7 თებერვალი 2015წ. ხსენება წმინდისა გაბრიელისა (ქიქოძე), იმერეთის ეპისკოპოსისა (1896)

posted Feb 7, 2015, 12:53 PM by Mamao Thoma   [ updated Feb 7, 2015, 12:59 PM ]


ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე

ახალი სტილით 7 თებერვალი წმიდა მამა გაბრიელ ქიქოძის ხსენების დღეა

ეპისკოპოსი გაბრიელი, ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე 1825 წლის 15 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში, სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.

1840-45 წლებში გაბრიელი სწავლობდა თბილისის, შემდეგ ფსკოვის და ბოლოს პეტერბურგის სემინარიაში. 1849 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია მაგისტრის ხარისხით. ამავე წელს დაოჯახდა და დაბრუნდა საქართველოში; 1849 წელს დაინიშნა თბილისის სემინარიის ინსპექტორად, ასწავლიდა ფიზიკასა და მათემატიკას. 1854 წლის 7 ნოემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ისიდორემ გერასიმე ქიქოძე სიონის ეკლესიაში დიაკვნად აკურთხა, 8 ნოემბერს კი – მღვდლად. 1856 წელს, 32 წლის ასაკში მას თავს დაატყდა უბედურება: გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი. ამ ტრაგედიის შემდეგ მამა გაბრიელი ეგზარქოს ისიდორეს ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა დავით გარეჯის მონასტერში. ბერად აღკვეცილ გერასიმეს სახელად ეწოდა გაბრიელი და განწესებულ იქნა დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვრად. იმავე წელს გადაიყვანეს გორის ეპისკოპოსად, ხოლო 1860 წლის 2 ივლისს იმერეთის ეპარქიის ეპისკოპოსად ეკურთხა და გარდაცვალებამდე ამ სამწყსოს მღვდელმთავარი იყო. ამ დროს იმერეთის ეპარქია აერთიანებდა მთელ დასავლეთ საქართველოს. მეუფე გაბრიელი შეუდგა ნაყოფიერ სასულიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას.

მეუფე გაბრიელის სახელთანაა დაკავშირებული დასავლეთ საქართველოში ასზე მეტი სამრევლო სკოლის, ბიბლიოთეკის, 1890 წელს ქუთაისში – ქალთა სასწავლებლის, 1894 წელს კი სასულიერო სემინარიის გახსნა. იგი მფარველობდა ნიჭიერ ახალგაზრდობას, მატერიალურად ეხმარებოდა მათ, რომელნიც სწავლობდნენ საზღვარგარეთის სასულიერო თუ საერო სასწავლებლებში.

ეპისკოპოს გაბრიელის ზრუნვის შედეგად იმერეთის ეპარქიაში რესტავრაცია ჩაუტარდა ნიკორწმიდის, ბიჭვინთის, მოქვის, კაცხის, ილორის ტაძრებს, აიგო 200-ზე მეტი ახალი ტაძარი. 1887 წელს შეიქმნა “ქართული საეკლესიო გალობის აღმდგენელი კომიტეტი”, რომელიც შედგებოდა საუკეთესო მგალობლებისგან. მათ უნდა შეეკრიბათ და ნოტებზე გადაეტანათ ეს ფასდაუდებელი განძი. მრევლის განათლების მიზნით მეუფე გაბრიელი ხშირად მოგზაურობდა ეპარქიის ფარგლებში, ხალხთან პირად შეხვედრასა და საუბარს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. სოფლიდან სოფელში გადადიოდა და დღეში სამ-ოთხ ადგილას მოძღვრავდა ხოლმე სამწყსოს. განსაკუთრებული დამსახურებისათვის იგი “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” საპატიო წევრად აირჩიეს.

მეუფე გაბრიელი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. იგი ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ პოლიტიკას, წინ აღუდგა იანოვსკი-ლევიცკის მუნჯური მეთოდით სწავლებას, რომლის მიზანი სკოლებიდან ქართული ენის სრულად განდევნა გახლდათ. 1872 წელს მან გაილაშქრა გიორგი მუხრანბატონ-მუხრანელის წინააღმდეგ, რომელიც ამტკიცებდა დიდი ერების მიერ პატარა ერების ასიმილაციისა და მცირე ენების გაქრობის გარდაუვალობას.

ის გახლდათ გულისხმიერი მწყემსი თავისი სამწყსოსი, უყვარდა წესრიგი, მკაცრი, მაგრამ სამართლიანი იყო სამღვდელოების მიმართ და პირდაპირი, როცა საქმე ეროვნული და ეკლესიური ინტერესების დაცვას ეხებოდა. მას დიდ პატივს სცემდა მორწმუნე მრევლი, XIX საუკუნის II ნახევრის ქართული ინტელიგენცია. მოშურნე და ცილისმწამებელიც ბევრი ჰყავდა რუსი ეგზარქოსებისა და მათი აგენტების სახით, მაგრამ ვერას აკლებდნენ. მისი ქადაგებები გამოირჩეოდა სისადავითა და უბრალოებით.

1896 წლის იანვარში მეუფე გაბრიელი შეუძლოდ შეიქმნა, ექიმებმა ვერ შეუმსუბუქეს მდგომარეობა. სიცოცხლის ბოლოს მეუფე გაბრიელს მძიმე სულიერი ბრძოლები დაეწყო, ხშირად ტანჯავდნენ საშინელი მოჩვენებანი. ერთი კვირა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო. ავადმყოფს არ ტოვებდნენ მურწმუნენი, ნათესავები. გარდაცვალების წუთებში მან მეუღლის სახელი ახსენა… უჩვეულოდ დიდი ზამთარი ყოფილა იმ წელს ქუთაისში. გზები თოვლისაგან იყო შეკრული. გადაწყვიტეს, დაეცადათ გაზაფხულამდე, ვიდრე თოვლი არ გადნებოდა და გზები არ გაიხსნებოდა. მანამდე კი გაბრიელის ცხედარი ქუთაისის საკრებულო ტაძარში დაასვენეს. 46 დღე ეთხოვებოდა გაბრიელ ეპისკოპოსს სრულიად საქართველო და მთელი ამ დროის მანძილზე მისი გვამი არ გახრწნილა. გარდაცვალებულის პირადი ქონება, საკუთარი სურვილით, მთლიანად ქვრივ-ობლებსა და ღარიბებს დაურიგდა.

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საეკლესიო კრებამ, რომელიც 1995 წლის 19 სექტემბერს გაიმართა სვეტიცხოველში, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ეპისკოპოსი გაბრიელი წმიდანად შერაცხა.

ეპისკოპოსი გაბრიელის ხსენების დღედ 7 თებერვალი დადგინდა (ძველი წესით – 25 იანვარი).

წმიდა მამა გაბრილ ქიქოძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მას ეკუთვნის არაერთი ნაშრომი საქართველოში ქრისტიანობის ისტორიისა და საქართველოს ისტორიის საკითხებზე.

მოამზადა თეონა ნოზაძემ

წყარო: სერგო ვარდოსანიძე – “ქართველი მღვდელმთავრები”

Comments