ირაკლი ასკანელი




Georgian Orthodox Church in Canada celebrates 10 year anniversary

The Iveron Icon Mother of God Georgian Orthodox Church in Toronto invites you to attend a special 10 year anniversary concert and reception on February 23, 2020.

Ticket price $120

All proceeds will be donated to the fund for the construction of a Georgian church in Toronto.

24 თებერვალი 2019წ. ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის იუბილე და ივერიის ღვთისშობლის ტაძრის დღესასწაული ტორონტოში.

posted Feb 22, 2019, 11:25 AM by Mamao Thoma   [ updated Feb 22, 2019, 4:08 PM ]

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის იუბილე და ივერიის ღვთისშობლის ტაძრის დღესასწაული ტორონტოში.


2019 წლის 24-25 თებერვალი.

24 თებერვალს ავღნიშნავთ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის დაფუძნების 10 წლის ოუბილეს და ასევე ტორონტოს ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის დღესასწაულს. 



ეს დღესასწაული დიდად მნიშვნელოვანია ყველა ქართველისათვის და მით უმეტეს იმიგრაციაში მყოფთათვის რათა გავაძლიეროთ და გავამხნევოთ ერთმანეთი. 

კვირას დილით 9:30 საათზე, ტორონტოს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის ხატის ეკლესიაში სადღესასწაულო და სამღვდელმთავრო მსახურებას აღავლენს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა და ამავე ეპარქიის სამღვდელოება.
ეკლესიის მისამართია:


მსახურების შემდგომ, 14:00 საათზე გაიმართება სადღესასწაულო კონცერტი "სული ქართული", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ New York-დან და New Jersey-დან ჩამობრძანებული ანსაბლები და ტორონტოს ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიასთან არსებული ანსამბლი "ივერონი" და ტორონტოში მოღვაწე ქართველი მომღერლები. 

ღონისძიების დარბაზის მისამართია:



18:00 საათზე გაიმართება სადღესასწაულო ტრაპეზი
სატრაპეზო დარბაზის მისამართია:


კონცერტის და ტრაპეზის ბილეთების შეზღუდული რაოდენობის გამო გთხოვთ დროულად (ამ კვირის განმაბლობაში) მიაკითხოთ ეკლესიაში მესანთლეს ან დაგვირეკოთ 647 868 0089 ან მოგვწეროთ წერილი events@torontomrevli.ca  

ტრაპეზიდან შემოსული თანხა ჩაირიცხება ტორონტოში ეკლესიის მშენებლობის ფონდში.

1. კონცერტის ბილეთის ღირებულებაა - $40 CAD
2. ტრაპეზის ბილეთის ღირებულებაში შედის კონცერტის ბილეთის შესაწირიც - $150 CAD.



 



სადღესასწაულო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ 

New York -ის ქართული კულტურის ცენტრი "ფესვები"

სიტყვა „ფესვი“ ძირს, საფუძველს, წარმომავლობას ნიშნავს. ჩვენს ანსამბლს სწორედ ამიტომ დავარქვით ეს სახელი, რომ გვახსოვდეს, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ.

2001 წელს ვანო გოდერძიშვილმა და შორენა ბარბაქაძემ დააარსეს ცეკვის წრე სამოყვარულო დონეზე, სულ რამდენიმე წელიწადში გაიზარდა, გაძლიერდა და ახლა გახლავთ უდიდესი კულტურის ცენტრი „ფესვები“, რომლის მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ, ქართული გენის, სულის, ჯიშის შენარჩუნება.

ცენტრში ფუნქციონერობს ქართული  ცეკვის, სიმღერის ქართული ენისა და ლიტერატურის, ჭადრაკის , ხატვის, და საგუნდო სიმღერების შემსწავლელი წრეები.

საქველმოქმედო კონცერტებიდან დაწყებული სხვადასხვა ქვეყნებში გასტროლებით დამთავრებული „ფესვები“ დაუღალავად მუშაობს, იღწვის, იხვეჭს სახელს და სიყვარულს.

ჩვენს მერცხალა გოგო-ბიჭებს უკვე ქუჩაში გამცლელი სხვადასხვა ეროვნების ხალხიც კი სცნობს - ეს არის უმაღლესი ჯილდო, აღიარება და დაფასება ჩვენ მიერ გაწეული მუშაობისა.

