წმინდათა ცხოვრება

08 ივლისი. ღირსმოწამე ფებრონია ქალწული (დაახლ. 304)

posted Jul 8, 2018, 5:49 AM by Mamao Thoma   [ updated Jul 8, 2018, 5:50 AM ]


ღირსმოწამე ფებრონია ქალწული (დაახლ. 304)

25 (08.07) ივნისი




ღირსმოწამე ფებრონია ქალწული დიოკლეტიანეს (284-305) მეფობაში გაბრწყინდა მოწამეობრივი აღსასრულით. იგი იზრდებოდა ქალაქ სივაპოლის (ასურეთის ოლქი) მონასტერში, რომლის წინამძღვარიც იყო იღუმენია ბრიენა, წმიდა ფებრონიას დეიდა. იღუმენიამ, ზრუნავდა რა მის ცხონებაზე, თავის დისწულს სხვა მონაზვნებთან შედარებით მკაცრი კანონი დაუწესა. მონასტრის წესდების მიხედვით, პარასკევობით დები ხელს იღებდნენ თავიანთ მორჩილების საქმეებზე და ლოცვასა და წმიდა წერილის კითხვაში ატარებდნენ დროს. ჩვეულებრივ, წინამძღვარი კითხვას წმიდა ფებრონიას ავალებდა.

როცა ნეტარი ქალწულის კეთილმსახური ცხოვრების შესახებ ქალაქში ხმა გავრცელდა, მასთან სიარული დაიწყო დიდგვაროვანმა წარმართმა ქვრივმა იერიამ. ფებრონიამ შეჭირვებულ ახალგაზრდა ქალს ხსნის გზა დაანახა, რის შემდეგაც იგი მოინათლა და მშობლები და ახლობლებიც აზიარა ქრისტეს ნათელს.

გამხეცებულმა დიოკლეტიანემ ასურეთში ქრისტიანების ამოსაჟლეტად მეომართა რაზმი გაგზავნა ლისიმაქოსის, სელინისა და პრიმის მეთაურობით. სელინი, ლისიმაქოსის ბიძა, მართლმადიდებელთა გააფთრებული სიძულვილით გამოირჩეოდა, თავად ლისიმაქოსი კი, ღვთისმოყვარე დედის აღზრდილი, თანაუგრძნობდა მათ. კეთილგონიერი მხედართმთავარი თავის ნათესავს, პრიმს შეუთანხმდა, შეძლებისდაგვარად დაეცვათ ქრისტიანები მტარვალთა ძალმომრეობისაგან. როცა რაზმი სავანეს მიუახლოვდა, მოწესეები გაიხიზნნენ. მონასტერში დარჩნენ მხოლოდ იღუმენია ბრიენა, მისი თანაშემწე თომაიდა და წმიდა ფებრონია, რომელიც მძიმედ ავადმყოფობდა. იღუმენია ძლიერ წუხდა, რომ მისი დისწული უღმრთოთა ხელში ვარდებოდა და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, დაეცვა და ქრისტიანულ სარწმუნოებაში განემტკიცებინა იგი. სელინმა ბრძანა, ყველა მონაზონი მოეგვარათ მისთვის, მაგრამ პრიმმა მხედრებთან ერთად სავანეში ვერავინ იპოვა ორი მხცოვანი დედისა და წმიდა ფებრონიას გარდა. იგი მათმა დანახვამაც ძლიერ შეაწუხა და მონაზვნებს შესთავაზა, დაეტოვებინათ მონასტერი. დებმა არ ისურვეს თავიანთი მოღვაწეობის ადგილის დატოვება.

პრიმმა ლისიმაქოსს წმიდა ფებრონიას საოცარი სილამაზე აღუწერა და ურჩია, ცოლად შეერთო იგი. ლისიმაქოსმა კი უპასუხა, არ მსურსო ქრისტეს შევედრებულ ქალწულთა ცთუნება და სთხოვა, სადმე გადაემალა დარჩენილი მონაზვნები, რომ ისინი სელინის ხელში არ ჩავარდნილიყვნენ. ერთ-ერთმა მეომარმა გაიგონა ეს საუბარი და სელინს მოუტანა ამბავი. წმიდა თებრონია ხელებშეკრული და ქედზე ჯაჭვდადებული მიჰგვარეს უსჯულო მხედართმთავარს. მან ქალწულს შესთავაზა, წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლი შეეწირა, სანაცვლოდ კი პატივი, ჯილდოები და ლისიმაქოსთან ქორწინება აღუთქვა. ნეტარმა დედამ მტკიცედ მიუგო, მე მარადიული სასიძო მყავს და არანაირ მიწიერ სიკეთეზე არ გავცვლიო მას. ამისთვის სელინმა საშინლად აწამა იგი. წმიდანი მხურვალედ ლოცულობდა: „მაცხოვარო ჩემო, ნუ დამიტევებ ამ საშინელი განსაცდელიმს ჟამს!“ მარტვილს დიდხანს გვემდნენ, ჭრილობებიდან ღვარად მოსჩქეფდა სისხლი. წმიდა ფებრონიას ტანჯვა რომ გაემძაფრებინათ, იგი ხეზე დაკიდეს და ცეცხლი შეუნთეს. წამება ისეთი აუტანელი იყო, რომ ხალხი ყვირილით ითხოვდა მის შეწყვეტას. მაგრამ სელინი განაგრძობდა ქრისტეს ტარიგის დაცინვას და აბუჩად აგდებას. თებრონია დუმდა. დაუძლურებულს სიტყვის თქმაც არ შეეძლო. გააფთრებულმა მტარვალმა ბრძანა, ენა ამოეგლიჯათ მისთვის, კბილები ჩაელეწათ, მკერდი მოეჭრათ და ხელ-ფეხი მოეკვეთათ. მხილველები ვერ უძლებდნენ ამ ამაზრზენ სანახაობას და დიოკლეტიანესა და მისი ღმერთების წყევლით ტოვებდნენ იქაურობას.

ბრბოში იდგნენ მონაზონი თომაიდა, რომელმაც შემდგომში დაწვრილებით აღწერა ფებრონიას მარტვილობა, და წმიდა ქალწულის მოწაფე იერია. ბოლოს წმიდა მარტვილს თავი მოჰკვეთეს.

363 წელს წმიდანის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.


წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობა (I)

posted Jul 7, 2018, 6:49 AM by Mamao Thoma   [ updated Jul 7, 2018, 6:51 AM ]


შობა პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი (I)





როგორც წმიდა სახარება (ლკ. 1, 5-80) მოგვითხრობს, იოანე ნათისმცემლის მშობლები - მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი „იყვნეს.. წინაშე ღმრთისა მართალ“, მაგრამ სიბერის ასაკს ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მისცემიათ. ერთხელ, როცა ზაქარია იერსუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურებას აღასრულებდა, „ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ“ და ამცნო: „შეისმინეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე და უწოდი სახელი მისი იოვანე“. შეძწუნებული ზაქარია დაეჭვდა ზეციური მახარობლის სიტყვებში, რისთვისაც მას, სასჯელად, მეტყველების უნარი წაერთვა.

ახალგაზრდობის ასაკს საკმაოდ გადაცილებული წმიდა ელისაბედი დაფეხმძიმდა, ხალხის დაცინვისთვის თავი რომ აერიდებინა, იგი „იფარვიდა თავსა თჳსსა ხუთ თთუე“, სანამ შორეულმა ნათესავმა, ყოვლადწმიდა ქალწულმა მარიამმა არ ჩამოაკითხა.

როცა „ელისაბედისნი აღივსნეს ჟამნი შობისა მისისანი... ესმა გარემოთა და ნათესავთა... და მის თანა იხარებდეს“. მერვე დღეს ჩვილს, მოსეს სჯულის თანახმად, წინადაცვითეს და აპირებდნენ, მისთვის ზაქარია დაერქმიათ, მაგრამ ელისაბედმა განაცხადა: „არა, არამედ ეწოდოს მაგას იოვანე“. ყველანი გაოცდნენ, - ეს სახელი მის მოდგმაში არავის ერქვა და ზაქარიას სთხოვეს, ენიშნებინა მათთვის, რა უნდოდა ძისთვის ეწოდებინა. მანაც „მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: იოვანე არს სახელი მისი და დაუკვირდა ესე ყოველთა“. ღვთის განგებით ზაქარიას ისევ დაუბრუნდა მეტყველების უნარი. სულიწმიდის მადლით წინასწარმეტყველებაც დაიწყო და თქვა: „კურთხეულ არს უფალი ღმერთ ისრეაჱლისაჲ, რამეთუ მოჰხედნა და ყო ჴსნაჲ ერისა თჳსისაჲ; და აღმიდგინა ჩუენ რქაჲ ცხოვრებისაჲ შორის სახლსა მას დავითის მონისა თჳსისასა“; ჩვილს კი მიმართა: „და შენ ყრმაო, წინასწარმეტყველ მაღლის იწოდო, რამეთუ წარუძეღუ შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა“.

მას შემდეგ, რაც იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და მწყემსებმა და მოგვებმა თაყვანი სცეს მას, უსჯულო მეფე ჰეროდემ ბრძანა, მოეწყვიდათ „ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი“ (მთ. 2, 16). ელისაბედმა ეს რომ შეიტყო, შვილთან ერთად უდაბნოში გაიხიზნა. ზაქარია და კი იერუსალიმში დარჩა და ერთგულად აღასრულებდა მღვდელმთავრის მოვალეობას. ჰეროდემ მასთან მეომრები გაგზავნა ბრძანებით, გაემხილა ჩვილისა და მისი დედის ადგილსამყოფელი. მამამ უპასუხა, რომ არაფერი იცოდა მათ შესახებ, რისთვისაც ტაძარშივე განგმირეს. ელისაბედი შვილთან ერთად უდაბნოში განაგრძობდა ცხოვრებას და იქვე აღესრულა. ყრმა იოანე კი, ანგელოზისგან დაცული, უდაბნოში იმყოფებოდა.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.


26 ივნისი. წმიდა ანთიმოზ ივერიელი (+1716)

posted Jun 27, 2018, 12:05 PM by Mamao Thoma   [ updated Jun 27, 2018, 3:10 PM ]


წმიდა ანთიმოზ ივერიელი (+1716)

13 (26) ივნისი



    წმიდა ანთიმოზ ივერიელი თავისი დროისათვის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი იყო, ფლობდა მრავალ უცხო ენას: ბერძნულს, რუმინულს, ძველ სლავურს, არაბულს, თურქულს, გათვითცნობიერებული იყო თეოლოგიაში, ლიტერატურასა და ბუნებისმეტყველებაში. იგი დაჯილდოებული იყო საოცარი ნიჭით, ბრწყინვალედ ფლობდა ხელოვნების ყველა დარგს, განსაკუთრებით მხატვრობას, გრავირებას, მოჩუქურთმებას, ქსილოგრაფიას. ცნობილი იყო, როგორც შესანიშნავი კალიგრაფი, დახელოვნებული ხეზე მჭრელი და ნიჭიერი მოქანდაკე. ის იყო რეფორმატორი სალიტერატურო რუმინული ენისა, ბრწყინვალე მწერალი და აღიარებული ორატორი.

ანთიმოზ ივერიელმა სიცოცხლე შესწირა მეორე სამშობლოდ ქცეულ ვლახეთის გათავისუფლებას თურქთა და ფანარიოტთა უღლისაგან. ცნობები ამ საოცარი ადამიანის სიყრმისა და სიჭაბუკის შესახებ მწირადაა შემონახული. ცნობილია, რომ ის იყო სამცხე-საათაბაგოს მკვიდრი. მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ჭაბუკი არჩილ მეფეს ახლდა რუსეთში და დიდად ეხმარებოდა ქართული სტამბის ჩამოყალიბებაში. საქართველოში დაბრუნებული ანთიმოზი კავკასიელმა მთიელებმა შეიპყრეს და მონად გაყიდეს. ტყვეობიდან ის გამოისყიდა იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა. საპატრიარქოში ყოფნის პერიოდი ანთიმოზმა თავისი განათლებისა და ოსტატობის სრულყოფისათვის გამოიყენა. უკვე სახელგანთქმული მხატვარი, გრავიორი და კალიგრაფი დაახლოებით 1690 წელს ვლახეთის მეფის, კონსტანტინე ბრინკოვიანუს მიწვევით ვლახეთში წავიდა. ანთიმოზი ვლახეთში ჩასვლისთანავე სათავეში ჩაუდგა სასტამბო საქმეს. ბეჭდვითმა საქმიანობამ მთელს ქვეყანაში არნახული გაქანება ჰპოვა და უმაღლეს დონეს მიაღწია. ყოველივე ამის სულისჩამდგმელი, ორგანიზატორი და ამაგდარი იყო საქართველოდან გადახვეწილი ქართველი ოსტატი, რომელიც ყველგან და ყველაფერში ხაზს უსვამდა თავის ქართულ წარმომავლობას და აღნიშნავდა, რომ „ძირით ქართველი“ იყო. ანთიმოზ ივერიელმა შეძლო გადაექცია ვლახეთი მართლმადიდებლობის ცენტრად, რომელიც მთელ ქრისტიანულ აღმოსავლეთს წიგნებით კვებავდა.

1694 წელს ანთიმოზი დანიშნეს სნაგოვოს მონასტრის წინამძღვრად. მან აქ საფუძველი ჩაუყარა ახალ სტამბას. 1696 წელს სნაგოვოს სტამბაში დაიბეჭდა „ღვთისმსახურების წესი 21 მაისს, დღესა წმიდანთა განდიდებისა“. მას ხელს აწერს იპოდიაკონი მიხაილი, შემდგომში ცნობილი პირველი ქართული სტამბის გამმართავი მიხეილ იშტვანოვიჩი.

1705 წელს ანთიმოზს, „რჩეულს ვლახეთის რჩეულ წინამძღვართა შორის“, ხელი დაასხეს რიმნიკის ეპისკოპოსად, ხოლო 1708 წელს უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტად. ანთიმოზის მიტროპოლიტად დადგინება მთელი ქვეყნისთვის უდიდესი ბედნიერება იყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი წერდა: „მოვიდა დიდი ადამიანი ვლახეთის მიწაზე, მოიტანა სინათლე ღვთაებრივმა ანთიმმა, უნგრო-ვლახეთის იერარქმა, შვილმან ბრძენ ივერთა მოდგმისა. ღმერთმა იგი დააჯილდოვა სიბრძნის უშრეტი წყაროთი, რათა მას მოემოქმედებინა კეთილი საქმენი და თავისი სტამბით მოეტანა სარგებლობა ხალხისთვის ამქვეყნად“.

წმიდა ანთიმოზის უშუალო ხელმძღვანელობით ვლახეთში 20-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი აიგო, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია „ყოველთა წმიდათა“ მონასტერი ქალაქ ბუქარესტის ცენტრში. ტაძრის მთავარი შესასვლელის მუხის კარი და ქვაზე ამოტვიფრული ქართული ორნამენტები თვით ანთიმოზ ივერიელმა შეასრულა. მიტროპოლიტმა ტიპიკონიც შეუდგინა ყოველთა წმიდათა მონასტერს. ანთიმოზი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა მონასტრის დამოუკიდებლობის საკითხს, სახელდობრ, მან ყოველთა წმიდათა მონასტერი ბერძნული ეკლესიისგან დამოუკიდებლად გამოაცხადა.

მიტროპოლიტად დადგინების დღიდან წმიდა ანთიმოზმა დაუცხრომელი ბრძოლა დაიწყო ვლახი ხალხის განთავისუფლებისათვის უცხოელ დამპყრობთა ჩაგვრისაგან. პირველსავე დღეს მრევლის წინაშე წარმდგარმა ანთიმოზმა თქვა: „მართლმადიდებლობა თქვენ შეინარჩუნეთ წმიდად და შეუბღალავად, მიუხედავად იმისა, რომ გარშემორტყმულნი, შებოჭილნი ხართ უცხო ხალხთა ძალმომრეობით და განიცდით აურაცხელ გასაჭირსა და უბედურებას, რაც ყოველთვის გამომდინარეობს იმათგან, ვინც თვითნებურად ბატონობს ამ მიწა-წყალზე. თუმცა მე ვიყავი უღირსი და უმცროსი სხვათა შორის, ვითარცა დავითი იყო უმცროსი თავის ძმებს შორის, ღმერთმა არ შეხედა ჩემს სიღარიბეს და უცხოელობას. დაე, თქვენთან ერთად მე თავს გადამხდეს ყოველგვარი გასაჭირი, რასაც გვარგუნებს ჩვენ დრო და ჟამი“.

მისი სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. 1714 წელს თურქებმა სიკვდილით დასაჯეს ვლახეთის მთავარი კონსტანტინე ბრინოკვიანუ, ხოლო 1716 წელს - უკანასკნელი ვლახელი მთავარი სტეფანე კანტაკუზენი და სამეფო ტახტზე აიყვანეს ფანარიოტი ნიკოლო მავრიკორდატი, რომლის მთელი საქმიანობა მიმართული იყო თურქეთის ინტერესების დასაცავად ვლახეთში.

    

ამ მძიმე დღეებში ანთიმოზ ივერიელმა თავის გარშემო შემოიკრიბა ვლახელ ბოიართა ჯგუფი, რომლის მიზანი იყო გაენთავისუფლებინა ვლახეთი როგორც თურქთა, ასევე ფანარიოტთა ბატონობისაგან. კონკრეტული ღონისძიებებიც დაისახა, მაგრამ ნიკოლო მავროკორდატიმ ანთიმოზს უბრძანა, ნებაყოფილობით უარი ეთქვა მიტროპოლიტობაზე. ანთიმოზმა კატეგორიული უარი შეუთვალა. მაშინ მავროკორდატიმ დახმარებისათვის კონსტანტინეპოლის პატრიარქ იერემიას მიმართა. ეპისკოპოსთა კრებამ, რომელსაც არც ერთი რუმინელი სასულიერო პირი არ ესწრებოდა, „შეთქმული და რევოლუციისკენ წამქეზებელი მეამბოხე“ ანთიმოზი შეაჩვენა, განკვეთა ეკლესიიდან და გამოაცხადა ყოველივე სამღვდელო „ღირსებაახდილად“, მაგრამ ნიკოლო მავროკორდატისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა ანთიმოზ ივერიელის უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტობიდან გადაყენება, ამიტომ გადაწყვიტა, მოეშორებინა ვლახეთიდან. მან მიაღწია იმას, რომ წმიდა ანთიმოზი საბოლოოდ გააძევეს სინას მთაზე, წმიდა ეკატერინეს მონასტერში. რუმინელი ხალხის ერთგული და მოსიყვარულე მიტროპოლიტი შუაღამისას გაიყვანეს ქალაქიდან, რადგან მოსახლეობის მღელვარების შეეშინდათ, მაგრამ სინას მთამდე ანთიმოზ ივერიელს არ მიუღწევია. გალიპოლიის მახლობლად, ადრიანოპოლზე გამავალი მდინარის, დულჩიას ნაპირზე თურქმა ჯარისკაცებმა ასო-ასო აკუწეს ანთიმოზ ივერიელი და მისი წმიდა ნაწილები მდინარეში გადაყარეს.

