22 მარტი 2015წ. წმინდა 40 სებასტიანელი მოწამე (+320).

posted Mar 23, 2015, 4:50 PM by Mamao Thoma



313 წელს წმიდა კონსტანტინე დიდმა (ხს. 21 მაისს) გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ქრისტიანებს აშკარად შეეძლოთ სარწმუნოების აღიარება და ისინი თავისი უფლებებით წარმართებს უთანასწორდებოდნენ. მისი თანამმართველი ლიკინიუსი კი თავგამოდებული წარმართი იყო და თავის სამფლობელოში ქრისტიანებს სასტიკად დევნიდა.

ამ დროს სებასტიაში მსახურობდა 40 კაბადოკიელი მეომარი. ისინი ქრისტიანები იყვნენ და ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადეს. სებასტიის მმართველის, აგრიკოლას ბრძანებით, მეომრები ციხეში ჩასვეს. ერთხელ ლოცვისას მათ ზეციდან შემოესმათ ხმა: „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“.

ერთი კვირის შემდეგ, სებასტიაში, ქრისტიანთა სამსჯავროზე ჩამოვიდა ცნობილი კარისკაცი ლისიუსი. წმიდანებმა მას მტკიცედ უპასუხეს: „წაიღეთ ჩვენი წოდებებიც და სიცოცხლეც, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი იესო ქრისტეა“. ლისიუსმა ბრძანა, მეომრები ქვებით ჩაექოლათ, მაგრამ მოხდა სასწაული: ქვები მიზანს ვერ აღწევდა, სხვა მიმართულებით ცვიოდა. ლისიუსის მიერ ნასროლი ქვა აგრიკოლას მოხვდა სახეში. ჯალათები მიხვდნენ, რომ წმიდანებს უხილავი ძალა იფარავდა. ღამით ლოცვად დამდგარმა მეომრებმა კვლავ გაიგონეს ღვთის ხმა: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, უკუეთუ მოკუდეს, კულად ცხონდეს. ნუ გეშინინ, რამეთუ თქვენი არს უხრწნელი გვირგვინნი დიდებისაჲ“.

მეორე დღეს წმიდა მეომრები გააშიშვლეს, ახლო მდებარე ტბასთან მიიყვანეს და მთელი ღამე გაყინულ წყალში ჩააყენეს. მორწმუნეთა საცდუნებლად იქვე ახლოს აბანო გააჩაღეს. ღამის პირველ საათზე, როცა სიცივის დათმენა შეუძლებელი შეიქმნა, ერთ მეომარს უმტყუნა სიმტკიცემ, ადგილს მოწყდა და სირბილით გაიქცა აბანოსაკენ, მაგრამ ძალა წაერთვა. იქვე ჩაიკეცა და მოკვდა. სამ საათზე უფალმა წყალობა მოუვლინა ტანჯულებს: მოულოდნელად განათდა და ტბაში წყალი გათბა. ამ დროს დარაჯებს ეძინათ. მხოლოდ ერთი, სახელად აგლაოსი ფხიზლობდა. მან დაინახა, რომ ტბაში მდგარი ქრისტიანების თავზე გვირგვინები ბრწყინავდა. აგლაოსმა 39 გვირგვინი დათვალა და მიხვდა, რომ გაქცეულმა ჯარისკაცმა უფლისაგან ჯილდო ვერ მიიღო. მან გააღვიძა მძინარე დარაჯები, ტანთ განიძარცვა, განაცხადა, მეც ქრისტიანი ვარო და მოწამეებს შეუერთდა.

დილით წარმართებმა ნახეს, რომ კაბადოკიელი ჯარისკაცები ცოცხალნი იყვნენ, დარაჯი აგლაოსი კი მათ გვერდით იდგა. წმიდა მოწამეები ტბიდან ამოიყვანეს და ხმლებით აკუწეს, შემდეგ მათი გვამები დაწვეს, გარუჯული ძვლები კი ტბაში გადაყარეს.

საშინელი წამების დროს ჯარისკაცთაგან უმრწემესის, მელიტონის დედა შვილს ამხნევებდა და მოუწოდებდა, უფლის სახელისათვის დაეთმინა ყოველივე. წამებულთა გვამები ურმებზე დააწყვეს და დასაწვავად წაასვენეს, ყრმა მელიტონს კი, რომელიც ჯერ კიდევ სუნთქავდა, თავი ანებეს. დედამ ხელში აიყვანა დაჭრილი შვილი და გარდაცვლილ თანამოღვაწეებს გვერდით მიუწვინა.

აღსრულებიდან სამი დღის შემდეგ მოწამეები ძილში გამოეცხადნენ სებასტიის ეპისკოპოსს, ნეტარ პეტრეს და სთხოვეს, მიწისთვის მიებარებინა მათი ძვლები. ეპისკოპოსმა რამდენიმე მღვდელთან ერთად ღამით შეაგროვა მოწამეთა წმიდა ნაწილები და პატივით დაფლა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

Comments