იმედით ვუყურებთ მომავალს და ჩვენ აუცილებლად დავრუნდებით.

                   


 

New Jersey - ს ქორეოგრაფიული ანსამბლი "იბერიელები"

ნიუჯერსის შტატ ქალაქ მეინვილში წმინდა გრიგოლ ხანძთელის ეკლესიასთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი იბერიელები ანსამბლის ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი: გოჩა მაღლაკელიძე.


ანსამბლი იბერიელები დაარსდა 2014 მეტ წელს ქართველი ემიგრანტი ქალბატონის ნათია თანიაშვილის ხელმძღვანელობით რომელ ინიციატივასაც მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადეს ამერიკაში კერძოდ ნიუჯერსის შტატში მცხოვრებმა ქართველებმა და ანსამბლმა იბერიელებმა თავდაუზოგავი შრომის შედეგად ქორეოგრაფ გოჩა მაღლაკელიძის ხელმძღვანელობით მიაღწია ძალიან ბევრ წარმატებას 2018წ.
ანსამბლი საგასტროლო მოგზაურობით იმყოფებოდა საქართველოში სადაც ანსამბლის წარმატებამ პიკს მიაღწია შეხვედრები გაიმართა უწმინდეს ილია მეორესთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ზვიად გონაძესთან, პარლამენტში, ზვიად კვაჭანტირაძესთან და ანსაბლ იბერიელებს მიეცათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ. პარლამენტარებს და დასწრებოდნენ პარლამენტის სხდომებს ანსამბლ იბერიელებმა სოლო კონცეტები გამართეს , თბილისში, რუსთაველის თეატრში, ქალაქ დუშეთში, ქალაქ ზესტაფონში, ქალაქ ფოთში, ქალაქ ქობულეთში, ქალაქ ბათუმში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ქორეოგრაფიულთა კავშირის ორგანიზებულ ფესტივალ კავკასია 2018 მეტში ანსამბლ იბერიელების კონცერტებმა აბსოლიტური ანშლაგით ჩაიარა რისთვისაც იბერიელები მადლობას უხდიან ქართველ მაყურებელს ამ დიდი სიყვარულისთვის.

ბატონი გოჩა მაღლაკელიძე და ანსაბლი იბერიელები მადლობას უხადიან ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსს, მეუფე საბას თანადგომისთვის , ამერიკის საკონსულოს და გენერალურ კონსულს , ქალბატონ დიანა ჟღენტს, პატივცემულ მშობლებს, ბაგრატიონის საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელს და ფონდის პრეზიდენტს , ქალბატონ დიანა ბაგრატიონს. ასევე დიდი სიყვარულით ნიუჯერსის შტატიდან ანსამბლი იბერიელები და ქორეოგრაფი გოჩა მაღლაკელიძე დიდ მადლობას უხდის კანადაში კერძოდ ტორონტოში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს მამა თომას წინამძღოლობით ამ უდიდესი და ისტორიული დღის ორგანიზებისთვის  კონცერტზე მოწვევისთვის რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ქართველი ემიგრანტების და ჩვენი მომავალი თაობების ერთობისათვის რათა გავძლიერდეთ უფალში და მამულის სიყვარულში.





                                       




Toronto - ს ეკლესიასთან არსებული ანსამბლი "ივერიონი"


 

  



ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერის შემსრულებლები:

შალვა და გაბრიელ მახარაშვილები

მომღერალი, მუსიკოსი და პედაგოგი შალვა (ბაჩი) მახარაშვილი და მისი მეუღლე მომღერალი, პედაგოგი და მუსიკათმცოდნე ანდრეა კუზმიჩი ეწევიან პედაგოგიურ მოღვაწეობას კანადაში ქართული პოლიფონიური სიმღერების გავრცელებაში. მათი ოჯახური ანსამბლი, რომლის წევრებიც არიან მათი შვილები ლუკა მახარაშვილი და გაბრიელ მახარაშვილი, ხშირად მართავს კონცერტებს, აწყობს ვორკშოპებს და ასწავლიან კანადელებს ქართულ ხალხურ სიმღერებს. ოჯახური ანსამბლის გარდა მათ ასევე ჩამოაყალიბეს ტრიო "ზარი" და "გაბოს ტრიო".