ასე დამთავრდა სიცოცხლე კიდევ ერთი ქართველი წმიდანისა, რომელმაც მთელი თავისი დაუშრეტელი ცოდნა, ნიჭი, ენერგია ვლახი ხალხის სულიერი გაძლიერებისა და ეროვნული კულტურის აღორძინების საქმეს მოახმარა.

    1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ დააწესა 14 (27) სექტემბერი, წმიდანის გარდაცვალების დღე. ქართული ეკლესია მის ხსენებას 13 (26) ივნისს აღნიშნავს.


„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.


1 თებერვალი. ხსენება ღირსისა ანტონ მარტყოფელისა

posted Feb 1, 2018, 4:56 AM by Mamao Thoma   [ updated Feb 1, 2018, 4:59 AM ]


19 / 1 თებერვალი (ახ. სტ.)

ხსენება ღირსისა ანტონ მარტყოფელისა



ტროპარი: 
ხატად ღმრთისა შექმნილმან წმიდაო, არა უდებ ჰყავ პატივი ხატისა ქრისტესი, თჳნიერ ხელითა კაცთასა გამოსახულისა, რამეთუ იხილე რა ხელთა შინა ურწმუნოთასა, განხურვებულმან შურითა საღმრთოჲთა, იტვირთე მხართა ზედა მტვირთველი ყოველთა, და მოუძღვანე ქართველთა ერსა, მოღვაწეთა შუენიერებაო ანტონი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

კონდაკი: 
მნათობად მზეებრ ბრწყინვალედ მოეცნეს ქართველთა ერსა ათორმეტ რიცხვნი მამანი, მოძღვარნი ყოვლისა სოფლისანი, და შვენიერებანი უდაბნოთანი, ხოლო შორის მათსა ბრძენი ანტონი იდიდებინ დღესა ჩუენ მიერ, რომელმან მოგვისვენა ხატი ღმრთისა, ხელით უქმნელი, მფარველად მეფისა მორწმუნისა და საცოდ ყოვლისა სოფლისა.


წმიდა ანტონ მარტყოფელი, 13 ასურელ მამასთან ერთად VI საუკუნეში შემოვიდა საქართველოში და ჩამოგვიტანა უფლის ხელთუქმნელი კეცის ხატი.

თავისთავად საგულისხმოა ამ ხატის ისტორია: იესო ქრისტეს ამქვეყნიური მოღვაწეობის დროს ედესის მმართველი იყო ავგაროზი. ავგაროზმა, რომელსაც მძიმე დაავადება სჭირდა, მაცხოვართან მხატვარი გააგზავნა და თან წერილიც გაატანა – მეფე სთხოვდა იესოს, რომ განეკურნა იგი. ამავე დროს, ავგაროზი იესოს ედესაში იწვევდა, რადგან იცოდა, რომ მას სამშობლოში სდევნიდნენ.

ავგაროზის მიერ წარგზავნილმა მხატვარმა მაცხოვარი მართლაც ნახა, თუმცა იესომ ედესაში წასვლასა და შეთავაზებული თავშესაფრის მიღებაზე უარი განაცხადა. ავგაროზისგან მხატვარს დავალებული ჰქონდა, რომ თუ იესო ედესაში არ წამობრძანდებოდა, მაშინ მისი ხატი დაეხატა. მმართველს იმედი და რწმენა ჰქონდა, რომ ამ ხატის შეხედვითაც განიკურნებოდა. მხატვარი შეეცადა, იესოს სახე დაეხატა, მაგრამ ვერ შეძლო. მაშინ მაცხოვარმა ტილო დაასველა და სახეზე მიიდო. მოხდა სასწაული და მაცხოვრის სახე ამ მანდილზე გადმოვიდა. ეს მაცხოვრის პირველი ხატია და სწორედ ამიტომ მას “პირი ღვთისა” ჰქვია.

მხატვარს მაცხოვრის ხატი წამოუღია, მოციქულ თადეოზთან ერთად ედესისკენ გზად მიმავალს, ქალაქ იეროპოლში ერთ-ერთი სასტუმროსთვის შეუფარებია თავი. სასტუმროს მფლობელი კერამიკოსი იყო და სხვადასხვა ნივთებს ამზადებდა. მას ის ძვირფასი განძი, რომელიც მხატვარს მოჰქონდა, ქოთნებს შორის შეუნახავს, რათა უფრო დაცული ყოფილიყო. შუაღამისას საშინელი ჭექა-ქუხილი ამტყდარა, შეშინებული მხატვარი და სასტუმროს მეპატრონე წამომდგარან, რათა ენახათ, ავდარს “პირი ღვთისა” ხომ არ დაეზიანებინა, და აღმოჩნდა, რომ მაცხოვრის სახე კეცზე გადასულიყო. ამრიგად, “პირი ღვთისა” ორია: ერთი კეცის, რომელსაც კერამიონს უწოდებენ, ხოლო მეორე – მანდილიონი, ანუ, მანდილის-ტილოზე გადასული. კერამიონისა და მანდილიონის ხატის ისტორიები საქართველოს უკავშირდება, რაც შეეხება მანდილიონის ხატს, ამ ხატმა ედესაში მეფე ავგაროზი განკურნა, ხოლო ედესაში დატრიალებული საომარი კოლიზიების შემდეგ, შორეული და ფათერაკებიანი გზები გამოიარა მთელ აზიასა და ევროპაში... მე–13 საუკუნის დასაწყისში მისი კვალი დაიკარგა, მაგრამ გადარჩა მანდილიონის ფიცარზე გადასული ხატი, რომელიც საქართველოში ჩამოაბრძანეს. 1453 წლამდე ეს ხატი იმყოფებოდა კლარჯეთში, ანჩის საეპისკოპოსო ტაძარში, ხოლო 1664 წლიდან – თბილისის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, რომელსაც ხატის პირვანდელი ბინადრობის მიხედვით „ანჩისხატი“ ეწოდა. საქართველოს გასაბჭოების დროისათვის ხატი ანჩისხატში იყო. 1938 წელს, საქართველოს კათოლიკოს –პატრიარქის, კალისტრატეს თხოვნით, იგი ხელოვნების მუზეუმში გადააბრძანეს. ამით კათოლიკოსმა ხატი ბოლშევიკთა ხელყოფისაგან გადაარჩინა, რადგან ამ პერიოდში ათეისტი ბოლშევიკები ტაძრებს ანგრევდნენ და ხატებს ანადგურებდნენ. მას შემდეგ “პირი ღვთისა – ანჩისხატი” მუზეუმში იმყოფება.

კეცის ხატი კი წმინდა ანტონმა, ერეტიკოს ნესტორიანელებს წაჰგვარა და საქართველოში ჩამოაბრძანა. ნეტარ ანტონს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ – ზედაზენზეც და კახეთშიც – განუშორებლად თან დაჰქონდა ასურეთიდან წამოყოლილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი. საბოლოოდ წმიდა ანტონმა აკრიანის მთას შეაფარა თავი და იქ გამოქვაბული გააკეთა.

განმარტოების მოყვარულმა ანტონმა მადლმოსილი ლოცვითა და სასწაულებით მრავალი ქრისტიანი მიიზიდა. ბევრი გაიტაცა მისი ცხოვრების წესმა, ზოგიერთებმა მისი მიბაძვა მოინდომეს და იწყეს მის მახლობლად ცხოვრება მისი კურთხევით. როცა მათმა რიცხვმა ძლიერ იმატა, მამა ანტონმა მათთვის მონასტერი დააარსა, თავისთვის კი მთის მწვერვალზე ააშენა სვეტი, დაეყუდა და იქ მოღვაწეობდა თვრამეტი წელი. 

ხოლო რა ბედი ეწია მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს? ხელთუქმნელ ხატს, წმიდა მამის აღსრულების შემდეგ, სათუთად ინახავდნენ მონასტერში. ამ ხატს უამრავ სასწაულს მიაწერდნენ. მონღოლთა შემოსევის დროს, მარტყოფის მონასტერი თემურ ლენგმა აიკლო, თუმცა ვიდრე ეს საშინელება მოხდებოდა, მონასტრის წინამძღოლმა, გიორგი მარტყოფელმა, მოასწრო და კერამიონი გადამალა. როგორც ცნობილია, მას ხატი მარტყოფის ტერიტორიაზე დაუფლავს. ვარაუდობენ, რომ ხატი ამჟამადაც იქ იმყოფება და ჟამისად ალბათ გამოაჩენს თავს! ამგვარი მოიმედეობა ქარაგმულად გამოსჭვივის წმიდანის ტროპარშიც:

მარტო მყოფ ბერს, რომელიც ბალახებითა და ხის ქერქით იკვებებოდა, უფალმა საზრდოს მისაცემად ირმები გამოუგზავნა. ბერი თავადაც უვლიდა მათ და მათი რძით იკვებებოდა.

ერთხელ ახლომდებარე სოფლის მამასახლისი, რომელსაც ნორიო ერქვა, თავისი მხლებლებით ნადირობდა. ანტონის ირმებმა ამ დღეს ძლიერ დააგვიანეს და ბოლოს მოირბინეს. ძლიერ შეშინებულნი იყვნენ და ერთიც დაჭრილი იყო. მამა ანტონის გაუკვირდა, არ იცოდა თუ მახლობლად სოფელი იყო. ადგა, დაიკიდა გულზე თავისი ხატი და უკან გაჰყვა ირმებს, უნდოდა შეეტყო, რამ შეაშინა ისინი. წმიდა ანტონი ერთბაშად შეხვდა მამასახლისს. ეს უკანასკნელი ძლიერ გაკვირდა, როცა დაინახა მოხუცებული ბერი, რომელსაც გულზე ხატი ეკიდა, გარეულ ირემთა შორის, როგორც შინაურ პირუტყვებთან. დაიწყეს ლაპარაკი, მაგრამ, რადგანაც მამა ანტონმა არ იცოდა ქართული ენა, მამასახლისი ვერას მიუხვდა. მას ანტონი საშიში კაცი ეგონა და ამიტომ ანიშნა, მარჯვენა ხელს მოგჭრიო, რომლითაც მამა ანტონი ანიშნებდა იმ მთას, სადაც ის ცხოვრობდა.

მართლაც, მამასახლისმა უბრძანა მხლებლებს, წაეყვანათ ანტონი სამჭედლოში და იქ მოეჭრათ მისთვის ხელი. მჭედელმა გაახურა რკინა და უნდოდა შანთით მოეცილებია ხელი, მაგრამ ერთბაშად რკინაც გაუვარდა ხელიდან და თან ხელიც გაუშეშდა. მჭედელი შეშინდა და ენა ჩაუვარდა, აღარ იცოდა რა ექნა, მაგრამ წმიდა ანტონმა გადასახა ჯვარი და განკურნა. ამ სასწაულმა ყველა გააკვირვა. ყველაფერი იმ წამსვე მამასახილსს აცნობეს. მან მოიხმო წმიდა ანტონი და უთხრა: “მითხარი, რაც გსურს და აგისრულებო”. მამა ანტონმა ანიშნა, მიეცათ მისთვის ქვის მარილის ნატეხი. მათ მაშინვე მოუტანეს. ანტონი დაბრუნდა თავის გამოქვაბულში. მალე მისი ირმებიც დაბრუნდნენ, რომელთაც მისცა მარილი.

წმიდა ანტონის სახელი მოეფინა მახლობელ სოფლებს. აქ კიდევ უფრო ბევრი რამ ნახეს საკვირველი. როგორც ავღნიშნეთ ბევრი გაიტაცა მისი ცხოვრების წესმა. ანტონ მარტყოფელი მხოლოდ ხანდახან ჩამოდიოდა მონასტერში ძმათა დასარიგებლად და ღვთის მსახურების აღსასრულებლად. 

ბოლოს, როცა იგრძნო სიკვდილის მოახლოება, მოუწოდა თავის მოწაფეებს, დარიგება მისცა მათ და აკურთხა. გარდაცვალების შემდეგ მამა ანტონის პატიოსანი გვამი ჩამოასვენეს სვეტიდან მონასტერში და დიდის მოწიწებით დაკრძალეს ღვთისმშობლის ხატის წინაშე ტაძარში.

30 დეკემბერი. წინასწარმეტყველი დანიელი და სამნი ყრმანი: ანანია, აზარია და მისაელი

posted Dec 29, 2017, 8:18 AM by Mamao Thoma   [ updated Dec 29, 2017, 10:11 AM ]

30 დეკემბერი (17 დეკემბერი ძველი სტილით)

წინასწარმეტყველი დანიელი და სამნი ყრმანი:

ანანია, აზარია და მისაელი (600 წ. ქრისტეს შობამდე)



წინასწარმეტყველი დანიელი და სამნი ყრმანი: ანანია, აზარია და მისაელი. ქრისტეს შობამდე 600 წელს იერუსალიმი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო, სოლომონის ტაძარი დაარღვია, დიდი ალაფი იგდო ხელთ და ხალხი ტყვედ წაასხა. ამის შემდეგ მან დატყვევებულთაგან „ხილვით შუენიერი“ და გულისხმიერი ჭაბუკები გამოარჩია, განსაკუთრებული მზრუნველები მიუჩინა და მათი ქალდეურ მწიგნობრობაში განსწავლა და მეფის კარზე ფუფუნებაში აღზრდა ბრძანა. ტყვეებს შორის იყვნენ წარჩინებული ყმაწვილები - დანიელი, ანანია, აზარია და მისაელი, რომელთაც საჭურისთმთავარმა ბალთაზარი, სედრაქი, მისაქი და აბედნაქო დაარქვა. ჭეშმარიტ ღმერთს რომ არ განშორებოდნენ, ყრმებმა მკაცრად შემოიზღუდეს თავი საცთურთაგან: მხოლოდ მწვანილეულობასა და წყალს ღებულობდნენ, ფარულად ლოცულობდნენ და მოსეს სჯულს ერთგულებდნენ. ამისთვის ჭაბუკებს ზეგარდამო სიბრძნე მიემადლათ. ერთხელ ნაბუქოდონოსორმა შემაძრწუნებელი სიზმარი იხილა, მაგრამ გაღვიძებისთანავე გადაავიწყდა. ბაბილონელი ბრძნები უძლურნი აღმოჩნდნენ, შეეტყოთ, რა დაესიზმრა მეფეს. წმიდა წინასწარმეტყველმა დანიელმა ყველას წინაშე ადიდა ჭეშმარიტი ღვთის ყოვლადძლიერება, რომელმაც არა მარტო სიზმრის შინაარსი, არამედ მისი სიმბოლური მნიშვნელობაც გაუცხადა. მეფემ დანიელი უხვად დააჯილდოვა და ბაბილონის მმართველად დანიშნა. მალე მეფე ნაბუქოდონოსორმა ოქროს კერპი ჩამოასხმევინა, დეირის ველზე დაადგმევინა და ქვეშევრდომებს მისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. ამ განკარგულების შეუსრულებლობისათვის სამი ყრმა - ანანია, აზარია და მისაელი გახურებულ ღუმელში შეყარეს. ღუმელზე ორმოცდაცხრა წყრთით აღმატებულ ცეცხლში წმიდა ჭაბუკები მშვიდად დადიოდნენ და გალობით ადიდებდნენ ღმერთს. ზეციდან გარდამომხდარმა უფლის ანგელოზმა სახმილი განაგრილა, ყრმები კი უვნებელნი დარჩნენ. ამის დანახვაზე მეფემ მათ უბრძანა, გამოსულიყვნენ ღუმელიდან და თვითონაც აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მეფე ბალთაზარის ზეობისას წმიდა დანიელმა განმარტა უცნაური წარწერა („მანე, თეკელ, ფარეს“), რომელიც სასახლეში გამართული დიდი წარმართული ნადიმის დროს გაჩნდა კედელზე და ბაბილონის სამეფოს დაცემას მოასწავებდა. სპარსეთის მეფის, დარიოსის მეფობისას მოშურნეებისაგან დასმენილი დანიელი ლომების ბუნაგში გამოამწყვდიეს, მაგრამ მხეცები არც გაკარებიან უფლის რჩეულს. დარიოსი გაახარა წმიდანის გადარჩენამ და ბრძანა, მთელს სამეფოში ძრწოლითა და შიშით ეცათ თაყვანი დანიელის ღმერთისათვის, „რამეთუ იგი არს ღმერთი ცხოველი და გებული საუკუნეთა, მეფობა მისი არა განირყუნეს და უფლება მისი ვიდრე დასასრულამდე“.


    

ნეტარ დანიელს უფალმა ისრაელი ერისა და მთელი სამყაროს მომავალი განუცხადა. მან ზედმიწევნითი სიზუსტით იწინასწარმეტყველა ქრისტეს განკაცების ჟამიც - სამოცდაათგზის შვიდი, ე.ი. 490 წელი იმ დროიდან, როცა იუდეველები იერუსალიმის გალავნის აღდგენის ნებას მიიღებდნენ. წმიდა დანიელმა თავის ერს უშუამდგომლა დარიოსის მემკვიდრესთან, მეფე კიროსთან, რომელიც დიდად აფასებდა ნეტარს და ტყვექმნილი იუდეველები გაათავისუფლა, თავად წინასწარმეტყველი კი ტყვეობაში გარდაიცვალა. წმიდა ელენე დედოფალმა მისი ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენა.


    ერთი ცნობით, ანანიამ, აზარიამ და მისაელმა დანიელის მსგავსად დაასრულეს სიცოცხლე, კირილე ალექსანდრიელის (ხს. 9 ივნისს) მოწმობით კი მათ სპარსეთის მეფის, კამბიზის ბრძანებით თავები მოჰკვეთეს. სინას მთის ქართულმა ხელნაწერებმა შემოგვინახეს ცნობა იმის შესახებ, რომ ვარამის სპარსთა მეფის ზეობისას მომხდარა ანანიას, აზარიას და მისაელის უხრწნელი ნაწილების გამოჩინება: ბაბილონში მცხოვრები ერთი ებრაელი, რომელმაც გადმოცემით იცოდა, თუ სად იყო დაფლული ეს სიწმიდეები, მათი ძალით უამრავ კურნებას აღასრულებდა. ღვთის განგებით, ქრისტიანებმა იუდეველისაგან წამოიღეს უხრწნელი ნაწილები და მართლმორწმუნეთა თაყვანსაცემად პატივით გადააბრძანეს სამარტვილეში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.


25 დეკემბერი. წმიდა სპირიდონი, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსი

posted Dec 25, 2017, 5:18 AM by Mamao Thoma   [ updated Dec 25, 2017, 5:48 AM ]

25 დეკემბერი

წმიდა სპირიდონი, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსი (დაახ. 348)



ტროპარი

პირველსა კრებასა შინა გამოსჩნდი შენ მბრძოლად ძლიერად, საკვირველთმოქმედო, ღმერთშემოსილო სპირიდონ მამაო ჩუენო, მკუდარსა ჰკითხევდ რა, მეყუსეულად ხმა-გიყო შენ, რამეთუ გველი ოქროდ შესცვალე, და ლოცვათა შენთა ანგელოზნი გაქუნდეს თანაშემწედ და თანამწირველად შენ, ყოვლადსამღდელოო; დიდებაი, რომელმან გადიდა შენ, დიდებაი, რომელმან გვირგვინოსან გყო შენ, დიდებაი, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა!


კონდაკი

სურვილითა ქრისტესითა იღუაწე, ყოვლადსამღდელოო, გონებაი ფრთოვან-ჰყავ და ბრწყინვალებითა საღმრთოითა ხილულისა საქმითა უხილავნი საქმენი ჰპოვენ, ღმრთივსულიერო, რამეთუ მსხვერპლ შეწირულ ღმრთისა იქმენ და კადნიერად მეოხ ხარ ჩუენ ყოველთათვის.




წმიდა სპირიდონი III საუკუნის ბოლოს დაიბადა კუნძულ კვიპროსზე. მისი მშობლები ღარიბები იყვნენ. სპირიდონი მწყემსი იყო და ცოლ-შვილი ჰყავდა. იგი წმიდა და ღვთივსათნო ცხოვრებას ეწეოდა და მთელ თავის ქონებას გაჭირვებულ ახლობლებსა და მწირ-ობოლთ ახმარდა. ამისათვის უფალმა მას სასწაულთქმედების ნიჭი მიჰმადლა - იგი უკურნებელ ავადმყოფებს კურნავდა და ეშმაკებს განასხამდა.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ (იმპერატორ კონსტანტინე დიდის ზეობისას 306-337 წ.წ.) სპირიდონს კვიპროსის ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. მას ეპისკოპოსობაშიც არ შეუცვლია ცხოვრების წესი, ძველებურად მწყემსავდა პირუტყვს და კვლავ მრავალ სასწაულს აღასრულებდა.

ერთხელ კვიპროსზე საშინელი გვალვები დაიჭირა, რაც მოსახლეობას შიმშილობას უქადდა. წმიდა სპირიდონმა, წინასწარმეტყველ ელიას მსგავსად, ლოცვით მოიყვანა წვიმა, რომელიც შემდგომ მხოლოდ მისი ლოცვითვე შეწყდა. რამდენიმე წლის შემდეგ ერის ცოდვის გამო კვლავ შიმშილობა ჩამოვარდა, რამაც პურის ვაჭრების სიხარული გამოიწვია, რადგან მათ პურის მაღალ ფასებში გაყიდვა შეეძლოთ.

იმ დროს ტრიმიფუნტში ერთი ძალზე ძუნწი პურით მოვაჭრე ცხოვრობდა, რომელმაც სხვა ქვეყნებში დიდძალი პური შეიძინა, გემებით მშობლიურ ქალაქში ჩამოიტანა, ბეღლებში შეინახა და პურის კიდევ უფრო გაძვირებას დაელოდა. მან პურის გაყიდვა მხოლოდ მაშინ დაიწყო, როცა შიმშილობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია.

ამ დროს მასთან ერთი ღარიბი კაცი მივიდა პურის სათხოვნელად, რათა ის და მისი ცოლ-შვილი შიმშილით არ დახოცილიყვნენ. ხარბი ვაჭარი კი უფულოდ არაფერს იძლეოდა. ღარიბმა წმიდა სპირიდონს მიმართა. ეპისკოპოსმა იგი დაამშვიდა და უთხრა: ნუ ტირი, სახლში წადი, სულიწმიდამ მაუწყა, რომ ის ვაჭარი მალე თვითონ მოგადგება პურის სათხოვნელადო. მართლაც, იმავე ღამეს საშინელი წვიმა წამოვიდა, ნიაღვარმა ბეღლებიდან პური ქალაქის ქუჩებში გაიტანა და იქ ღარიბმა ხალხმა მისი შეგროვება დაიწყო. პურის ვაჭარი კი თავისი სახლეულით ქუჩაში დარბოდა და ხალხს ევედრებოდა, დახმარებოდნენ, რათა ღატაკად არ ქცეულიყო. ბოლოს იგი იმ ღარიბ კაცსაც მიადგა, რომელსაც დახმარების ხელი არ გაუწოდა და პური სთხოვა. თუმცა ამ შემთხვევამ ჭკუა ვერ ასწავლა - მას სხვა ბეღლებიც ჰქონდა.

ერთხელ მასთან ერთი მიწათმოქმედი მივიდა პურის სასესხებლად იმ პირობით, რომ მოსავლის აღების დროს ჩაასესხებდა. ვაჭარმა ფული მოსთხოვა. მიწათმოქმედი ატირებული მიადგა წმიდა სპირიდონს, რომელმაც იგი დაამშვიდა და სახლში გაგზავნა. მეორე დილას კი მთელი ზოდი ოქრო თავად მიუტანა და უთხრა: „წაუღე ეს ოქრო ვაჭარს და გამოართვი იმდენი პური, რამდენიც გსურს, ხოლო რაცა მოსავალს აიღებ, პური ჩაასესხე და ოქრო უკან მოიტანეო“. როდესაც მიწათმოქმედმა მას ოქრო დაუბრუნა, წმიდა სპირიდონმა მიუგო: „წავიდეთ, ძმაო, და ეს ოქრო კვლავ მას დავუბრუნოთ, ვინ იგი გვიბოძა“. ისინი ბაღში შევიდნენ. წმიდანმა ოქრო მიწაზე დადო და ილოცა: „უფალო ჩემო, იესო ქრისტე, რომელმან ყოველივე შენი ნებით ქმენ, რომელმან ფარაონის თვალწინ მოსეს კვერთხი გველად აქციე, ინებე, რათა ეს ოქრო ისევ იმ ცხოველად იქცეს, რომელიც შენ ოქროდ გარდაჰქმენ“. ამ სიტყვებზე ზოდი შეინძრა და გველად იქცა, რომელიც სწრაფად გასრიალდა. ამის შემხედვარე მიწათმოქმედმა კანკალი დაიწყო, მიწაზე დაეცა და იძახდა: მე ამ სასწაულის ხილვის ღირსი არა ვარო.

ერთხელ წმიდანთან ერთი ქალი მივიდა, რომელსაც მკლავებზე მკვდარი ჩვილი ესვენა და შემწეობა სთხოვა. ნეტარმა სპირიდონმა ილოცა და ყრმას სიცოცხლე დაუბრუნდა. დედამ სიხარულის ელდას ვეღარ გაუძლო და უსულოდ დაეცა, მაგრამ უფლის რჩეულის ლოცვით ისიც გაცოცხლდა.

ერთხელ წმიდა სპირიდონის ერთ მეგობარს უსამართლოდ გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. ნეტარი მღვდელმთავარი ქალაქში წავიდა მის გადასარჩენად. გზად მან ქრისტეს სახელით შეაჩერა კალაპოტიდან გამოვარდნილი მდინარე. მსაჯული, რომელსაც უკვე შეეტყო მომხდარი სასწაულის შესახებ, პატივით შეხვდა წმიდა სპირიდონს და მისი მეგობარი გაათავისუფლა.

წმიდანის ცხოვრებიდან ასეთი შემთხვევაცაა ცნობილი: ერთხელ იგი ცარიელ ტაძარში შევიდა, სანთლებისა და კანდელის ანთება ბრძანა და ღვთისმსახურება დაიწყო. როდესაც წარმოთქვა: „მშვიდობა ყოველთა“, მას და დიაკონს დიდი და ხმაშეწყობილი გუნდის არაამქვეყნიურად ტკბილი ხმა ჩამოესმათ: „და სულისაცა შენისა თანა.“ შემდეგ კი კვერექსის ყოველ მუხლს უხილავი გუნდი პასუხობდა: „უფალო, შეგვიწყალე!“ ეკლესიიდან გამომავალმა საკვირველმა ხმამ მიიზიდა მახლობლად მყოფი ხალხი. ისინი ტაძრისაკენ გაეშურნენ. მაგრამ როცა შიგნით შევიდნენ, ეპისკოპოსისა და რამდენიმე მღვდელმსახურის გარდა ვერავინ იხილეს და ზეციური გალობაც შეწყდა.

წმიდა სპირიდონს ადამიანთა ცოდვების ხილვაც შეეძლო. ერთხელ მან უარი უთხრა ცოდვილ ქალს, რომელსაც სურდა, მისთვის, როგორც სტუმრისათვის, ფეხები დაებანა. და შემდეგ, როდესაც სიყვარულით ამხილა იგი, დედაკაცმა მოინანია ცოდვები და წყლის ნაცვლად ცრემლით დაბანა ფეხები წმიდა მღვდელმთავარს.

წმიდა სვიმეონ მეტაფრასტი - ნეტარი სპირიდონის ცხოვრების აღმწერელი - სტუმართმოყვარეობით მას პატრიარქ აბრაამს ადარებს. სოზომენი კი თავის საეკლესიო ისტორიაში წერს: დიდი მარხვა ახალი დაწყებული იყო, როცა წმიდა სპირიდონის სახლს მწირი მოადგა. მეუფემ ასულს მიმართა: „სტუმარს ფეხები დაბანე და ტრაპეზიც გაუმზადე“. მარხვის გამო საკვები მომარაგებული არ იყო, რადგან მღვდელმთავარი საზრდელს მხოლოდ გარკვეულ დღეებში იღებდა, ამიტომაც ქალიშვილმა მიუგო, არც პური გვაქვს და არც ფქვილიო. მაშინ წმიდა სპირიდონმა სტუმარს ბოდიში მოუხადა და ასულს უბრძანა, გადანახული დამარილებული ღორის ხორცი შეეწვა. მეუფემ მწირს მაგიდასთან მიუხმო და ჭამას შეუდგა. ამ უკანასკნელმა კი განაცხადა, ქრისტიანი ვარო და შეთავაზებულ კერძებზე უარი თქვა; მასპინძელმა მიუგო: „მით უფრო არ უნდა უარობდე, რადგან უფალმა ბრძანა: „რამეთუ ყოველივე წმიდა არს წმიდათათვის“ (ტიტე 1, 15).

წმიდა სპირიდონს ჩვევად ჰქონდა, რომ აღებული მოსავლის ნაწილი გლახაკებისათვის დაერიგებინა, ნაწილი კი სესხად გაეცა. თავად მღვდელმთავარი არაფერს იძლეოდა, მხოლოდ ხელს გაიშვერდა ხოლმე ბეღელისაკენ, საიდანაც ვისაც რამდენი უნდოდა, იმდენს იღებდა, ხოლო შემდეგ ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე აბრუნებდა.

ერთხელ ქურდებმა წმიდა სპირიდონის ცხვრების მოპარვა განიზრახეს, მაგრამ უჩინარმა ძალამ ისინი იქვე შებოჭა. დილით მეუფე ფარასთან მივიდა, გაკოჭილი ავაზაკები იხილა, ლოცვის ძალით გაათავისუფლა ისინი და დიდხანს შეაგონებდა, დაეგდოთ უსჯულო ცხოვრება და საზრდელი პატიოსანი შრომით ეშოვნათ. ბოლოს უძილო ღამისათვის ორივეს თითო ცხვარი აჩუქა.

წმიდა სპირიდონი მონაწილე იყო 325 წელს ნიკეაში გამართული პირველი მსოფლიო კრებისა, რომელზეც არიოზის ცრუსწავლება დაიგმო. კრების დაწყებამდე ეპისკოპოსები ხშირად იკრიბებოდნენ და არიოზს მწვალებლობის დაგმობისკენ მოუწოდებდნენ ხოლმე; მათ შორის იყო ერთი ფილოსოფოსი, რომელიც არიოზის ერესს იცავდა. მასთან პაექრობაში წმიდა სპირიდონიც ჩაერთო, რომლის უბრალო სიტყვამ ყველას დაანახვა კაცობრივი ამაობრძნობის უძლურება ღვთაებრივი სიბრძნის წინაშე. „მისმინე, ფილოსოფოსო, - მიუგო წმიდა სპირიდონმა, - რას გეტყვი: ჩვენ გვწამს, რომ ყოვლადძლიერმა უფალმა თავისი სიტყვით არაფრისაგან შექმნა ცა, ქვეყანა, ადამიანი და მთელი ხილული და უხილავი სამყარო. ეს სიტყვა არის ძე ღვთისა, რომელიც ჩვენი ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, ქალწულისაგან იშვა, კაცთა შორის იქცეოდა, ივნო, დაეფლა ჩვენი ხსნისათვის და შემდეგ აღდგა, თავისი ვნებით გამოისყიდა კაცთა მთელი მოდგმა; გვწამს, რომ იგი ერთარსი და თანასწორია მამისა“. ამ სიტყვების შემდეგ მართლმადიდებლობის მტერი მისი მოშურნე დამცველი გახდა. მან თავის მეგობარს უთხრა: „ვიდრე არგუმენტებით მეპაექრებოდნენ, მე სხვა არგუმენტებს ვიშველიებდი და კამათის ხელოვნებით ვჯაბნიდი მეტოქეს, მაგრამ როცა გონებიდან მომდინარე დასაბუთების ნაცვლად ბერის ბაგეებიდან რაღაც განსაკუთრებული ძალა გადმოიფრქვა, ჩემი სიტყვა უძლურ იქმნა, რადგან ადამიანს არ ძალუძს წინ აღუდგეს ღმერთს. თუ რომელიმე თქვენგანს შეუძლია, ისევე იფიქროს, როგორც მე ვფიქრობ, ირწმუნოს ქრისტე და ჩემთან ერთად შეუდგეს ამ ბერს, ვისი პირითაც თვით უფალი მეტყველებდა“.

კრების მსვლელობისას წმიდა სპირიდონმა უფრო დიდი სასწაული მოახდინა. იმისათვის, რომ თვალნათლივ, მაგალითის სახით ეჩვენებინა მოწინააღმგებისათვის (არიანელთათვის), თუ როგორაა ყოვლადწმიდა სამება ერთიც და სამიც, ანუ სამპიროვანი და ერთარსი, ნეტარმა მღვდელმთავარმა აიღო აგური, ხელი მოუჭირა და ყველამ დაინახა, როგორ ავარდა აგურიდან მაღლა ცეცხლი, ხოლო წყალი ქვემოთ ჩამოიღვარა, აგური კი უცვლელი დარჩა. „აქ სამი სტიქიაა (ცეცხლი, წყალი და თიხა), აგური კი ერთია; ასევე ყოვლადწმიდა სამებაც - სამი პირი და ერთი ბუნება, - განუცხადა მოწინააღმდეგეებს სპირიდონმა.

კრების დამთავრებისთანავე, სხვა მღვდელმთავრების მსგავსად, წმიდა სპირიდონმაც საკუთარ ქალაქს მიაშურა. სწორედ ამ დროს გარდაიცვალა მისი ქალიშვილი ირინე, რომელმაც თავისი სიყმაწვილე უბიწო და ღვთივსათნო ცხოვრებაში გაატარა. ირინეს დაკრძალვამდე წმიდა სპირიდონთან ერთი დედაკაცი მივიდა და შესჩივლა: თქვენს ასულს ოქროს სამკაული ჩავაბარე შესანახად და ახლა მას ვიღა დამიბრუნებსო. მეუფემ მთელ სახლში ეძება სამკაული, მაგრამ ვერსად მიაგნო. მაშინ იგი მივიდა განსვენებულთან და უთხრა: „შვილო, ირინე, სად არის ამ დედაკაცის მიერ მობარებული სამკაული?“ ქალიშვილი თითქოს ძილიდან გამოერკვაო, ალაპარაკდა და დაასახელა ის ადგილი, სადაც სამკაული ინახებოდა. შემდეგ წმიდა სპირიდონმა მიუგო: „ახლა კი იძინე, შვილო, ვიდრე უფალი მეორედ მოსვლის ჟამს არ გამოგაღვიძებს“. ამის მხილველნი განცვიფრდნენ, წმიდა სპირიდონმა კი სამკაული მოძებნა და დედაკაცს გადასცა.