შალვა მახარაშვილი ტორონტოში ქართული ეკლესიის დაარსების დღიდან გალობდა ჩვენი ეკლესიის გუნდში და აგრეთვე ეკლესიისთან არსებულ საკვირაო სკოლის ბავშვებს ქართული ხალხური სიმღერების გაკვეთილებს უტარებდა.

შალვა მახარაშვილი ფასდაუდებელ შრომას ეწევა და დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციაში და გავრცელებაში.





უჩა აბულაძე 

მომღერალი უჩა აბულაძე, ჩვენი ქართული ემიგრაციის საამაყო წარმომადგენელი, 2 წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად კანადაში.

უჩა აბულაძე გახლავთ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის მუსიკალური სკოლის და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის კურსდამთავრებული, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი, იტალიის ოსიმოს ლირიკული აკადემიის და მილანის მუსიკალური სკოლის კურსდამთავრებული. ასევე ბატონი უჩა აბულაძე იმყოფებოდა ზარაგოზა, ესპანეთში სადაც მან ცნობილ ესპანელ ოპერის მომღერალ მონსერატ კაბალიესთან გაიარა მასტერი კლასები.

გვინდა აღვნიშნოთ რომ ბატონი უჩა აბულაძე წარმატებით გამოდიოდა ჰოლანდიის, იტალიის და გერმანიის მაყურებლის წინაშე თავის ძმასთან, მსოფლიოში ცნობილ ბარიტონ გოჩა აბულაძესთან ერთად, რომელიც დღეს გერმანიის მაგდებურგის ოპერის წამყვანი სოლისტია. ჩვენ ვამაყობთ, რომ ასეთი დიდი ნიჭის ქართველი მომღერალი დღეს ჩვენი დიასპორის ღირსეული წარმომადგენელია.



    

    


დიანა ირემაშვილი  და

გუნდი "ალილო"


დიანა ერემაშვილი მომღერალი, პროფესიით ჟურნალისტი, 20 წელიწადზე მეტია რაც სამშობლო დატოვა და ამერიკის კონტინენტზე დასახლდა. ყოველწლიურად მართავს ქართული მუსიკის კონცერტებს თავის დასთან მადონა ირემაშვილთან, რათა გააცნოს კანადელებს და ამერიკელებს ქართული სიმღერის ლამაზი ჰანგები. დიანა ირემაშვილის რეპერტუარი შედგება ძირითად რომანსების და ქალაქური სიმღერებისგან.

დიანა ირემაშვილი ნიუ იორკში ცხოვრების დროს გალობდა ნიუ იურკის წმინდა ნინოს ეკლესიის გუნდში მისი დაარსების პირველივე დღიდან.

კანადაში გადმოსვლის შემდეგ 2004 წლიდან ჩამოაყალიბდა დიანა ირემაშვილის ოჯახური გუნდი "ალილო" რომლის წევრებიც გახლავთ მისი მეუღლე ალ ხაკიმოვი და მისი შვილები სანდრო და მიკა ხაკიმოვები, რომლებიც ასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერებს. 2017 წელს საქართველოს დიასპორის სამინისტრომ დააჯილდოვა გუნდი "ალილო" როგორც საზღვარგარეთ მოღვაწე საუკეთესო საოჯახო გუნდი.


2018წ. დიდმარხვის სადღესასწაულო განრიგი

posted Mar 30, 2018, 7:52 PM by Mamao Thoma   [ updated Mar 30, 2018, 8:00 PM ]


18 თებერვალი 2018წ. სამეუფეო მსახურება და ჰავაის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის ხატის მობრძანება ტორონტოს ამავე სახელობის ქართულ ეკლესიაში

posted Feb 13, 2018, 2:46 PM by Mamao Thoma   [ updated Feb 13, 2018, 2:47 PM ]


კვირა, 18 თებერვალი 2018წ.


სამეუფეო მსახურება და ჰავაის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის ხატის მობრძანება ტორონტოს ამავე სახელობის ქართულ ეკლესიაში





    18 თებერვალს, დილის 10:00 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის ყოვლადუსამღვდელოესი მეუფე საბა აღავლენს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და ტორონტოს ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის სადღესასწაულო საზეიმო ლიტურგიას.