იმპერატორ კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ძე, კონსტანცი ავიდა (337-361 წ.წ.). ერთხელ ანტიოქიაში ყოფნისას იგი მძიმე სენმა შეიპყრო. ექიმებმა ვერაფერი იღონეს მეფის განსაკურნებლად, რის გამოც მან ისინი დაითხოვა და საშველად უფალს მიმართა. ღამით მან სიზმარში ანგელოზი იხილა, რომელმაც მღვდელმთავართა მთელი გუნდი წარუდგინა, შემდეგ ორ მათგანზე მიუთითა და უთხრა, რომ მისი განკურნება მხოლოდ მათ შეეძლოთ. მათგან ერთ-ერთი ჯერ ეპისკოპოსი არც იყო. მეფემ ახლომახლო ოლქების ყველა ეპისკოპოსი შეაკრებინა, მაგრამ მათ შორის ხილვისას ანგელოზის მიერ დასახელებულნი არ იყვნენ. ისინი არც ხელმეორე შეკრებაზე ჩანდნენ. მაშინ იმპერატორმა მთელი იმპერიის ეპისკოპოსთა შეკრება ითხოვა. როცა ტრიმიფუნტში მეფის ბრძანებამ ჩააღწია, წმიდა სპირიდონს უფლისაგან უკვე ყოველივე ნაუწყები ჰქონდა. მან წაიყვანა თავისი მოწაფე ტრიფილი (შემდგომში ლევკუსიის ეპისკოპოსი, ხსენება 13 ივნისს) და ანტიოქიაში ჩავიდა. სპირიდონს ფინიკის კვერთხი ეჭირა და იმდენად უბრალოდ ეცვა, რომ სასახლის კარისკაცმა იგი შენობაში არ შეუშვა, მეტიც, ხელიც კი გაარტყა. წმიდანი მაცხოვრის შეგონების მიხედვით მოიქცა და მეორე ლოყაც მიუშვირა. კარისკაცი მიხვდა, რომ მის წინაშე ეპისკოპოსი იდგა, შეიგნო საკუთარი შეცოდებაც და შენდობა ითხოვა.

მეფემ შესვლისთანავე იცნო ხილვაში ნანახი ეპისკოპოსი და მისი მოწაფე. მიუახლოვდა, დაუჩოქა და ტირილით სთხოვა კურნება. მღვდელმთავარმა თავზე ხელი შეახო თუ არა, კონსტანცი მეყსეულად განიკურნა. იმპერატორის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მთელი დღე მან წმიდა სპირიდონთან გაატარა, რომლისაგან მრავალი საჭირო დარიგება მიიღო - როგორც მონარქმა და როგორც უბრალო მოკვდავმა. ამასთან, წმიდანმა შეაგონა მეფე, რომ ეკლესიის საწინააღმდეგო არაფერი ჩაედინა (ცნობილია, რომ კონსტანცი მანამდე არიანელებს თანაუგრძნობდა) . იმპერატორს სურდა, უხვად დაეჯილდოვებინა წმიდა სპირიდონი, მაგრამ მან მიუგო: „არ ეგების სიყვარულის საზღაური სიძულვილით იქნას გადახდილი, რამეთუ ის, რაც მე მოვიმოქმედე, სიყვარულია, ხოლო ოქრო კი ყოველგვარი სიავისა და სიძულვილის წყაროა“.

მხოლოდ მეფის უკიდურესი დაჟინების შემდეგ დათანხმდა წმიდა მამა ოქროს აღებას, მაგრამ ის მაშინვე უპოვართ დაურიგა. წმიდა სპირიდონის დარიგების თანახმად, იმპერატორმა მღვდლები, დიაკვნები და სხვა საეკლესიო მსახურები გადასახადებისაგან გაათავისუფლა.

წმიდა მღვდელმთავარი ზოგჯერ სიმკაცრესაც იჩენდა. განსაკუთრებით ამპარტავნებისა და ცუდმედიდების მიმართ. ერთხელ იგი ქალაქ ერითრას ტაძარში შევიდა და იქ მყოფ ერთ-ერთ დიაკონს მოკლე ლოცვის აღსრულება სთხოვა. მკის ჟამი იყო და ძალზე ცხელოდა. გარდა ამისა, მეუფე მგზავრობით იყო დაღლილი, დიაკონმა კი საკუთარი ხმისა და გალობის უნარის წარმოჩინების მიზნით განგებ გააგრძელა ლოცვა. მაშინ წმიდა სპირიდონმა მკაცრად შეხედა დიაკონს და უბრძანა, დადუმებულიყო. დიაკონი იმავე წუთს დამუნჯდა. ყველას შიშის ზარი დაეცა. ეს ამბავი მთელ ქალაქს მოედო და ყველა სასწაულის სანახავად გამოეშურა. დიაკონი ფეხებში ჩაუვარდა წმიდა სპირიდონს და ხელებით ანიშნა, მისთვის მეტყველების უნარი დაებრუნებინა. იგივეს ევედრებოდნენ წმიდა მღვდელმთავარს დიაკვნის ახლობლები და მეგობრებიც. ბოლოს მეუფემ დიაკონს დაუბრუნა მეტყველება, მაგრამ იგი სამუდამოდ ენაბრგვილი დარჩა და ხმაც დაუსუსტდა, რათა შემდგომში კვლავ არ ეამპარტავნა თავისი ნიჭით.

ალექსანდრიის პატრიარქმა ეპისკოპოსთა კრება მოიწვია, რათა ერთობლივი ლოცვით დაემხოთ ქალაქში ჯერ კიდევ მრავლად არსებული წარმართული კერპები. მღვდელმთავართა ლოცვით მართლაც ყველა კერპი დაინგრა, გარდა ერთისა, რომელიც წარმართთა შორის განსაკუთრებით პატივდებული იყო. პატრიარქი ბევრს ლოცულობდა და უფალს კერპის შემუსვრას სთხოვდა. ერთ ღამესაც მას ხილვა ჰქონდა, რომლითაც ეუწყა, რომ სპირიდონ ტრიმიფუნტელი უნდა მოეწვია. როდესაც წმიდა სპირიდონს ამის თაობაზე აცნობეს, იგი გემით გაემგზავრა ალექსანდრიისაკენ. როგორც კი ხომალდიდან გადმოვიდა და მიწას ფეხი დაადგა, კერპი მაშინვე დაინგრა. როდესაც ამის შესახებ პატრიარქს შეატყობინეს, მან წამოიძახა: „მეგობრებო, სპირიდონ ტრიმიფუნტელი გვიახლოვდება“.

მთელი ქალაქი სიხარულით შეეგება წმიდა საკვირველთმოქმედ მღვდელმთავარს.

სიცოცხლის უკანასკნელ დღეს წმიდა სპირიდონი სამკალად წავიდა. პაპანაქება სიცხეში მკის დროს ყველამ დაინახა, როგორ დაეშვა ზეციდან ცვრის ღრუბელი და წმიდანს თავზე დაადგა. შემდგომ მას თმის ნაწილი გაუყვითლდა, ნაწილი გაუშავდა და ნაწილი გაუთეთრდა. მეუფემ თავზე ხელი გადაისვა, უკანასკნელად დამოძღვრა იქ მყოფნი და უთხრა, რომ დადგა მისი სულისა და სხეულის გაყრის დრო. წმიდა სპირიდონი ლოცვით აღესრულა. იგი ტრიმიფუნტის წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში დაკრძალეს. აქ წმიდანის ნეშტი VII საუკუნემდე განისვენებდა. შემდეგ იგი არაბების თავდასხმის გამო კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, რომლის დაცემის შემდგომ, 1453 წლის 29 მაისს მღვდელმა გიორგი კალოხერეტმა წმიდანის ნეშტი ჯერ სერბიაში წააბრძანა, ხოლო იქიდან 1460 წელს კუნძულ კორფუზე წაასვენა, სადაც იგი დღემდე უხრწნელად ინახება მისსავე სახელზე აგებულ ტაძარში. წმიდანის მარჯვენა ხელი რომშია დაცული.


თარგმნა ხათუნა რაქვიაშვილმა

თბილისი, 2004 წელი



24 დეკემბერი. ხსენება ყოველთა წმიდათა საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა

posted Dec 24, 2017, 5:56 AM by Mamao Thoma   [ updated Dec 24, 2017, 6:01 AM ]


24 დეკემბერი


ხსენება ყოველთა წმიდათა საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა




ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია. არავინ იცის, რამდენმა მოიბანა მიწიერი მწიკვლი ქრისტესთვის თავდადებით უსჯულოებთან ბრძოლისას, რამდენმა განიწმიდა სული მონასტრის ცივ კელიებში ლოცვით, მარხვითა და მოღვაწეობით, მხოლოდ ღმერთმა იცის ჩუმად მოღვაწე იმ ერისკაცთა და დედათა შესახებ, რომლებიც დაუღალავად ჭედდნენ საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ქვეყნის მომავალს.

„რაჟამს ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს და არცა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩვენი“, - სარწმუნოებრივ-ეროვნული თვითშეგნებით ბრძანა წმიდა მამა გიორგი მთაწმინდელმა თავის დროზე.

„არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელ ქმნილ ვართ, ვინაჲთგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ - მოწამე არს ჭეშმარიტება“, - ვკითხულობთ რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერაში და ეს იყო ყოველი ქართველის ცხოვრების ქვაკუთხედი.

    შეუძლებელია საქართველოს სამოციქულო ეკლესიიდან ზეციურ, მედღესასწაულე ეკლესიაში ამაღლებულ ქრისტიანთა ჩამოთვლა, და, მით უმეტეს, შეუძლებელია მათი ღვაწლის აღწერა: „ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები, ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები“ (აკ. წერეთელი). სწორედ ამ შეუძლებლობის გამო წერია დღევანდელი დღის მოსახსენებელში, რომ „საქართველოში წამებულთა მამათა და დედათა შორის უნდა ვიგულისხმოთ“ და ყველასათვის ცნობილ წმიდათა სახელებს გარდა, ქართული ანბანის მიხედვით ჩამოთვლილია მამათა და დედათა სამასამდე ქართული წარმოშობის სახელი:

- აბელი, აბესალომ, აბუსერ, ავაგი, ავგაროზი, ავთანდილი, ალმასხანი, ამირანი, ამირანდო, ანდუყაფარი, არჯევანი, ასლანი, ასპანი, აფრასიონი, აღბულა, ბაადური, ბადრი, ბაბილა, ბაკური, ბარათა, ბახვა, ბახუტა, ბებური, ბეგლარი, ბედიანი, ბეკო, ბეჟანი, ბერი, ბექა, ქეშქენი, ბეცია, ბირთველი, ბიჭია, ბოცო, გაგა, გარსევანი, გახა, გელა, გემელი, გივი, გოდერძი, გოსტაბაში, გოჩა, გოჯასპირი, გუგუნა, გულბაათი, გურასპი, გურგენი, დარისპანი, დარჩია, დემური, დიასამი, დოლენჯი, დურმიშხანი, ედიშერი, ევდომოსი, ეზრა, ელგუჯა, ერეკლე, ვამეყი, ვამეხი, ვაჟა, ვარაზა, ვარაზვაჩე, ვარამი, ვარდენი ან ვარდანი, ვაჩე, ვახუშტი, ვირშელი, ზაალი, ზაზა, ზაუტა, ზებედე, ზურაბი, თადია, თათე, თარხანი, თაყა, თეიმურაზი, თენგიზი, თორღვა, იაგორი, იაკინთე, იასე, იმედა, იოთამი, იორამი, კახაბერი, კვირია, კიკოლა, ლაშა, ლევანი, ლიპარიტი, ლომინი, ლუხუმი, მალხაზი, მამამზე, მამისა, მამისთვალი, მამუკა, მანუჩარი, მაყა, მახარე, მერაბი, მინდია, მირმანოზი, მურმანი, მურზაყანი, ნავროზი, ნარიმანი, ნინია, ნოდარი, ნოშრევანი, ნუგზარი, ოთარი, ომანი, ონისიმე, ოსე, ოტია, ოქროპირი, პაატა, პაპალა, პაპუნა, რამაზი, რამინი, რატი, როინი, რომანი, როსები, როსტვანი, როსტომი, სავამი, სავლე, სარგისი, სარდიონი, სარიდანი, საურმაგი, სესე, სეხნია, სიაოში, სიდამონი, სულა, სულმამა, სულხანი, სუმბატი, ტარიელი, ტეტია, უფლისა, უშანგი, ფარემუზა, ფარნაოზი, ფარსადანი, ფეშანგი, ფირანი, ფიროზი, ფოცხვერი, ფრიდონი, ქავთარი, ქართლოსი, ქვაბული, ქველი, ქობული, ქუცნა, ღვთისავარი, ღუღუნი, ყარამანი, ყაფლანი, ყაყიტა, ყვარყვარე, შაბურ, შადიმანი, შამადავლე, შანშე, შერმაზანი, შერგილი, შერმადინი, შიაოში, შოთა, შოშიტა, ცისკარა, ცოტნე, წათე, ხარება, ხახუტა, ხოსიტა, ჭოლა, ჯაბა, ჯავახი.

- აგრაფინა, ანუკა, ასკილა, ასმათი, ასპიროზი, ბორენა, გვანცა, გუგულა, გულვარდისა, გულისა, გულნაზი, გულნარა, გულქანა, გულჯავარი, დარეჯანი, დესპინე, ესმა, ვარსკვლავისა, ზეინაბი, თათია, თამთა, თეონა, თინათინი, თმაგიშერა, თუთა, თუთია, კესარია, კრავაი, ლამაზა, ლამარა, ლელა, ლერწმისა, მაგდანი, მაია, მაკა, მანანა, მარგალიტა, მარეხი, მზეთვალა, მზექალა, მზეხა, მზისთანადარი, მნათობი, მნათობისა, მონავარდისა, ნადია, ნარგიზი, ნესტანი, პირიმთვარისა, პირიმზე, როდამი, რუსუდანი, საგდუხტა, ტერეზია, უმანკო, ფატმანი, ფაქიზო, ფაცია, ქაბატო, ქალია, ქურციკი, ცაცო, ცისკარა, ციცინო, ხათუთა, ხვარამზე, ხვაშაქი, ხორეშანი.

    ქართველ ქრისტიანთა საკმაოდ დიდი ნაწილი ამ დღეს მოხსენებულ წმიდათა სახელებს ატარებს და მათგან ითხოვს მეოხებას.


„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

„საქართველოს ეკლესიის კალენდარი“, 2004 წ.


19 დეკემბერი. წმიდა ნიკოლოზი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი და საკვირველთმოქმედი.

posted Dec 19, 2017, 5:03 AM by Mamao Thoma   [ updated Dec 19, 2017, 5:03 AM ]

19 დეკემბერი

წმიდა ნიკოლოზი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი და საკვირველთმოქმედი (335).



წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მაშინ ეს მხარე რომის იმპერიის კუთვნილება იყო. მძიმე დევნას განიცდიდა ქრისტეს მებრძოლი, ახლადდაარსებული ეკლესია. რომის იმპერატორმა ვალერიანმა, წარმართული ღმერთების ერთგულმა თაყვანისმცემელმა, მთელს იმპერიაში გასცა განკარგულება, რომ ედევნათ ქრისტიანები. დევნას განიცდიდნენ არა მარტო ღვთისმსახურნი, ერის ხალხიც. მათ თავიანთ მწყემსმთავრებთან ერთად აწამებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ. სწორედ ამ დროს დაიბადა წმინდა ნიკოლოზი.

მის მშობლებს თეოფანეს და ნონას დიდხანს არ ჰყავდათ შვილი. ისინი ძალიან მდიდრები იყვნენ და თავიანთი ქონებიდან გაჭირვებულთათვის უამრავ მოწყალებას გასცემდნენ. ამის გამო ადამიანთა სიყვარულითა და პატივისცემით იყვნენ გარემოსილნი. ამ სათნოებისათვის და ღვთისმოშიში ცხოვრებისათვის, აგრეთვე გულმხურვალე ლოცვისათვის ღმერთმა მათ ვაჟი უბოძა, მომავალი მღვდელმთავარი და სასწაულთმოქმედი.


სასწაულთმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავნა. ნათლობისას ჩვილი ნიკოლოზი დამოუკიდებლად იდგა ემბაზში რამდენიმე საათის განმავლობაში.

დედის რძეს კი ოთხშაბათობითა და პარასკევობით მხოლოდ საღამო ხანს მიირთმევდა. სიყრმიდანვე უყვარდა სახარების კითხვა, ტაძარში სიარული და დიდ დროს უთმობდა გულმოდგინე ლოცვებს. მშობლებიც უწყობდნენ ხელს ბიჭს ასეთი ხასიათის ჩამოყალიბებაში. ისინი არა მარტო სახლში, გზაშიც კი არ წყვეტდნენ ნიკოლოზის ქრისტიანულ აღზრდას და მათი სწავლება ისე მტკიცედ გაუჯდა ბავშვს, რომ ბავშვობიდანვე შეიყვარა გლახაკები. არასდროს ისე არ ჩაუვლიდა, სანუგეშო სიტყვა რომ არ ეთქვა და მოწყალება არ მიეცა მათთვის.

ყრმობისას მხოლოდ სახარებისადმი ლტოლვას ამჟღავნებდა, არ ერეოდა ამხანაგთა უაზრო საუბრებსა და გართობებში, სახეზეც კი არ უყურებდა მათ. ამის შემხედვარე ბიძამ, პათარას ეპისკოპოსმა, დაარწმუნა მშობლები, მიეცათ შვილი ღვთის სამსახურში და მათი ნებართვით აიყვანა იგი მღვდლის ხარისხში.

მისი ხელდასხმისას ეპისკოპოსმა ასე მიმართა ხალხს:

- მე ვხედავ ახალ ამომავალ მზეს დედამიწაზე, ტკბილ მანუგეშებელს მწუხარეთა და ტანჯულთათვის. ბედნიერია ის სამწყსო, რომელსაც იგი დამწყემსავს. იგი განამტკიცებს მათ რწმენაში, ასწავლის სათნო და ღვთისმოშიშ ცხოვრებას, იქნება ყველა გაჭირვებულის შემწე.

და მართლაც წმინდა ნიკოლოზმა მთელი თავისი ცხოვრებით აღასრულა ბიძის ეს წინასწარმეტყველური სიტყვები. მას არასდროს შეუწყვეტია ტანჯულთა შემწეობა, დამცირებულთა და უსუსურთა განმტკიცება, სათნო საქმეების კეთება. მღვდელთმთავრობისას კი უფრო მკაცრ მოსაგრეობას ეწეოდა, იყო განუწყვეტლივ მღვიძარებაში, მკაცრ მარხვასა და ლოცვაში, სულ უფრო მაღლა და მაღლა იწევდა სრულყოფილების საფეხურებზე, სულ უფრო უახლოვდებოდა უსხეულო მდგომარეობას.

ხელდასმიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ ბიძამისი იერუსალიმში გაემგზავრა წმინდა ადგილების მოსალოცად და თავის ძმისშვილს დაავალა ეპარქიის გამგეობა. წმინდა ნიკოლოზი ამას მთელი პასუხისმგებლობით შეუდგა. ამასობაში მისი მშობლები გარდაიცვალნენ და მას მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვეს. წმინდა ნიკოლოზმა მთელი ეს ქონება ღარიბ-ღატაკებს დაურიგა, მრავალ ადამიანს შეეწია. ყოველივე ამას აკეთებდა უჩუმრად, სხვებისაგან დამალულად.