    18 თებერვალს, დილის 9:30 საათზე, ჰავაის ივერიის მირონმდინარე ხატი მობრძანდება ტორონტოში ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიაში.




.

    18 February, His Grace Bishop Saba of North America Georgian Orthodox Church will be leading celebration of Iveron Icon Holy Liturgy!


    The Wonderworking and Myrrh-streaming "Hawaiian" Iveron Icon of the Theotokos will be arriving to Iveron Icon of Mother of God Georgian Orthodox Church 18th of February at 9:30am.



 Troparion to the Iveron Icon
From thy Holy Icon, O Lady Theotokos, blessed myrrh has flowed abundantly. Thou hast thereby consoled those, in exile, faithful unto thee, and hast enlighten the unbelievers by thy Son's light. Therefore O Lady, with tears we bow down to thee. Be merciful to us in the hour of judgment. Lest having received thy mercy we be punished as those who have been contemptuous of it. But grant us through thy prayers to bring forth spiritual fruit, and save our souls"

წმინდა ნინოს მონასტრის საზაფხულო ბანაკი

posted Jun 17, 2016, 10:02 AM by Mamao Thoma   [ updated Jun 18, 2016, 10:13 AM ]


წმინდა ნინოს მონასტრის საზაფხულო ბანაკი შეერთებულ შტატებში, ბავშვებისათვის.

1 სეზონი: 19 ივნისი - 2 ივლისი 
1 სეზონი: 31 ივლისი - 13 აგვისტო

რეგუსტრაცია და დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოითხოვოთ შემდეგ მისამართზე:
SaintNina@fhc.org
(615) 497 9789



26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიება - მშობლიურო ჩემო მიწავ!

posted Mar 28, 2016, 4:02 PM by Mamao Thoma   [ updated May 13, 2016, 6:53 PM ]


 გეპატიჟებით ღონისძიებაზე  მშობლიურო ჩემო მიწავ! 

კვირას 29 მაისს 3 საათზე 

რესტორანი Georgia 

1118 Finch Ave, North York 

ბილეთის ფასი $80 (14 წლამდე ბავშვები $10) 

გთხოვთ შეიძინოთ ბილეთები ეკლესიაში წინასწარ! 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 28-29 მაისს ტორონტოში გვესტუმრება მეუფე საბა, რომელიც აღავლენს წირვა-ლოცვას და დაესწრება ღონისძიებას, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ცეკვები, სიმღერები და ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეების დადგმა, ქართული სუფრის თანხლებით. 

ღონისძიებიდან შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება ეკლესიის მშენებლობის ფონდში. 



25 თებერვალი. ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული

posted Feb 24, 2016, 3:20 PM by Mamao Thoma   [ updated Feb 24, 2016, 3:21 PM ]

25 თებერვალი

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული.




ქრისტეს შობიდან მეცხრე საუკუნეში, ხატმებრძოლი მწვალებლობის სენით შეპყრობილი იმპერატორის თეოფილეს მეფობის დროს მძვინვარებდა პატიოსანი ხატების სასტიკი დევნა. ხატთა თაყვანისცემის აღმსარებელ კეთილმორწმუნე ქრისტიანებს აწამებდნენ, ხოლო თავად წმიდა გამოსახულებებს იღებდნენ ტაძრებიდან და წვავდნენ. ყველა ქალაქსა და სოფელში წარგზავნილი იყო საიდუმლო მზვერავები, რათა მოეძიათ ფარულად შენახული ხატები და მეფის მკაცრი ბრძანების თანახმად გაენადგურებინათ ისინი.

იმ დროს მცირე აზიის ქალაქ ნიკეასთან ცხოვრობდა ერთი მდიდარი, კეთილმსახური და ქველისმოქმედი ქვრივი, თავის ჭაბუკ ვაჟთან ერთად. მას ჰქონდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საკვირველთმოქმედი ხატი, რომლის მიმართ განსაკუთრებული რწმენა და კეთილმოწიწება გააჩნდა. მან თავისი სახლის მახლობლად ააგო ეკლესია, სადაც მოათავსა ხატი და ხშირად მხურვალედ ლოცულობდა მის წინაშე. ერთხელაც, ქვრივის სახლში მივიდნენ მეფის მზვერავები და თვალი მოჰკრეს ტაძარში დასვენებულ ღვთისმშობლის ხატს. ერთ-ერთმა მათგანმა განრისხებით ხატს მახვილი ჰკრა და წამსვე ქალწულის ლოყიდან, ვითარცა ცოცხალი სხეულიდან, სისხლი გადმოედინა და ჯალათს გულზე მიესხა. დედაკაცმა დაუჩოქა მათ და სთხოვა, დაენდოთ ხატი და მოეთმინათ გათენებამდე, სანამ იგი გამოსასყიდ თანხას შეაგროვებდა, რაზეც მეფის ანგართმოყვარე მსახურთაგან თანხმობა მიიღო.

მათი განშორებისთანავე ქვრივი თავის ძესთან ერთად ეკლესიაში შევიდა, მუხლმოდრეკილი, ცად აღპყრობილი ხელებით დიდხანს ევედრა ღმრთის დედას, ცრემლითა და ოფლით დაალტო მიწა, და ბოლოს დიდი მოკრძალებით ხატი ზღვის ნაპირას წააბრძანა. იქ კვლავ დავარდა წმიდა ხატის წინაშე და ლმობიერად შეჰღაღადა მარადის ქალწულს: „დედოფალი, შენ ვითარცა ღმრთისმშობელს ძალგიძს გვიხსნა ჩვენ უკეთური მეფისაგან და შენი ხატი დანთქმისაგან!“ ამ სიტყვებით ქვრივმა სანატრელი სიწმიდე ზღვაში ჩაუშვა, და იხილა სასწაული: ხატი არ დაეცა წყალზე ბრტყლად, არამედ ზეაღიმართა და ტალღებთან ერთად დასავლეთისკენ გასცურა. ამის ხილვით ნუგეშინისცემულმა დედაკაცმა მადლობა შესწირა უფალს და მის ყოვლადუბიწო დედას, მერე მიუბრუნდა თავის ძეს და უთხრა: „აღსრულდა ჩვენი წადილი და იმედი, ამაო არ ყოფილა ჩვენი მსახურება ღმრთისადმი და კეთილმოწყალება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა. ახლა მისი სიყვარულისთვის მე მზად ვარ მოვკვდე მტანჯველთა ხელით, შენი სიკვდილი კი არ მნებავს. მე არ შემიძლია აქედან წასვლა, შენ კი გთხოვ და გევედრები, რათა გაიქცე“. შვილმა მორჩილებით მიიღო დედის ნება, გამოეთხოვა მას დაუყოვნებლივ წავიდა თესალონიკეში, მცირე ხანში კი გადავიდა ათონის მთაზე და დამკვიდრდა იმ ადგილას, სადაც მოგვიანებით ივერთა მონასტერი აიგო. აქ მან მიიღო მონაზვნობა, ღმრთის სათნო ღვაწლში განვლო ცხოვრება და კეთილად აღესრულა. უეჭველია, რომ უფლის განგებით მოხდა წმიდა მთაზე მისი გადასვლა, რადგან სწორედ მისგან შეიტყვეს ათონის მეუდაბნოე მამებმა ქვრივის მიერ წმიდა ხატის ზღვაში ჩაშვების შესახებ. თუ სად იმყოფებოდა ამ ხნის მანძილზე ღმრთის დედის საკვირველთმოქმედი ხატი, უწყის მხოლოდ უფალმა, ყოვლის მეცნიერმა...