ერთხელაც ერთმა თვალსაჩინო გვარის წარმომადგენელმა მთელი თავისი ქონება უბედურ გარემოებათა გამო დაკარგა და სიღატაკეში ჩავარდა. მას სამი ქალიშვილი ჰყავდა, სილამაზით გამორჩეულნი. მან გადაწყვიტა ქალიშვილების უბიწოება ლუკმა-პურის საშოვნელად გამოეყენებინა და უკვე მზადაც იყო ამის გასაკეთებლად, რომ შუაღამისას წმინდა ნიკოლოზმა ფანჯრიდან ოქროთი სავსე ქისა შეუგდო.

დილით კაცმა რომ სასთუმალთან ოქროთი სავსე ქისა იპოვა, ტირილი დაიწყო, ღმერთს მადლობა შესწირა, საქმეები გამოასწორა და უფროსი ქალიშვილიც კარგად გამზითვებული გაათხოვა. ეს რომ წმინდა ნიკოლოზმა შეიტყო, გახარებულმა გადაწყვიტა მეორე ქალიშვილის ბედიც ასე მოეწყო. ისევ უჩუმრად შეუგდო კაცს ფანჯრიდან ოქროთი სავსე ქისა.

დილით მოხუცმა ქისა რომ დაინახა, მუხლებზე დაემხო და ღმერთს შეჰღაღადა:

- ღმერთო, რომელმაც საკუთარი სისხლით გამოგვისყიდე, ახლა ჩემი ქალიშვილებიც შეიწყალე, მაჩვენე ის მიწიერი ანგელოზი, რომელმაც გვიხსნა ცოდვისაგან, ცუდი განზრახვისაგან.

მამამ მეორე ქალიშვილიც კარგად გაათხოვა. მერე კი მღვიძარებაში ატარებდა ღამეებს, რადგან გრძნობდა, არც მესამე ქალიშვილს დააკლებდა უცნობი მფარველი თავის წყალობას. ერთ ღამესაც, როცა ნიკოლოზმა კვლავ გააღო ფანჯარა და ქისა შეაგდო ოთახში, მოხუცი გაეკიდა, იცნო ნიკოლოზი, დაემხო მის ფეხებთან და ცრემლებით მმადლობდა. წმინდა ნიკოლოზმა წამოაყენა და მოხუცი და სთხოვა არავისთვის ეთქვა ეს ამბავი.

ამასობაში ბიძამისი დაბრუნდა. წმინდა ნიკოლოზმა ჩააბარა მას ეკლესია, თვითონ კი პალესტინაში გაემგზავრა წმიდა ადგილების თაყვანსაცემად. გემი ეგვიპტის ნაპირებს რომ მიუახლოვდა, ნიკოლოზმა აუწყა თანამგზავრებს ქარიშხლის მოახლოება. მართლაც მალე დაუბერა ძლიერმა ქარმა, ზღვა აღელდა, ცა ტყვიისფერი ღრუბლებით დაიფარა და ამოვარდა ძლიერი ქარიშხალი. ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო გემის დაღუპვა. ყველა წმინდა ნიკოლოზს ევედრებოდა შველას. მაშინ დაემხო წმინდანი მუხლებზე და იწყო გულმოდგინე ვედრება. ქარი უეცრად ჩადგა, ცა განათდა და ზღვაც დაწყნარდა. ყველა განაცვიფრა ნიკოლოზის საკვირველთმოქმედმა ძალამ. მერე ყველამ ერთად მადლობა შესწირა ღმერთს.

ამ დროს მგზავრი, რომელიც შიშისაგან ანძაზე ასულიყო, ჩამოვარდა და ძირს დაენარცხა, მაგრამ წმინდა ნიკოლოზის ლოცვებით ისე აღსდგა, არანაირი ტკივილი არ უგრძვნია.

პალესტინაში წმინდა ნიკოლოზმა მოიარა ყველა წმინდა ადგილი, თაყვანი სცა უფლის საფლავს, გულმხურვალედ ილოცა გოლგოთაზე, უფლის ჯვარცმის ადგილზე. არსებობს გადმოცემა, რომ იერუსალიმის ტაძრის კარები ნიკოლოზის მიახლოებისას თავისთავად გაიღო და იგი დაუბრკოლებლივ შევიდა მასში.

დიდხანს დაჰყო ნიკოლოზმა იერუსალიმში, აღარც აპირებდა პათარაში დარბუნებას, უდაბნოში ფიქრობდა განმარტოებას, მაგრამ ღვთის ნება სულ სხვა იყო და იგიც იძულებული გახდა ეზრუნა სამშობლოში დაბრუნებაზე. შეუთანხმდა კიდევაც ერთი გემის მეზღვაურებს, რომ წაეყვანათ ლუკიაში, მაგრამ მეზღვაურებმა მოატყუეს, ისარგებლეს ზურგის ქარით და გემი სულ სხვა მიმართულებით წაიყვანეს. ამაოდ ემუდარებოდა მათ წმინდანი შეესრულებინათ თავიანთი დაპირება, მაგრამ მათ ყურიც არ ათხოვეს. მაშინ იწყო ნიკოლოზმა ლოცვა. უფალმა ისმინა მისი, ამოვარდა ძლიერი ქარი, შემოატრიალა გემი და ლუკიის ნაპირისკენ გააქანა. დაბნეულ და შეშინებულ მეზღვაურებს სათნო და უბოროტო ნიკოლოზმა არაფერი დაუშავა, საყვედურიც კი არ დასცდენია და მშვიდობიანად გაისტუმრა ისინი.

წმინდა ნიკოლოზი მთელის სულითა და გულით ილტვოდა განმარტოებისაკენ. სამშობლოში ჩასვლის შემდეგაც არ დაბრუნებულა იგი პათარაში. ბიძამისისი დაარსებულ სიონის მონასტერს მიაშურა და ამ სავანეში აპირებდა ლოცვებში გაეტარებინა ცხოვრების დარჩენილი დღეები. სიონის ბერებმა სიხარულით და სიყვარულით მიიღეს სათნო საქმეებით ცნობილი მღვდელი, მაგრამ ღმერთი სულ სხვა რამისთვის ამზადებდა თავის რჩეულს. მას არ სურდა ასეთი მნათობი ვიწრო სენაკში რომ გამოკეტილიყო. ერთ ღამესაც, როცა წმინდა ნიკოლოზი ლოცვაზე იდგა, ესმა ხმა:

- თუ გინდა ჩემგან გვირგვინის მიღება, იღვაწე ადამიანთა ეკლესიური განათლებისათვის.

დააფიქრა ღვთის რჩეული ამ სიტყვებმა. მალე ისევ მოესმა ხმა:

- მონაზვნური განმარტოება, ის გზა არ არის, რომლითაც უნდა მემსახურო. წადი ხალხთან, ადიდე მათში ჩემი სახელი და ამრავლე ქრისტეს საუფლოს წევრთა რიცხვი.

მაშინ გადაწყვიტა ნიკოლოზმა ლუკიის მთავარ ქალაქში, მირონში, მისთვის უცხო ადგილზე წასვლა, რათა იქ ესწავლებინა ხალხისთვის უფლის გზა.

ასე ამზადებდა უფალი თავის რჩეულის გზას უმაღლესი მსახურებისათვის. სწორედ მისი მირონში ჩასვლისას გარდაიცვალა ამ ქალაქის მთავარეპისკოპოსი. ღამით შეიკრიბნენ მღვდელმთავრები ახალი ეპისკოპოსის ასარჩევად. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ მათ ლოცვით მიმართეს ღმერთს და შესთხოვეს, გამოეგზავნა მათთვის ღირსეული ადამიანი. ღმერთმაც ისმინა მათი და ერთმა უხუცესმა ეპისკოპოსმა იხილა უჩვეულო ნათლის გარემოსილი კაცი, რომელმაც ამცნო, რომ დამდგარიყო ეკლესიის კართან ღამით და დალოდებოდა პირველ მომსვლელს:

- ვინც პირველი შემოვა ეკლესიაში, - უთხრა ღვთისმოსავმა ეპისკოპოსს, - ის იქნება ღვთის რჩეული. მისი სახელია ნიკოლოზი.

უხუცესმა ეპისკოპოსმა თავისი ხილვა ამცნო სხვებს, დადგა ეკლესიის კართან, სხვები კი ეკლესიაში ელოდნენ ღვთის რჩეულის გამოჩენას. ამ დროს ნიკოლოზმა ჩვეულებისამებრ ღამე ლოცვაში გაატარა და გამთენიისას გაეშურა ეკლესიისაკენ. კართან იგი დადარაჯებულმა ეპისკოპოსმა შეაჩერა და სახელი ჰკითხა. მან მშვიდად ამცნო თავისი სახელი. მაშინ ეპისკოპოსმა შეიყვანა იგი ტაძარში და განუცხადა ღვთის ნება. ეს ამბავი სწრფად მოედო მთელს ქალაქს. ტაძარი გაივსო ხალხით. წმინდანი ჯერ უარზე იყო, მაგრამ მერე დასთმო, რადგან ჯერ კიდევ ტაძარში მისვლამდე იხილა, როგორ უწვდიდა ღვთისმშობელი ომოფორს. მიხვდა, ეს მართლაც უფლის ნება რომ იყო და დასთმო. მაშინ უხუცესმა ეპისკოპოსმა ასე მიმართა ხალხს:

- მიიღეთ მწყემსი, რომელიც გამოირჩია სული წმიდამ და რომელსაც უფალმა უბრძანა ჩვენი სულების მართვა.

ხალხი გახარებული მმადლობდა უფალს, მღვდელმთავრებმა აიყვანეს ნიკოლოზი ეპისკოპოსის ხარისხში.

- ეპისკოპოსმა ცხოვრება სხვაგვარად უნდა წარმართოს. სხვებისათვის უნდა ვიცხოვრო, ჩემთვის კი არა, - ეუბნებოდა თავს და იხსენებდა პავლე მოციქულის სიტყვებს ტიმოთესადმი:

- იყავ ნიმუში ერთგულთათვის სწავლაში, ცხოვრებაში და რწმენაში.

მან შეიცვალა ცხოვრების წესი, გახსნა კარი ყველასთვის და სამაგალითო და მისაბაძი გახდა სამწყსოსათვის თავისი სათნო, ღვთისნიერი ცხოვრებით, გულითადი სიყვარულით ადამიანებისადმი. იგი გამოირჩეოდა თავმდაბლობით, მორჩილი სულით, ყოველგვარი ქედმაღლობა და სიამაყე მისთვის უცხო იყო. ატარებდა სადა ტანსაცმელს, საკვებს მცირედს იღებდა, იკვებებოდა საღამოობით, მხოლოდ ერთხელ, ყველას სიყვარულით ხვდებოდა, ყურადღებით უსმენდა, ხალისით ეხმარებოდა, ანუგეშებდა, დაჩაგრულებს, ქვრივებსა და ობლებს ექომაგებოდა და ეხმარებოდა.

ამასობაში დაიწყო ქრისტიანთა დევნა.


მეოთხე საუკუნის დასაწყისში, ქრისტეს შობიდან 303 წელს, რომის იმპერატორებმა დიოკლეტიანემ და ვალერიმ ბრძანება გასცეს, დაენგრიათ ქრისტიანული ტაძრები, დაეწვათ წიგნები და ქრისტიანთათვის ჩამოერთმიათ სამოქალაქო უფლებანი და თანამდებობანი. ამით კი ეიძულებინათ ისინი, უარეყოთ ქრისტე. ურჩები უნდა დაესაჯათ. დევნა იწყეს დედაქალაქში - ნიკომიდიაში. სწორედ აქ დაწვეს აღდგომის დღეს 20000 ქრისტიანი, თვითონ ტაძარი კი დაანგრიეს. შემდეგ დევნამ გადაინაცვლა რომის იმპერიის სხვა ოლქებში, პროვინციებში. ასე იქცა მთელი მსოფლიო სასაკლაოდ. ყველა ქალაქში იწყეს მოსახლეობის აღწერა და ამ სიის მიხედვით ყველას აიძულებდნენ მსხვერპლი შეეწირათ წარმართთა ღმერთებისათვის. შეუძლებელი იყო გაქცევა. ასე ხმარობდნენ ყოველგვარ ღონეს ქრისტეს რწმენის აღმოსაფხვრელად. ზოგს შოლტებით სცემდნენ, ზოგსაც თავქვე ჰკიდებდნენ, ზოგს გახურებულ ტყვიას ასხამდნენ და ა.შ. დასახიჩრებულ ქრისტიანებს კურნავდნენ და მერე განკურნებულებს კვლავ აწამებდნენ. ასე უნდოდათ აეცილებინათ მათთვის მოწამის გვირგვინი და ეიძულებინათ უარეყოთ ქრისტე.

„მე თვით ვიყავი იმის მოწმე, - წერს ევსევი ჟამთააღმწერელი, - რკინა რომ ბლაგვდებოდა და ტყდებოდა, დაღლილი ჯალათები ცვლიდნენ ერთმანეთს, და მე ვხედავდი ქრისტეს აღმსარებლობის ნამდვილ ღვთიურ ძალას და მხნეობის საოცარ აღმაფერნას. გამოუტანდნენ განაჩენს ერთს და მაშინვე მის ადგილს იკავებდნენ სხვები, აღიარებდნენ ქრისტეს და სულაც არ ფიქრობდნენ იმ სატანჯველზე, რაც მათ ამისთვის ელოდათ“.

სწორედ ამ დროს აძლიერებდა წმინდა ნიკოლოზი თავის სამწყსოს. იგი მფარველი ანგელოზივით ეცხდებოდა ყველა დევნილს, თავისი სათნო სიტყვითა და ნუგეშით ამხნევებდა ყველას. ამისთვის იგი შეიპყრეს და სხვებთან ერთად დილეგში ჩააგდეს. იგი მხნედ იტანდა შიმშილს, წყურვილს, ტანჯვას. საპყრობილეშიც ქადაგებდა ღვთის სიტყვას, გასცემდა მოწყალებას. ანუგეშებდა იქ მყოფთ თავისი საუბრებით, ამტკიცებდა მათ, ასე, რომ საპყრობილეც საქადაგებელ ადგილად აქცია. 8 წელი გრძელდებოდა ასე. დევნა დროდადრო ნელდებოდა, მაგრამ ქრისტეს მდევნელნი ქრისტიანებს რომ აღმოაჩენდნენ, მათი სიძულვილი კვლავ იღვიძებდა და დევნა ძლიერდებოდა.

გავიდა დრო და მდგომარეობა გამოკეთდა. კონსტანტინე დიდმა, რომელიც დიოკლიტიანეს შემდეგ გახდა იმპერატორი, ქრისტიანთა მფარველობა იწყო და თვითონაც ქრისტიანი გახდა. ამის მიზეზი კი იყო ნიშანი ციდან, როცა მან მეტად სახიფათო ბრძოლაში ჩაბმის წინ იხილა, თუ როგორ გამოიხატა ცაზე ცეცხლოვანი ჯვარი და მის ზემოთ წარწერა: „ამით სძლიე“.

მოუხმო ჯარში მყოფ ქრისტიანებს და გამოიკითხა ამ ნიშნის შესახებ.

- ჯვარი უკვდავების და სიკვდილზე გამარჯვების ნიშანია და მას ეს სიმბოლო ჯვარზე გაკრულმა მაცხოვარმა, იესო ქრისტემ მიანიჭა თავისი აღდგომით. - უთხრეს ქრისტიანებმა. - ეს ხილვა კი ნიშნავს ამ ბრძოლაში შენს გამარჯვებასო.

და მართლაც, მიუხედავად მტრის უპირატესობისა, კონსტანტინემ ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია. მაშინ მან თაყვანი სცა ჭეშმარიტ ღმერთს და იწყო წმიდა წერილის შესწავლა. ხოლო როცა იმპერატორი გახდა, თავის ქვეშევრდომებს უბოძა სარწმუნოების სრული თავისუფლება და აკრძალა ქრისტიანთა დევნა. ამითაც არ შემოიფარგლა. გასცა ბრძანება, ქალაქის მმართველთათვისაც რომ ესწავლებინათ ქრისტიანული რწმენის სიწმინდე და ძალა, წარმართობის ამაოება.

- გევედრები შენ, დიდო ღმერთო,- წერს ის ამ განკარგულებაში, - იყავ მოწყალე და კეთილგანწყობილი შენი ხალხისადმი და ჩემი, შენი მსახურის, მეშვეობით მიმადლე კურნება ყოველ ადამიანს.

„მაშინ, - ამბობს ევსევი ჟამთააღმწერელი, - თითქოს ღამის წყვდიადიდან გამობრწყინდა ნათელი. ყველა ქალაქში აშენდა ეკლესიები, განახლდა ქრისტიანთა შეკრებები და ხალხმა ღვთისმსახურებაზე იწყო დენა; რწმენით მძლეველი, ნაგვემი ადამიანები ბრუნდებოდნენ თავიანთ სახლებში მხნედ და მხიარულად, გამოითქმელი სიხარულით აღსავსენი“.

იკრიბებოდნენ ეპისკოპოსებიც, რომ განეხილათ საეკლესიო საქმეები. ამ კრებებს არც თუ იშვიათად თვით კონსტანტინე იმპერატორიც ესწრებოდა და სიამოვნებით აკეთებდა ყველაფერს, რაც კი ქრისტიანებს სჭირდებოდათ, ეხმარებოდა მათ შენებაში. ასე აშენდა ძალიან მოკლე ხანში ბრწყინვალე ტაძრები. საპყრობილიდან გაათავისუფლეს წმინდა ნიკოლოზი. იგი დაუბრუნდა საეპისკოპოსო მსახურებას და უკვე თავისუფლად განაგრძობდა ზრუნვას თავისი სამწყსოსათვის.