„ყველა შეიტყობს თქვენი სავანისადმი ჩემს სიყვარულსა და წყალობას“


გაბრიელ ქართველის მიერივერიის ღვთისმშობლის ხატის გამოყვანება

ერთხელ, XI საუკუნის დამდეგს, დიდ მარხვაში, ივერთა მონასტრის ბერებმა იხილეს ზღვაზე აღმართული ნათლის სვეტი, რომელიც ბწყინავდა ღამის წყვდიადში და არ ქრებოდა დღის შუქზე. ნათელი მოდიოდა ზღვის ტალღებზე მდგომი ღმრთისმშობლის ხატიდან. მამები შეეცადნენ ნავით მიახლოებოდნენ  ხატს, მაგრამ სიწმინდე განეშორა მათ და მისი ნათელი იხილეს ჰორიზონტზე, სადაც ზღვა უერთდება ცას. ათონის ყველა მოღვაწე ზღვასთან შეიკრიბა, თითოქსდა მტრედების გუნდმა დაჰფარაო მისი ნაპირი. ბერები პარაკლისებს უხდიდნენ ზეციურ დედოფალს, მონასტრებში არ წყდებოდა ფსალმუნთა კითხვა. დადგა ვნების შვიდეული. მთელმა წმინდა მთამ გლოვის ძაძები შეიმოსა. უკვებლივ ყველა ბერი ინანიებდა თავის ცოდვებს - მონასტრის წინამძღვრებიც, წლების მანძილზე დაყუდებული მამებიც და წუთისოფლიდან ახლად მოსული მორჩილებიც. მათ იცოდნენ, რომ სინანულის ცრემლებით განუბანელი ცოდვები, ვითარცა კედელი, გზას უღობავდა ზეციურ დედოფალს.

იმხანად ივერთა სავანის მიდამოებში, მიუვალ მთაზე, განმარტოებულ სენაკში კაცთა მზერას მოშორებულ ღმრთის სათნო ღვაწლში ატარებდა განდეგილ ცხოვრებას ღირსი გაბრიელი, ტომით ქართველი. ზეციური ნათლით შემოსილი ღმრთისმშობელი ძილში გამოეცხადა ღირს გაბრიელს, რომელიც თავისი სენაკის სიმაღლიდან ჭვრეტდა ზღვით მობრძანებულ პატიოსან ხატს ღმრთის დედისა, და უთხრა: „აუწყე წინამძღვარსა და ძმებს, რომ მნებავს, მივანიჭო მათ ჩემი ხატი შემწედ და მფარველად. ნიშნად ამისა შემოდი ზღვაში, რწმენით გაიარე მის ტალღებზე და მაშინ ყველა შეიტყობს თქვენი სავანისადმი ჩემს სიყვარულსა და წყალობას“.

წმიდა ბერმა ამ ხილვის შესახებ წინამძღვარს გამოუცხადა. მეორე დღეს, განთიადზე ივერთა მონასტრის მამები გალობით, საკმევლის კმევითა და ლიტანიობით გამოვიდნენ ნაპირზე. გაბრიელმა ილოცა ღმრთისმშობლისადმი, მერე ფეხი შედგა ზღვის ტალღებზე, როგორც პეტრემ გალილეის ზღვაზე, საკვირველად განვლო წყალი, როგორც ხმელეთი, და ხელში აიღო ფასადაუდებელი საუნჯე. ათრთოლებული და შეძრწუნებული გაბრიელი მოაბრძანებდა ღმრთის დედის საკვირველთმოქმედ ხატს, რომლის მადლი უხილავად იჭერდა მას წყლის ზედაპირზე. ბერებმა სიხარულით მიიღეს ხატი, ვითარცა თავად ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, იქვე სამლოცველო აუგეს და სამი დღე-ღამის განმავლობაში ჰმადლობდნენ უფალს და მის ყოვლადუბიწო დედას. იმ ადგილას, სადაც წმიდა გაბრიელმა ხატი გამოასვენა, ამოსჩქეფა საკვირველთმოქმედმა წყარომ, რომელიც დღემდე მოედინება და ყოველგვარ ხორციელ და სულიერ სნეულებათა მკურნალია.

ეს ამბავი მოხდა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს. სამი დღის შემდეგ ხატი გადაიტანეს მონასტრის მთავარ ტაძარში, ანუ კათოლიკონში, და დააბრძანეს საკურთხეველში. მეორე დღეს, ცისკრის ლოცვის წინ კანდელების ასანთებად ეკლესიაში შესულ ბერს ხატი ადგილზე აღარ დახვდა. ხანგრძლივი ძიების შემდეგ ბერებმა იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს და კვლად უწინდელ ადგილას დააბრუნეს. სასწაული რამდენჯერმე განმეორდა. ბოლოს ღმრთისმშობელი ისევ გამოეცხადა ძილში გაბრიელს და უთხრა: „გამოუცხადე ძმებს, რომ მეტად აღარ გამომცადონ, რადგან არ მნებავს თქვენი მფარველობა, არამედ თვითონ მსურს ვუყო თქვენი მფარველიცა და მცველიც, არა მარტო ამ ცხოვრებაში, არამედ მომავალშიც. დაე ყველა ბერი, ვინც ამ მთაზე კეთილად და ღვთის შიშით იღვაწებს, სასოებდეს ჩემი ძისა და მეუფის მოწყალებას, რამეთუ მე გამოვითხოვე მისგან ეს ნიჭი და აჰა, იყოს თქვენდა სასწაულად: ვიდრე ამ სავანეში იხილვება ჩემი ხატი, არ მოგაკლდებათ თქვენ ჩემი ძის მადლი და წყალობა“.

ამის მოსმენამ ძმებს გამოუთქმელი სიხარული მოჰგვარა. მათ ყოვლადწმიდა ქალწულის სადიდებლად სავანის კარიბჭესთან მცირე ტაძარი ააგეს და მისი საკვირველთმოქმედი ხატიც იქ დაასვენეს. მას შემდეგ ხატი ღმრთისმშობლის მიერ გამორჩეულ ადგილზე ბრძანდება, რის გამოც იწოდება „პორტაიტისად“ ანუ „კარიბჭისად“ და, რადგანაც მან ივერთა სავანე აირჩია თავის სამყოფელად, ეწოდება „ივერიის ღმრთისმშობელი“. მას ძველთაგანვე კიდევ ერთი სახელი შეარქვეს - „მწყალობელი“. იგი ყველა მართლმადიდებელ ერში დაემკვიდრა და ამიტომაც ივერთა მონასტერს მსოფლიოში ასზე მეტი დიდი მეტოქი, ანუ ქვემონასტერი ჰქონდა. არსებობს გადმოცემა, რომ სანამ კარიბჭის საკვირველთმოქმედი ხატი ივერთა სავანეში იმყოფება, ათონის მთა მთელს ქვეყნიერებას მოჰფენს მართლმადიდებლობის წმიდა ნათელს და ჯოჯოხეთის ძალები ვერ მოერევიან მას. მაგრამ დადგება დრო და ხატი გაუჩინარდება ისეთივე იდუმალი გზით, როგორც მოვიდა. მაშინ ბერებმა სასწრაფოდ უნდა დატოვონ წმიდა მთა, როგორც ქრისტიანებმა მიატოვეს იერუსალიმი ტიტუსის დროს. სოფლის აღსასრულისა და უფლის მეორედ მოსვლის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ ეს იქნება. ათონზე იყო ჩვეულება: ყოველ კვირას ივერთა სავანის კარიბჭესთან მოდიოდნენ ყველა მონასტრის წარმომადგენლები, რათა გაეგოთ, იყო თუ არა ხატი თავის ადგილას; თაყვანს სცემდნენ მას როგორც წმიდა მთის იღუმენიას და ბრუნდებოდნენ თავიანთ მონასტრებში სასიხარულო ამბით, რომ ღმრთისმშობელს არ მიუტოვებია ათონი, რომ წმიდა მთაზე მართლმადიდებლობის სული კვლავინდებურად ნათელი და წმიდაა.

„გმადლობ, რომელმან ღირს მყავ უღირსი ესე მოჭედასა და შემკობასა წმიდისა ხატისა შენისა...“