ქრისტიანულ ეკლესიას ახასიათებს განუწყვეტელი ბრძოლა ხილულ და უხილავ ძალებთან. ამიტომაც ეწოდება მას მებრძოლი ეკლესია. შეწყდა თუ არა ქრისტიანთა დევნა წარმართებისაგან, მაშინვე თავი წამოყვეს შინაურმა მტრებმა, დაიწყო უთანხმოება შიგნიდან, გამოჩნდა სხვადასხვა ცრუსწავლება და ერესი. ალექსანდრიელმა მღვდელმსახურმა არიოზმა იწყო ცრუსწავლება იესო ქრისტეზე, უარყოფდა მის ღვთაებრიობას და მის ერთარსებობას მამა ღმერთთან. არიოზი ჭკუით გამორჩეული ადამიანი იყო, ნაკითხი და მკაცრი ცხოვრების მიმდევარი, რის გამოც მისმა სწავლებამ ბევრის ყურადღება მიიქცია. ერთხელაც, როცა მან თავისი მოსაზრებანი გაანდო ალექსანდრიის ეპისკოპოსს ალექსანდრეს, მან ამხილა იგი ცდომილებაში, ხშირად უხმობდა თავისთან და ცდილობდა დაენახებინა, როგორ ცდებოდა. მაგრამ არიოზი არ ეთანხმებოდა, პირიქით, ცდილობდა, ალექსანდრე გამოეყვანა ერეტიკოსად და გულმოდგინედ განაგრძობდა თავისი სწავლების გავრცელებას ქრისტიანებში. პოულობდა კიდევაც მრავალ მიმდევარს. თავდაპირველად ამ კამათში მხოლოდ სასულიერო პირები მონაწილეობდნენ, მერე კი ხალხმაც იწყო მასში ჩაბმა. ყველგან გაისმოდა კამათი ქრისტეს ღვთაებრიობასა და მარადისობაზე. ბევრი ეპისკოპოსიც ეთანხმებოდა არიოზს. ბოროტება ძლიერდებოდა, ერესი სულ უფრო და უფრო ვრცელდებოდა. იმპერატორი კონსტანტინე ძალიან დააღონა ამ უთანხმოებამ. თავდაპირველად მან წერილობით გააფრთხილა ეპისკოპოსი ალექსანდრე და მღვდელი არიოზი, რომ თავი დაენებებინათ შუღლის გაღვივებისათვის და შეეწყვიტათ კამათი. მაგრამ ვნებათა ღელვა ქრისტიანებში სულ უფრო ღვივდებოდა. აუცილებელი გახდა, ეპისკოპოსებს ჩამოეყალიბებინათ სარწმუნოების ისეთი სიმბოლო, როგორიც დატოვეს მაცხოვარმა და მოციქულებმა და ასე გადაეწყვიტათ, ეთანხმებოდა თუ არა მას ახალი სწავლება. იმპერატორმა მოიწვია ყველა ეპისკოპოსი I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ნიკეაში, 325 წელს.


დათქმული დროისათვის ყველა ქვეყნიდან ნიკეაში ჩამოვიდნენ ეპისკოპოსები. ჩამოვიდა წმინდა ნიკოლოზიც. იმპერატორიც დაესწრო ამ კრებას. კრება შედგა სამეფო სასახლის ერთ-ერთ დარბაზში. კრებაზე დამსწრეთა რიცხვი 2000-ზე მეტი იყო. მათგან ეპისკოპოსთა რიცხვს 318 შედაგენდა. მაშ შორის იყვნენ: ოსია კორდუბელი, ევსტათი ანტიოქელი, მაკარი იერუსალიმელი, სპირიდონ ტრიმიფუნტელი და სხვები. კრების სხდომამ 2 თვემდე გასტანა. ეპისკოპოსთა სკამები დარბაზის გარშემო დადგეს. შუაში კი იდო წმიდა წერილი, როგორც ჭეშმარიტების უტყუარი მოწმობა. მისთვის უნდა შეესაბამებინათ კრების გადაწყვეტილება. კრებას იმპერატორი თავმჯდომარეობდა. მან ეპისკოპოსებს მიმართა სიტყვით და გამოხატა თავისი სიხარული მათი ასეთი მრავალრიცხოვნების გამო. შემდეგ იწყეს არიოზის წინადადების განხილვა. არიოზი ჯიუტად იცავდა თავის შეხედულებებს, მას მხარს რამდენიმე ეპისკოპოსიც უჭერდა. არიოზი ისეთი კადნიერებით გამოირჩეოდა თავის მტკიცებებში, რომ ნიკოლოზმა, რომელიც თვითონაც ღებულობდა ამ კამათში მონაწილეობას, ვერ მოითმინა და ყველას თანდასწრებით მას სილა გააწნა. ეკლესიის მამებს ეს საქციელი შეუფერებლად მოეჩვენათ და ნიკოლოზს მთავარეპისკოპოსის ხარისხის შესამოსელი გახადეს. მაგრამ მალე იხილეს, როგორ გადასცა ნიკოლოზს თვითონ უფალმა სახარება, ღვთისმშობელმა კი - ომოფორი. ამ ხილვის შემდეგ მათ დაუბრუნეს ნიკოლოზს ძველი წოდება და პატივი მიაგეს. ხანგრძლივი, მძაფრი კამათის შემდეგ, მართლმადიდებლებმა წერილობით ჩამოაყალიბეს სწავლების არსი ეკლესიაზე და წმიდა სამებაზე. მაშინ შეადგინეს ჩვენთვის ყველასათვის ცნობილი სიმბოლო სარწმუნოებისა - მრწამსი. ასე წარმოაჩინეს განსხვავება მართლმადიდებლობასა და ერეტიკოსობას შორის. დაგმეს არიოზის ცრუსწავლება, იგი კი თავის მომხრეებთან ერთად განკვეთეს.

ნიკეიდან დაბრუნებულმა ნიკოლოზმა უპირველეს ყოვლისა ქრისტიანებსაც დაანახა ჭეშმარიტება, გზააბნეულები კი შთააგონა დადგომოდნენ სწორ გზას. შეუგნებელ და გაავებულ ქრისტიანებს იგი თავიდან იშორებდა, რადგან იცოდა, რომ უვარგის სარეველებს კეთილი თესლის მოშთობა შეეძლოთ.

ნიკოლოზი თავის სამწყსოს არა მარტო სულიერად ეხმარებოდა, არამედ ცდილობდა გასაჭირშიც დახმარებოდა მათ.

ერთხელაც მოუსავლიანობამ იჩინა თავი და დაიწყო საშინელი შიმშილობა. ამ დროს ერთი მდიდარი კაცი ერთ-ერთ იტალიურ ნავსადგომში გემზე პურს ატვირთინებდა. მას ძილში გამოეცხადა წმინდა ნიკოლოზი, მისცა სამი ოქროს მონეტა, უბრძანა გაეცურა ლუკიის ნაპირებისაკენ და იქ გაეყიდა ხორბალი. გაღვიძებულმა ვაჭარმა ხელში ის სამი მონეტა რომ აღმოაჩინა, იჩქარა ლუკიის ნაპირებისაკენ გამგზავრება, იქ გაყიდა პური ქალაქსა და მის შემოგარენში არსებული სოფლის მაცხოვრებლებზე. არც თავისი ჩამოსვლის მიზეზი დაუფარავს.

დაახლოებით ამ დროისათვის ატყდა ჯანყი ფრიგიაში. ამბოხების ჩასახშობად იმპერატორმა იქ გემით გაგზავნა სამი სარდალი. გზად ამ სარდლებს ქარიშხალი დაატყდათ თავს. მათ ღუზა ჩაუშვეს მირონთან ახლოს და იქ ელოდნენ ქარიშხლის ჩადგომას. შეიტყო თუ არა ნიკოლოზმა ამბოხების შესახებ, ამ სარდლებთან ერთად გაეშურა და შეარიგა მტრები. ჯერ კიდევ ფრიგიაში შეიტყო, როგორ ისარგებლა ქალაქის მმართველმა და სრულიად უსაფუძვლოდ როგორ გამოუტანა სამ კაცს სიკვდილის განაჩენი.

- მთელი ქალაქი წუხს მათ გამო და მოუთმენლად ელის შენს დაბრუნებასო. - შესჩივლეს მას.

ნიკოლოზმაც არ დააყოვნა. თან იახლა ის სამი სარდალი და ქალაქში რომ დაბრუნდა, ნახა რომ სიკვდილმისჯილები უკვე დასასჯელადაც მიეყვანათ. ის-ის იყო ერთისთვის ჯალათს უნდა მოეჭრა თავი, რომ გაიპო ხალხის ბრბო და მღვდელმთავარმა გამოსტაცა ჯალათს ხელიდან ხმალი.

შემდეგ ღვთის სათნო ნიკოლოზმა თვითონ გაათავისუფლა ბორკილებისაგან სიკვდილმისჯილები. ვერავინ გაბედა მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ყველამ იგრძნო, რომ ეს უფლის ნებით ხდებოდა. მაშინ ქალაქის უფროსმა იწყო მის წინაშე თავის მართლება, მაგრამ წმინდანმა მხოლოდ მას შემდეგ შეუნდო, როცა წრფელად აღიარა თავისი შეცოდება და მოინანია.

სარდლები განაცვიფრა ნიკოლოზის ძალმოსილებამ. სულ მალე კი თავიანთ თავზეც გამოსცადეს მისი საკვირველთმოქმედი ძალა. ფრიგიაში ჯანყის ასე წარმატების ჩახშობის შემდეგ, მათ მეფისგან დიდი მოწყალება და პატივისცემა მოიპოვეს. ამან გამოიწვია სხვებში შური და იწყეს ცილისწამება მათზე. გუბერნატორს ჩააგონეს, რომ ისინი მის წინააღმდეგ ამხედრებდნენ ჯარს. მაშინ გუბერნატორმა ისინი დილეგში ჩააყრევინა და სიკვდილი მიუსაჯა. როცა სარდლებს ამის შესახებ ციხის დარაჯმა ამცნო, ერთ მათგანს გაახსენდა წმიდა ნიკოლოზი, რომელმაც უდანაშაულონი სიკვდილისაგან იხსნა და მათ ერთად იწყეს ლოცვა:

- წმინდაო ნიკოლოზ, რომელმაც იხსენი სიკვდილისაგან სამი მონა, შეგვიწყალენ ჩვენც, რადგან ადამიანთა შორის არა გვყავს შემწე, ისწრაფე ჩვენს სახსნელად და დაგვიფარე უსამართლო მსჯავრისაგან.

უფალმაც ისმინა მათი და იმავე ღამეს გამოეცხადა წმინდა ნიკოლოზი იმპერატორს სიზმრად:

- გაათავისუფლე სარდლები. მათ ცილი დასწამეს და უდანაშაულოდ ეწამებიან. ხოლო თუ არ გაათავისუფლებ, იცოდე თვითონვე დაისჯები.

- კი მაგრამ ვინა ხარ შენ ასე რომ მემუქრები? - გაოცებულმა ჰკითხა იმპერატორმა.

და იყო პასუხი:

- მე ნიკოლოზი ვარ, მირონის მთავარეპისკოპოსი.

იმავე ღამეს ასეთივე სიზმარი იხილა კონსტანტინეპოლის გუნერნატორმა. დამფრთხალი დილითვე გამოცხადდა იმპერატორთან და უამბო თავისი სიზმარი. მაშინ გაოცებულმა იმპერატორმა მოაყვანინა მსჯავრდებულები და ჰკითხა:


- კი მაგრამ რა ჯადოებით მოახერხეთ ასეთი სიზმარი რომ დამსიზმრებოდა და ვინ არის ის მოხუცი, მე რომ დამემუქრა?

სამივენი გაოგნებულნი მისჩერებოდნენ იმპერატორს. ბოლოს ერთმა გაბედა და უთხრა:

- ხელმწიფევ! ჩვენ არავითარი ჯადოსთვის არ მიგვიმართავს. მხოლოდ ვლოცულობდით. არასდროს გვიფიქრია შენი ღალატი. ბავშვობიდანვე ჩვენ მეფის თაყვანისმცემლები ვართ. მთელი ცხოვრება ერთგულად გემსახურეთ. ახლაც არ ვიცით, რითი დავიმსახურეთ რისხვა.

ამ დროს სამივემ დაინახა წმინდა ნიკოლოზი, რომელიც მეფის გვერდით იჯდა და გახარებულებმა ხმამაღლა იწყეს მისი მოხმობა.

მაშინ იკითხა მეფემ:

- ვინ არის ეს ნიკოლოზი, ასე რომ უხმობთ?

და მათ უამბეს, როგორ იხსნა ნიკოლოზმა მათი თანდასწრებით სამი მოქალაქე სიკვდილისაგან.

განცვიფრებულმა იმპერატორმა მაშინვე გაათავისუფლა სარდლები სიტყვებით:

- მე კი არ გაჩუქეთ სიცოცხლე, არამედ ღვთის სათნო მსახურმა - ნიკოლოზმა. წადით მასთან, მადლობა მოახსენეთ გადარჩენისათვის და უთხარით, არ გამიბრაზდეს, რადგან მისი ნება შევასრულე.

შემდეგ გაატანა მათ საჩუქრები მირონ-ლუკიის ეკლესიისათვის: ოქროთი გაწყობილი სახარება, ოქროს საცეცხლური ძვირფასი ქვებით გამშვენებული და ორი ოქროს სასანთლე.

სარდლები მაშინვე გაეშურნენ მირონში და თვალცრემლიანნი მადლობდნენ მღვდელმთავარ ნიკოლოზს, რომელმაც იხსნა ისინი და დაუბრუნა პატივი და თავისუფლება. მირონში მისულებმა გადასცეს მას მეფის საჩუქრები, გასცეს უხვი მოწყალება გლახაკებზეც და მშვიდობიანად დაბრუნდნენ სამშობლოში.

ერთხელაც წმინდა ნიკოლოზმა ეგვიპტის სანაპიროსკენ მიმავალი გემი იხსნა, რომელსაც საშინელი ქარიშხალი დაატყდა. ქარმა გადაამტვრია გემის ანძები, დახია აფრები. ადამიანები სასოწარკვეთილნი იყვნენ. იწყეს წმინდა ნიკოლოზისადმი ლოცვა. და აი, გამოეცხადათ იგი მათ:

- ნუ გეშინიათ, მე თქვენთანა ვარ! - ამ სიტყვებით წმინდა ნიკოლოზი დადგა გემის საჭესთან. უცებ ქარიშხალი ჩადგა. ყველამ მშვიდობით მიაღწია ნაპირს. გემიდან გადმოსულები მაშინვე ეკლესიისკენ გაეშურნენ, მადლობა რომ შეეწირათ წმინდა ნიკოლოზისათვის. სწორედ ამ დროს მიდიოდა მღვდელმთავარი ტაძრისკენ. მეზღვაურები თვალცრემლიანნი დაემხნენ მის წინ. უთხრა მათ ნიკოლოზმა:

- მე კი არა, ღმერთს უნდა უმადლოდეთ გადარჩენას.

მერე კი ზოგ მათგანს ურჩია დაბრუნებოდნენ ცხოვრების სწორ გზას, რადგან იგრძნო მათი უკეთურებანი. ურჩია, არ განერისხებინათ ღმერთი, რომელმაც ასეთი მოწყალება გამოიჩინა მათზე.


კარგა ხანს იცხოვრა მღვდელმთავარმა თავის სამწყსოსთან ერთად. დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, თავადაც მაგალითი იყო ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობისა. ჩაგრულნი მასში პოულობდნენ მსწრაფლშემწეს და მცველს, უბედურნი - მწყალობელს და ნუგეშინისმცემელს; მასთან მოსაუბრენი რწმენაში მტკიცდებოდნენ, წარმართნი სამუდამოდ უარყოფდნენ წარმართობას და ქრისტეს რწმენის მიმდევრები და აღმსარებლები ხდებოდნენ.

წმინდა ნიკოლოზი 342 წლის 6 დეკემბერს ღრმად მოხუცებული (85 წლისა) გარდაიცვალა. მის დაკრძალვას მრავალი ადამიანი დაესწრო. მისი სხეული საზეიმოდ დაკრძალეს ქალაქის საკათედრო ტაძარში. მისი უხრწნელი ნაწილები მაშინვე გამოსცემდნენ კეთილსურნელებას და მირონს. მისი შეხებით სნეულნი იკურნებოდნენ. მრავალი საოცრებანი ხდებოდა მის კუბოსთან. ამის შესახებ ამბები სწრაფად გავრცელდა მთელს ქვეყანაში და იწყო დენა მლოცველთა ტალღამ ტაძრისაკენ.

წმიდა სასწაულთმოქმედი სიკვდილის შემდეგაც არ სტოვებს თავის სამწყსოს, დღესაც მფარველობს მწუხარეთ და ტანჯულთ, განსაცდელში მყოფთ, მძიმე სნეულთათვისაც კვლავ წარმოადგენს კურნების უშრეტ წყაროს. სიკვდილის შემდეგ მამა ღმერთმა მეტი სასწაულთმოქმედების ნიჭი უბოძა. მისი ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ დასაწყისი იყო იმ მრავალრიცხოვანი საოცრებებისა, იმ სიკეთისა და სათნოებებისა, რომელთა კეთებასაც იგი დღესაც განაგრძობს.

1086 წელს თურქებმა ააოხრეს ბერძნული ქალაქები და სოფლები, დაესხნენ ლუკიის მხარეს და სხვა ქალაქების მსგავსად მირონიც გაძარცვეს. ნაწილი მისი მაცხოვრებლებისა დახოცეს, ნაწილი ტყვედ წაიყვანეს. ის ეკლესიაც გაიძარცვა, სადაც წმინდა ნიკოლოზის სათნო ნაწილები იყო დასვენებული. ჟამთააღმწერელი თეოფანეს მიხედვით, ერთმა თურქმა ჰუმეიდმა გადაწყვიტა წმინდანის აკლდამის გატეხვა, მაგრამ მხოლოს წმინდანის გვერდზე არსებული სამარხის გატეხვა შესძლო. როგორც კი წმინდანის ლუსკუმისკენ გაეშურა, ატყდა ჭექა-ქუხილი და დაილეწა გემები. ჰუმეიდი შიშისაგან იქაურობას გაეცალა.

გამოეცხადათ ქრისტიანებს წმინდა ნიკოლოზი და უთხრა:

- გადაიტანეთ ჩემი ნაწილები ქალაქ ბარში, რადგან ღმერთს არ სურს მათი ამ ქალაქში დატოვება.

ბარელებმა დიდად გაიხარეს ამ ამბით. დაუყოვნებლივ აღჭურვეს სამი გემი, რითაც მღდველმსახურნი გაემგზავრნენ მირონში მორწმუნეებთან ერთად. ლუსკუმის გახსნისას ნაწილებიდან მირონი გადმოდინდა. ჩაასხეს ისინი ჭურჭლებში, დაასვენეს გემზე წმიდა ნაწილები და ბარში გამოემგზავრნენ. ეს მოხდა 1087 წლის 9 მაისს. წმიდა ნაწილები წმინდა იოანე წინამორბედის სახელობის ეკლესიაში დაასვენეს. მაშინვე იწყო სასწაულების მოხდენა. ბევრი კოჭლი, ბრმა და ხეიბარი განიკურნა მათთან შეხებით. ასეთი სასწაულებით გაოცებულმა ბარელებმა იწყეს ღვთის სათნო ნიკოლოზის ნაწილებისთვის ძვირფასეულობის შეწირვა და ჩაუყარეს საფუძველი ახალ დიდ ეკლესიას წმინდანის სახელზე. სამი წელი შენდებოდა ეკლესია, შემდეგ გააკეთეს ახალი ლუსკუმა, შეამკეს, გაამშვენეს ძვირფასი თვლებით, გადმოასვენეს იგი ახალ ტაძარში საკურთხევლის მხარეს, რამდენიმე წლის შემდეგ კი წმინდა ტრაპეზის ქვეშ დაასვენეს. მირონით სავსე ძველი ლუსკუმა ცხედრის მცირე ნაწილით ტაძრის შუაგულში დაასვენეს მლოცველთა თავყანსაცემად. ორივე ეს გადმოსვენება 9 მაისს მოხდა.

წმიდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულით სარგებლობს ხალხში, მას სასოებით უხმობს ყველა გასაჭირისას და იგიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მათ.

„კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო დიდო მღვდელმთავარი ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის“.

მართლმადიდებელი ეკლესია ორჯერ აღნიშნავს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს: 6 დეკემბერს, როცა იგი გარდაიცვალა და 9 მაისს, როცა მირონიდან ბარში გადაასვენეს მისი წმინდა ნაწილები (ორივე თარიღი მოცემულია ძველი სტილით).

წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ტრაპეზთან დღესაც არის ვერცხლით მოჭედილი ლუსკუმა, რომლის საფეხურები მოფენილია სწორი და სუფთა მარმარილოს ფილებით; თავსახურზე კი ვერცხლის 50-მდე კანდელია განლაგებული. ტრაპეზს გარშემო მარმარილოს მოაჯირი აქვს შემოვლებული. მოაჯირს იქით დევს მირონით სავსე თასი, რომელიც გადმოედინება წმიდა ნიკოლოზის ნაწილებიდან. მასთან დროდადრო მიდის მღვდელმსახური და აქ მოსულ ადამიანებს ჯვრისებურად სცხებს შუბლზე ამ კეთილსურნელოვან მირონს. იქვე მოთავსებულია წმინდა ნიკოლოზის მშრალი ნაწილები, რომელთა შეხებაც ხარიხის იქიდან შეუძლიათ მლოცველებს.

„ნიკოლოზ სასწაულმოქმედი“, ნეკრესის ეპარქია, 2001


21 ნოემბერი - კრება წმიდათამთავარანგელოზთა მიქაელისა დასხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა

posted Nov 18, 2017, 1:11 PM by Mamao Thoma   [ updated Dec 16, 2017, 1:03 AM ]


21 ნოემბერი 

კრება წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელსა,ვარახიელისა და იერომიელისა.



მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში, ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა. ლაოდიკიის კრებამ დაგმო და უარყო ანგელოზებისადმი ღვთაებრივი პატივის მიგება და დაამტკიცა მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა.

  დღესასწაული აღინიშნება მარტიდან (საიდანაც ძველად წელიწადის ათვლას იწყებდნენ) მეცხრე თვეს - ნოემბერში, რაც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება. თვის მერვე დღე მიგვანიშნებს ყოველთა უხორცოთა ზეცისა ძალთა შეკრებაზე „დღესამერვესა“, როგორც წმიდა მამები უწოდებენ უფლის მეორედ მოსვლასა და საშინელ სამსჯავროს. წმიდა მამები სამყაროს არსებობის ხანას სიმბოლურად შესაქმის შვიდ დღეს უკავშირებენ, შვიდი ათასწლეულის შემდეგ („რამეთუ ათასი წელიწინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე“; ფს. 89, 4) კი უნდა დადგეს „დღე მერვე“, „რაჟამს მოვიდეს ძეკაცისაჲ დიდებითა თჳსთა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა“ (მთ. 25, 31).

  ანგელოზთა დასნი სამ იერარქიად განიყოფებიან. უმაღლეს იერარქიას შეადგენენ: სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი.ყოვლადწმიდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან სერაბიმნი (ანთებულნი, ცეცხლოვანნი) (ეს. 6, 2). ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ალით აღაგზნებენ.

    სერაბიმთა შემდგომ უფალთან დგანან ქერუბიმნი (შეს. 3, 24), რომელთა სახელი ნიშნავს: სიბრძნის გარდამოსვლას, განათლებას.


ქერუბიმებს მოსდევენ საყდარნი (კოლ. 1, 16), რომლებიც ღვთის მართლმსაჯულებას ემსახურებიან.

ანგელოზთა საშუალო იერარქიას შეადგენენ: უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი.

უფლებანი (კოლ. 1, 16) ანგელოზთა მომდევნო დასებზე მეუფებენ, ღვთისგან დადგენილ მიწიერ ხელისუფალთ ბრძნულმართვა-განმგებლობაში შეეწევიან, გვეხმარებიან ცოდვილ გულისთქმათა დაოკებაში.


ძალნი (1 პეტ. 3, 22) ღვთის ნებით უფლის რჩეულებზე მორჩილებას, მოთმინებას, საკვირველთქმედების და განჭვრეტისმადლს გარდამოავლენენ.


ხელმწიფებანი (1 პეტ. 3, 22; კოლ. 1, 16) ადამიანებს ეშმაკის საცდურთაგან განარიდებენ და ბოროტ გულისთქმებთან ბრძოლაში ეხმარებიან, განამტკიცებენ და იცავენ მოსაგრეებს.

  

უმდაბლესი იერარქია მოიცავს სამ დასს: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.


საწყისნი (კოლ. 1, 16) მთავარანგელოზებს აღძრავენ ღვთის ბრძანებათა შესრულებისათვის. საწყისებს დავალებული აქვთსამყაროს განმგებლობა, ქვეყნების, ხალხებისა და ტომების დაცვა. ისინი ადამიანებს ასწავლიან, რომ ყველას თავისი ღირსების შესაფერი პატივი მიაგონ;


მთავარანგელოზნი (1 თეს. 4, 16) უფლის ნებას გვაუწყებენ. გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს.


ანგელოზნი (1 პეტრ. 3, 22) ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან. ისინი ღვთის განგებულებას გვამცნობენ. არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან შეგვეწიონ.


  ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი (მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“) - ღვთის ერთგული მსახური, რომელმაც გაიმარჯვა სატანის ძალებზე.

მთავარანგელოზ მიქაელს - მძლეველს ყველა მტრული ძალისა - ხატებზე ჯავშნით, ანუ ღვთიური მადლით შემოსილს ხატავენ. იგი ფეხებით დემონს თრგუნავს, მარცხენა ხელში ზეთისხილის მწვანე რტო, ან სამკუთხედი ფარი უჭირავს. მარჯვენაში უპყრია შუბი თეთრი ალმით (ზოგჯერ - ცეცხლოვანი მახვილი), რომელზედაც მეწამული ჯვარია გამოსახული.ზოგიერთ ხატზე ზეციურ ძალთა მხედართმთავარი მახვილით გმირავს დედამიწაზე შემოხვეულ გველს. მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს. საღვთო წერილიდან და წმიდა გადმოცემიდან ცნობილია სხვა მთავარანგელოზებიც, რომელთაც სხვადასხვა კურთხევა აქვთ მიცემული ღვთისაგან: გაბრიელი - სიმტკიცე (ძალი) ღვთისა (დან. 8, 16; ლკ. 1, 26) - ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე,უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს ხელში.

 

რაფაელი - ღვთიური მკურნალი (ტობ. 3, 16; 12, 15), სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია; ხატებზე რაფაელს მარჯვენა ხელში უჭირავს ჭურჭელი მაკურნებელი წამლით, მარცხენათიკი მოჰყავს მართალი ტობიას ვაჟი, ჭაბუკი ტობია, რომელსაც თევზი მოაქვს.

   მთავარანგელოზ რაფაელს მიმართავენ სნეულებათა დროს, მგზავრობის წინ, შორეულუცხო ქვეყანაში ყოფნისას, მწუხარების, უიმედობისა და სასოწარკვეთილების დროს.

   ურიელი - ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი (3 ეზრ. 5, 20) ბერმონაზონთა და ღვთისმეტყველთა მფარველად ითვლება. იგი გვინათლებს გონებას, რათა შევძლოთ ღვთიურ საიდუმლოთა და წმიდა წერილის შეცნობა;   მთავარანგელოზი ურიელი მონანულთა მფარველიცაა; საეკლესიო გადმოცემით,  იგი ადამთან და ევასთან ერთად ლოცულობდა მათი სამოთხიდან განდევნის შემდეგ და უფლის საკურთხეველზე მიჰქონდა მათი სინანულის ცრემლი; ხატებზე   მას გამოსახავენ ცეცხლოვანი ან გაშიშვლებული მახვილით.


  სელაფიელი - მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას. გარდა ამისა, არისმკურნალი ამაკანკალებელ ავადმყოფობათა (მალარია, ეპილეფსია.). ხატებზე სელაფიელი ლოცვითმდგომარეობაში გამოიხატება: თვალებდახრილი და მკერდზე ხელებდაწყობილი; ზოგჯერ მას ხელშიანთებული სანთელი და საკმეველი უჭირავს.


    ეგუდიელი - ღვთის დიდებას ნიშნავს. ის ადიდებს უფალს, განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს. გარდა ამისა, ისითვლება მოგზაურთა მფარველად და გაჭირვებულთა შემწედ. ხატებზე ეგუდიელსმარჯვენა ხელში ოქროს გვირგვინი უჭირავს, მარცხენაში კი - შოლტი სამი წითელი (ან შავი) ტოტით. შოლტიიმის მიმანიშნებელია, რომ ზარმაცთ და უდებთ ამცხოვრებაში ბევრი მწუხარება და სასჯელი დაატყდებათთავს, სანამ გონს მოეგებიან, ხოლო გვირგვინი გულმოდგინეთათვის არის განკუთვნილი.


    ვარახიელი - კურთხევის ანგელოზს ნიშნავს. ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია. ძირითადად ვარახიელი მოწამეთა, აღმსარებელთა და მოსაგრეთა მფარველად ითვლება. ხატწერაშიმთავარანგელოზ ვარახიელის სამოსელზე ვარდისფერ ყვავილთა სიმრავლე გამოისახება, რაც სულიწმიდისნიჭთა სიმბოლოა.


წმიდა წერილში იხსენიება იერომიელი, რაც ნიშნავს: ღვთისკენ ამაღლებას (3 ეზრ. 4, 36). იგი საღვთოსიყვარულის აღმძვრელია და ვნებათა და ცოდვათა დაძლევაში შეგვეწევა.


მთავარანგელოზი იერომიელი ხატებზე გამოისახება სასწორით ხელში.


„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.


19 ოქტომბერი. წმიდა და ყოვლადქებული მოციქული თომა (I)

posted Oct 19, 2017, 5:18 AM by Mamao Thoma   [ updated Oct 19, 2017, 7:55 AM ]

19 ოქტომბერი

წმიდა და ყოვლადქებული მოციქული თომა (I)


წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად, ბერძნულად - დიდიმად) წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში,რომელსაც შემდეგში ჰეროდეს ძემ - ფილიპემ რომის იმპერატორის ტიბერიუსის პატივად კესარია უწოდა (ფილიპეს კესარია). ეს ქალაქი მდებარეობდა ერმონის მთის ძირას, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სათავეში, იქ, სადაც მთავრდებოდა ნეფთალემის ტომის სამკვიდრებელი.

როცა უფალი ჩვენი ქრისტე ამქვეყნად ადამიანთა შორის საზოგადო მსახურებისას გალილეა-იუდეის ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებს მოვვლიდა, ასწავლიდა რა ერს და განკურნავდა რა ყოველგვარ სნეულებათ, თომამაც მოისმინა მისი ღვთებრივი ქადაგება და იხილა საკვირველი სასწაულები. ამის გამო იგი მთელი არსებით მიეკრა უფალს და აღარასოდეს მოსცილებია. სხვა უახლოეს მოწაფეებთან ერთად, თომაც დასტკბებოდა იესო ქრისტეს სიტყვებით და მისი ყოვლად წმიდა პირისახის ჭვრეტით, იგიც განუყრელად დაჰყვებოდა უფალს და ღირს-იქმნა თორმეტ მოციქულს შორის შერაცხილიყო. იგიც თვითმხილველი მოწმე იყო უფლის ყველა ქვეყნიური საქმისა, მისი ჯვარზე ვნებისა დანებაყოფლობითი სიკვდილისა. იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ წმიდა თომამ, თავისი დაუჯერებლობით სხვა მოციქულთა სიტყვებისა, კიდევ უფრო გააძლიერა ეკლესიის რწმენა უფლის მკვდრეთით აღდგომაში. რამეთუ როცა ქრისტეს სხვა მოწაფეები ეუბნებოდნენ - „ვიხილეთ ჩვენ უფალი“-ო, თომას არ უნდოდა ამის დაჯერება და ასე ეუბნებოდა მოციქულებს:

- „უკეთუ არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაი და დავსხენ თითნი ჩემნი ადგილსა მასსა მსჭვალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გვერდსა მისსა, არასადა მრმწმენეს“ (იოანე 20, 25). იმდენად დიდია უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის საიდუმლო, რომ თომას ეს „ურწმუნოებაც“ საღმრთო განგებულებით იყო დაშვებული, რათა ჩვენ ყველას ღრმად და შეუეჭვებლად გვერწმუნა უფლის ადამიანური ბუნების მკვდრეთით აღდგომა და ამ ადამიანური ბუნების ზეცად ამაღლება და მამის მარჯვენით დაჯდომა სამარადისოდ. ამ საღმრთო საიდუმლოს დასტურად, რითაც ყოველ ადამიანს მოენიჭა განღმრთობის და ზეცად დაბრუნების შესაძლებლობა, რვა დღის შემდეგ თავისი ბრწყინვალე მკვდრეთით აღდგომიდან, უფალი კვლავ გამოეცხადა თავის მოწაფეებს, რომელთა შორის ამჯერად თომაც იყო და უთხრა მათ:

- „მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ხელნი ჩემნი და მოიღე ხელი შენი და დამდევ გვერდსა ჩემსა, და ნუიყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ!“ (იოანე 20, 27).

მაშინ, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს დანახვაზე, როცა მის ცხოველმყოფელ გვერდსაც შეეხო და ხელსაც,თომამ შეჰღაღადა:

- „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ (იქვე, მუხლი 28).

ეს მოვლენა ცხადზე უცხადესაც გვარწმუნებს ჩვენ ყველას უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტებაში, რამეთუ იგი თავის მოწაფეებს აჩრდილივით კი არ გამოეცხადა და არც სხვა რამ სხეულით,არამედ სწორედ იმ სხეულით, რომლითაც ჯვარზე ევნო ჩვენი ხსნისათვის.

უფლის ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ, მათ, როგორც ცნობილია, წილი ჰყარეს, თუ ვის რომელ ქვეყანაში ექადაგა ღვთის სიტყვა. წმიდა თომას წილად ინდოეთი შეხვდა, რათა აზიის ამ შორეულ მხარეში განენათლებინა წარმართობით დაბნელებული პართიელები და მიდიელები, სპარსელები და გირკანელნი, ბაქტრიელები და ბრაჰმანები და ინდოეთის ყველა უშორესი კუთხის მკვიდრნი (ძველად ინდოეთს უწოდებდნენ სამხრეთ აზიის ყველა ქვეყანას, საკუთრივ დღევანდელი ინდოეთის ჩათვლით).

თომა ძალზე წუხდა, რომ ესოდენ შორეულ ქვეყნებში და ველურ ხალხებთან უხდებოდა წასვლა, მაგრამ ჩვენებაში მას უფალი გამოეცხადა, განამტკიცა და უბრძანა, ყოველთვის მხნედ იყავი და ნურაფრის გეშინის,რადგან მეც მარადის შენთან ვიქნებიო. მალე თომამ ისიც შეიტყო უფლისაგან, თუ როგორ უნდა მიეღწია ამქვეყნამდე...

იმავე ხანებში შემდეგი მოვლენა მოხდა:

ინდოეთის მეფემ გუნდაფორმა დიდი, ბრწყინვალე სასახლის აშენება ისურვა თავისთვის და ერთ-ერთი ვაჭარი, სახელად ავანი, პალესტინაში გაგზავნა - წადი იქ და ისეთი გამოცდილი ხელოვანი ხუროთმოძღვარი მომინახე, ვისაც შეეძლება რომის იმპერატორთა მსგავსი სრა-სასახლე ამიგოსო. სწორედ ამ ვაჭარ ავანთან ერთად გაგზავნა უფალმა თავისი მოციქული: როცა ავანი პალესტინაში ხელოვან ხუროთმოძღვარს ეძებდა, მას თომა შეხვდა და უთხრა, მე სამშენებლო ხელოვნებაში დიდად გამოცდილი კაცი ვარო. ავანმაც მაშინვე დაიქირავა იგი, ხომალდზე აიყვანა, და მალე, ზურგის ქარის ამოვარდნისთანავე, ისინი ინდოეთისაკენ გაემგზავრნენ.

რამდენიმე დღის შემდეგ ერთ-ერთი ქალაქის ნავთსაყუდელს მიადგნენ, სადაც მეფის ასულის ქორწილი იყო და მეფე განურჩევლად ყველასიწვევდა ქორწილში. ავანი და თომაც მივიდნენ საქორწინო ნადიმზე. აქ თომამ ერთ-ერთ მის შეურაცხმყოფელს ღვთისგან სასჯელი უწინასწარმეტყველა. ეს წინასწარმეტყელება საოცარი სიზუსტით აღსრულდა იმავე დღეს, რამაც ხალხს შიშის ზარი დასცა. მეფესაც აუწყეს მომხდარის შესახებ. მეფემ თავისთან მოუწოდა თომას და უთხრა:

- შემოდი ჩემს სასახლეში  და აკურთხე დღეს გათხოვილი ჩემი ასული!