გადმოცემის თანახმად, ივერიის ღმრთისმშობელი ლუკა მახარებლის მიერ არის დაწერილი. ხატის ზომა (სიგრძეში 1,37 მეტრი, ხოლო სიგანეში 0,9 მეტრი), ისევე როგორც ქალწულის ღმრთაებრივი სახის ფერწერა დიდებულია და მასზე დედა მოწყალებისა და ნუგეშინისცემისა წარმოგვიდგება დედად პირუთვნელი მსაჯულისა. მისი სახე იმდენად მეტყველია, რომ ასე საგონებელში ჩამგდები და შიშის აღმძრველი ხატი არ მოიპოვება მთელს წმიდა მთაზე. ხატზე სჭარბობს მოშავო-მონაცრისფრო ტონები, და სახეზე დღემდე ამჩნევია სისხლიანი ჭრილობა. საკვირველთმოქმედი ხატი მთლიანად მოჭედილია ოქროცურვილი ვერცხლით და შემკულია სხვადასხვა მეფეთა, დიდებულთა და ღმრთის დედის მადლიერ თაყავანისმცემელთა მიერ შეწირული ოქროს მონეტებით, ძვირფასი ქვებითა და სამკაულებით. ხატის წინ ჰკიდია დიდი, ვერცლის ან მოოქროვილი ვერცხლის 12 უქრობი კანდელი. ტაძრის მოვლა-პატრონობა და ხატის მსახურება ევალება ღვთისმოსავ და კეთილმსახურ მღვდელ-მონაზონს, რომელსაც ირჩევს მთელი საძმო. იგი ყველა სხვა საქმისაგან თავისუფალია და დღე და ღამ ტაძარში იმყოფება, სადაც აღავლენს წირვა-ლოცვასა და პარაკლისებს ღვთისმშობლის სადიდებლად. ამჟამად ამ საპატიო მოვალოებას ასრულებს მღვდელ-მონაზონი იერემია (1999 წ.).

ივერიის ღმრთისმშობლის ხატი ქაიხოსრო ჯაყელის საფასითა და სამცხის ეპისკოპოს ამბროსის ღვაწლით ქართველ ოსტატს მოუჭედავს. ხატის პერანგის ქვედა ნაწილზე შემდეგი წარწერაა ქართულ ენაზე: „ჰოჲ, დედუფალო, დედაო კაცთ მოყვარისა ღმრთისაო, ყოვლად უბიწოო ქალწულო მარიამ! შეიწყალე სული პატრონისა ჩემისა, დიდისა ყვარყვარეს შვილისა ქაიხოსროსი და მე, მონა შენი და ყოვლითურთ უღონო ქმნილი, საბრალო ამბროსი გმადლობ, რომელმან ღირს-მყავ უღირსი ესე მოჭედასა და შემკობასა წმიდისა ხატისა შენისა პორტაიტისა (კარისა). აჰა, დედუფალო, შეიწირე მცირე ესე, ჩემ ცოდვილისა მიერ კადრებული და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა უცოდველად და, ჟამსა საწყალობლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, შემეწიე და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი, და წარმადგინე ცოდვილი საყდართა მისსა და ღმრთისა შენისათა დიდებად ძისა შენისა და თანადაუსაბამოჲსა მამისა მისისა და ყოვლად წმიდისა სულისა მისისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“.

ივერიის ღმრთისმშობლის ხატი ათონელ მამათა მოწმობით „ყველაზე დიდი სახალხო სიყვარულით სარგებლობს“ წმიდა მთაზე. მისი დღესასწაული აღინიშნება ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს. საკვრიველთმოქმედ ხატს ლიტანიობით მიასვენებენ ზღვის ნაპირას, სადაც იგი პირველად გამოაბრძანა ღირსმა გაბრიელმა და იქვე მდგომ ღმრთისმშობლის ეკლესიაში აღასრულებენ საღმრთო ლიტურღიას. წარსულში, როდესაც მოგზაურობა ძალზე ძნელი იყო, უთვალავი მლოცველი მოისწრაფოდა ივერთა სავანეში - ერთნი ფეხით, სხვანი ჯორებზე ამხედრებულნი, ზოგიერთები კი ნავებითა და ხომალდებით. საუკუნეებმა ვერ შეარყია ივერიის ხატისადმი პატივისცემა. დღესაც დღესასწაულზე ათასობით მორწმუნე ავსებს  მონასტერსა და მის ეზოს, ნავმისადგომსა და მთელს სანაპიროს. აურაცხელია სახიერი მეკარის ხატიდან მომდინარე კურნებანი და საკვირველებანი - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყველას, სარწმუნოებითა და სასოებით მისდამი მოლტოლვილთ უშურველად და უხვად მიანიჭებს სწრაფ შეწევნას, არავის ტოვებს უნუგეშოდ, ყველას შეიტკბობს და თავის დედობრივ კალთას გადააფარებს.


„ივერიის ღმრთისმშობლის ხატი“, თბილისი, 1999 წ.


1-10 of 62