მოციქულიც შევიდა სასახლეში და კეთილკრძალულებაში დაუწყო დამოძღვრა ახლად დაქორწინებულთ - დაიმარხეთ ქალწულება, შეურყვნელად შეინახეთ უმაკოება და ასეთი ხვედრი ბევრად უმჯობესი იქნება თქვენთვისო. ბოლოს ილოცა ქალ-ვაჟისათვის, აკურთხა ისინიდა განეშორა. ძილში ახლადდაქროწინებულებმა იესო ქრისტე იხილეს, რომელიც თომას სახით გამოეცხადა მათ და სიყვარულით იკრავდა გულში. მეფის ასულის ქმარმა, რაკი იფიქრა თომა დაბრუნებულაო, ჰკითხა:

- შენ ყველაზე ადრე გახვედი ჩვენგან, როგორღა აღმოჩნდი ისევ აქ?

უფალმა კი მოუგო:

- მე თომა კი არა, მისი ძმა ვარ! და ყველა, ვინც უარყოფს ამა ქვეყანას და მე გამომყვება თომასავით, მხოლოდ ჩემი ძმა კი არ იქნება მომავალ დაუსრულებელ ცხოვრებაში, არამედ ჩემი მემკვიდრეც, რადგან მთელს ჩემს სამეუფოსაც დაიმკვიდრებს! ჰოდა, თქვენც, შვილნო ჩემნო, ნუ დაივიწყებთ ყოველივე ამას, რაც ჩემმა ძმამ თომამ გირჩიათ. და თუკი მისი რჩევისამებრ უმანკოდ დაიმარხავთ თქვენს ქალწულებას, მაშინ უხრწნელი გვირგვინების მიღების ღირსნი გახდებით ჩემს ზეციურ სრა-სასახლეში!

(ქალწულების და უქორწინებელი ცხოვრების ამგვარი განდიდება სულაც არ მოწმობს იმას, თითქოს ცოლ-ქმრული ცხოვრებით შეუძლებელი იყოს ადამიანთა ხსნა. მაგრამ ეკლესიის ძველი წმიდა მამების სწავლებით, ქალწულების დამმარხველნი უმაღლეს საზღაურს მიიღებენ ცათა სასუფეველში, რასაც იოანეს გამოცხადებაც მოწმობს (14, 1-5). ამიტომაც ყოვლის წინასწარმხედველი უფალი, რომელმაც უწყის ამახალდაქორწინებულთა სულიერი ძალები, მოუწოდებს კიდეც მათ ქალწულებრივი ცხოვრებისაკენ, რათა მთელი ცხოვრება ღმერთის სამსახურს მიუძღვნან. აღსანიშნავია, რომ ბერძნულენოვანი დედნის ამ ადგილას თომას ცხოვრებისა, უფალი იმასაც ეუბნება ქალ-ვაჟს, რომ თუკი ისინი შვილებს გააჩენენ, ისინი სნეულნი, ბოროტნი და უბედურნი იქნებიანო.)

ამის თქმაზე უფალი უხილავი გახდა; მათ კი, ძილისაგან აღდგომილებმა, ერთმანეთს აუწყეს სიზმრისეულ ჩვენებაში ნახული. როცა მიხვდნენ, რომ ერთი და იგივე უნახავთ, წამოდგნენ და მთელი ღამის განმავლობაში გულმოდგინედ ლოცულობდნენ ღვთის წინაშე, ხოლო უფლისაგან მოსმენილი სიტყვები ღრმად დაიმარხეს გულში, როგორც ძვირფასი მარგალიტები.

დილით მეფე შევიდა ახალდაქორწინებულთა საძილე ოთახში და ერთმანეთისაგან მოშორებით მსხდომნი ნახა ისინი. გაკვირვებულმა იკითხა, რატომ ხართ ასე მოშორებულნი ერთმანეთსო.

მათ კი პასუხად მიუგეს:

- ჩვენ ვლოცულობთ და ვევედრებით ღმერთს ძალა მოგვანიჭოს იმისთვის, რომ სიცოცხლის ბოლომდე შევძლოთ სრული კეთილკრძალულების დამარხვა, როგორც ახლა ვინარჩუნებთ, რათა ზეციურ სასახლეში ვიქნათ შემკულნი უხრწნელი გვირგვინებით. ასე აღგვითქვა ჩვენ უფალმა, რომელიც აქ  გამოგვეცხადა!

მაშინ მეფე მიხვდა, რომ უმანკოების დაცვა მათ სწორედ იმ უცხო კაცმა ჩააგონა, რომელიც გუშინ იყო სასახლეში. ამის გამო ხელმწიფე განრისხდადა მაშინვე გაგზავნა მსახურნი, რათა შეეპყროთ თომა და მასთან მიეყვანათ. მაგრამ ისინი ამაოდ დაეძებდნენ წმიდა მოციქულს, რადგან იგი ავანთან ერთად უკვე ხომალდზე ასულიყო და ინდოეთისაკენ გამგზავრებულიყო...

ინდოეთს ჩასულნი, ისინი მეფე გუნდაფორს წარუდგნენ და ვაჭარმა ავანმაც უთხრა ხელმწიფეს:

- აი, მეფეო, მოგიყვანე კიდევ პალესტინიდან ხელოვანი ხუროთმოძღვარი! იგი აგიგებთ თქვენ სრა-სასახლეებს, როგორიც თქვენს უდიდებულესობას მოენებება!

მეფეს გაუხარდა და ის ადგილიც უჩვენა თომას, სადაც სასახლის აგება სურდა, მისი ზომებიც განუსაზღვრა და დიდძალი ოქრო მისცა მშენებლობისთვის, თვითონ კი სადღაც გაემგზავრა.

როცა მეფისგან ესოდენი ოქრო მიიღო, თომამ ღარიბ-გლახაკთათვის დაიწყო მისი დარიგება, ამასთან, დაუღალავად დაშვრებოდა სახარების ქადაგებაში, მრავალთ მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და წმიდა ნათელსაც სცემდა მათ სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.

ამასობაში იმ ჭაბუკმა, რომელმაც თავის ახლადშერთულ მეფის ასულთან ერთად წმიდა მოციქულის რჩევით, აღთქმა დადო უმანკოებადაემარხა, შეიტყო, რომ თომა ინდოეთში ქადაგებდა ქრისტეს და მეუღლითურთ ჩამოვიდა მასთან. წმიდა თომამ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დამოძღვრა ისინი და წმიდა ნათელიც სცა. ნათლობის სახელად ქალიშვილმა პელაგია მიიღო და შემდგომში თავისი უმანკო სისხლიც დაღვარა ქრისტეს რწმენისათვის, ჭაბუკს კი ნათლობის სახელად დიონისე ეწოდა და შემდგომში ეპისკოპოსის წოდების ღირსიც გახდა. მოციქულისაგან კურთხევის მიღების შემდეგ ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ, სადაც ღვთის სახელის დიდებას განავრცელებდნენ, მრავალ ურწმუნოს მოაქვევდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და ქრისტეს ეკლესიებსაც აფუძნებდნენ ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებში...

რამდენიმე წლის შემდეგ ინდოეთის მეფემ მსახურნი გააგზავნა წმიდა თომა მოციქულთან, რათა შეეტყო მალე დასრულდებოდა თუ არასამეფო სასახლის აგება. მანაც დააბარა მსახურთ, გადაეცათ ხელმწიფისთვის, რომ მხოლოდ სახურავის დადგმაღა იყო დარჩენილი. მეფეს ძალზე გაუხარდა, რადგან ეგონა, თომა მართლაც დიდებულ სასახლეს უშენებდა ამქვეყნად. ამიტომ კიდევ გამოუგზავნა დიდძალი ოქრო დაუბრძანა, რაც შეიძლება სწრაფად დაესრულებინა სასახლის მშენებლობა და უმშვენიერესი სახურავი დაედგა მისთვის.

როცა თომამ კვლავ მიიღო მეფისაგან დიდძალი ოქრო, თვალნი და ხელნი ზე-აღაპყრო ცისკენ და მადლობა შესწირა ღმერთს:

- გმადლობ შენ, კაცთმოყვარეო უფალო, რამეთუ სხვადასხვა საშუალებებით განაგებ კაცთა ხსნას!

და მიღებული ოქრო კვლავ იმათ დაურიგა, ვინც შემწეობის სათხოვნელად მიდიოდა მასთან, თვითონ კი კვლავ გულმოდგინედ განაგრძობდა ღვთის სიტყვის ქადაგებას. რამდენიმე ხნის შემდეგ მეფემ შეიტყო, რომ თომას, თურმე, ჯერ არც დაუწყია მშენებლობა და რომ მთელი ოქროც ღარიბ-გლახაკთათვის დაურიგებია; რომ იგი ხელმწიფის ბრძანების აღსრულებაზე კი არ ფიქრობს, არამედ ქალაქებსა თუ დაბა-სოფლებშიდადის, რომელიღაც ახალ ღმერთს უქადაგებს ადამიანებს და მრავალ სასწაულსაც აღასრულებს. ამის გამო მეფე დიდად განრისხდა და უმალვე მსახურნი გაგზავნა მოციქულის შესაპყრობად. და როცა იგი მეფეს მიჰგვარეს, ამ უკანასკნელმა ჰკითხა:

- თუ ააშენე ჩემი პალატნი?

წმიდა თომამ მიუგო:

- დიახ, ავაშენე, თანაც ყველაზე მშვენიერნი და დიდებულნი!

მაშინ მეფემ უთხრა:

- აბა, მაშ წავიდეთ და ვნახოთ შენს მიერ აშენებული სასახლე!

- ამქვეყნიურ ცხოვრებაში შენ ვერ შესძლებ იმ სასახლის ნახვას! - მიუგო მოციქულმა. - მხოლოდ როცა განეშორები ამა ქვეყანას, მაშინღა შესძლებ მის ხილვას, სიხარულით დასახლდები მასში და სამარადისოდ იცხოვრებ იქ!

მეფემ იფიქრა, დამცინისო და შეურაცხყოფად მიიღო თომას სიტყვები. ამიტომ ბრძანა იგიც და მისი ჩამომყვანი დიდვაჭარი ავანიც საპყრობილეში ჩაეგდოთ, სადაც ორივე ტანჯვა-წამებით სიკვდილის მოლოდინში უნდა ვნებულიყო. მეფეს განზრახული ჰქონდა ოთხში ამოეღო ისინი, ანუ ცოცხლად გაეტყავებინა და შემდეგ კოცონზე დაეწვა. საპყრობილეში ყოფნისას ავანმა უსაყვედურა მოციქულს და უთხრა:

- შენ მეც მომატყუე და მეფეც გააწბილე, როცა ხუროთმოძღვრად გაგვაცანი თავი. და აი, ახლა შენ უსარგებლოდ დაგიხარჯავს მეფის ოქრო და ჩემი სიცოცხლეც წაგიწყმედია! შენი გულისთვის ვევნები მე, უდანაშაულო კაცი, და საშინელი სიკვდილითაც უნდა მოვკვდე! მეფე გულსასტიკიკაცია და მოგვაკვდინებს!

წმიდა მოციქულმა დაამშვიდა ავანი და შემდეგი სიტყვებით ანუგეშა:

- ნუ გეშინია! ჩვენი სიკვდილით დასჯის დრო ჯერ არ დამდგარა! ჩვენ ცოცხალნი დავრჩებით და თავისუფლებიც ვიქნებით, მეფე კი დიდ პატივს მოგვაგებს იმ პალატთათვის, რომლებივ მე მისთვის ზეციურ სამეფოში ამიგია!

იმავე ღამეს მეფის ძმა მძიმედ დაავადდა, მეფესთან მსახურები გაგზავნა და შეუთვალა:

- შენი ურვისაგან მეც დავსევდიანდი, და აი, ახლა ამ სევდისაგან მძიმე სნეულებამ შემიპყრო, რომლისაგანაც აწ ვკვდები!

და მართლაც, სულ მალე ამის შემდეგ მეფის ძმა აღესრულა კიდეც. მეფეს დაავიწყდა უწინდელი წყენა და კიდევ უფრო დიდმა მწუხარებამ შეიპყრო: უნუგეშოდ იურვოდა და მწარედ დასტიროდა საყვარელი ძმის სიკვდილს. ხოლო უფლის ანგელოზმა, რომელმაც აღიტაცა მომკვდარის სული, ზეციურ სამკვიდრებელში აღიყვანა იგი, მოატარა ყოველივე და მრავალრიცხოვანი დიდებული, საუცხოოდ ნაგები და ბრწყინვალე სრა-სასახლე აჩვენა, რომლთა ერთი განსაკუთრებით გამორჩეული და ისეთი მშვენიერი იყო, რომ მისი აღწერა ვერ ძალ-ედვა ადამიანის ენას.

და მაშინ ჰკითხა უფლის ანგელოზმა მომკვდარის სულს:

- ამ სასახლეთაგან რომელში ირჩევდი ცხოვრებას?

მეფის ძმის სულმა იმ, ყველაზე მშვენიერ სასახლეს შეხედა და მიუგო:

- მე რომ ნება დამრთონ თუნდაც რომელიმე კუნჭულში ვიცხოვრო ამ სასახლისა, მეტს არაფერს ვისურვებდი!

მაშინ ანგელოზმა უთხრა:

- შენ არ ძალგიძს ამ სასახლეში იცხოვრო, რადგან იგი შენს ძმას ეკუთვნის, რომლის ოქროთიც აუგია იგი შენთვის ცნობილ უცხოტომელს - თომას!

- გევედრები, ბატონო! - მიმართა სულმა უფლის ანგელოზს, - გამიშვი ჩემს ძმასთან, და მე ვიყიდი ამ სასახლეს მისგან, რადგან მან ჯერ არ უწყისმისი სიმშვენიერე. და როცა ვიყიდი, მერე კვლავ დამაბრუნე აქ!..

მართლაც, ანგელოზმა დააბრუნა სული სხეულში, და მომკვდარი ძმაც ხელმწიფისა უმალ გაცოცხლდა, თითქოსდა ძილისაგან გამოიღვიძაო. როგორც კი თვალი გაახილა, საოცრად გაკვირვებულ გარშემო მყოფთ სთხოვა, სად არის ჩემი ძმა, სასწრაფოდ ჩემთან მოვიდესო. ძმის გაცოცხლების ამბავი რომ შეიტყო, მეფემ უზომოდ განიხარა, სასწაფოდ მასთან გაეშურა, და როცა პირისპირ იხილა იგი, ცოცხალი და სრულიადჯანსაღი, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მკვდრეთით აღმდგარმა კი ასე მიმართა:

- მეფეო! დარწმუნებული ვარ, რომ გიყვარვარ როგორც ღვიძლი ძმა! ვიცი ისიც, რომ უნუგეშოდ დამტიროდი, როცა აქ უსულოდ ვესვენე, და შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჩემი გათავისუფლება სიკვდილისაგან, შენი სამეფოს ნახევარსაც კი გაიღებდი ამისთვის!

- დიახ, ეს სრული სიმართლეა! - მიუგო მეფემ.

- მაშინ, თუკი ასე გიყვარვარ, - უთხრა ძმამ, - მხოლოდ ერთ საბოძვარს გთხოვ, და გევედრები, უარს ნუ მეტყვი!

მეფემ უპასუხა:

- ყოველივეს, რაც კი მაბადია ჩემს სახელმწიფოში, შენ გიბოძებ, ჩემს საყვარელ ძმას! - და ფიცითაც დაუდასტურა თავისი დაპირება.

მაშინ მკვდრეთით აღდგარმა ძმამ სთხოვა:

- მომეცი მე შენი სასახლე, რომელიც ცათა შინა გაქვს, და მისი სანაცვლოდ მთელი ჩემი ქონება მიიღე!

ამ სიტყვების გაგონებაზე მეფე გაოგნდა და დიდხანს უსიტყვოდ იდგა, რადგან გაკვირვებისაგან მეტყველების უნარიც კი წაერთვა. ბოლოს კიესღა თქვა:

- საიდან უნდა მქონდეს მე ცათა შინა სასახლე?!

- ჭეშმარიტად, რომ გაქვს! - წამოიძახა ძმამ. - შენ ნამდვილად გაქვს ცათა შინა ისეთი სასახლე, რომლის შესახებაც არაფერი უწყი და როგორიც არასოდეს გინახავს ამ მზის ქვეშეთში! ეს სასახლე შენთვის თომამ ააგო, რომელიც საპყრობილეში ჩაგიგდია და სასიკვდილოდ გაგიწირავს! მე ვნახე ეს სასახლე და გაოცებული დავრჩი მისი ენით უთქმელი სიმშვენიერითა და დიდებულებით. მე ვითხოვე, თუნდაც მის რომელიმე კუნჭულში დამასახლეთ-მეთქი, მაგრამ ამის ნება არ მომცეს, რამეთუ ჩემმა წინამძღვარმა ანგელოზმა მითხრა:

- შენთვის შეუძლებელია აქ ცხოვრება, რადგან ეს სასახლე შენს ძმას ეკუთვნის, რომელსაც იგი შენთვის ცნობილმა თომამ აუგოო.

და მე ვევედრე ანგელოზს, გამოვეშვი შენთან, რათა მეყიდა შენგან სასახლე. და აი, ახლა შენს წინაშე ვარ და გევედრები: თუკი გიყვარვარ, მომყიდე შენი ზეციური სასახლე და მის სანაცვლოდ მთელი ჩემი ქონება-სამკვიდრებელი მიიღე!

მაშინ მეფემ დიდად განიხარა ყველაფრის გამო - ძმის ამქვეყნად მობრუნებისთვისაც და იმ სასახლისთვისაც, რომელიც მისთვის, თურმე, უცხოტომელ თომას აუგია. ამიტომ ასე უთხრა მკვდრეთით აღმდგარ ძმას:

- საყვარელო ძმაო! მე დავიფიცე, რომ არაფრისთვის გეტყოდი უარს, რაც ამქვეყნად ჩემს ხელმწიფებას ექვემდებარება. მაგრამ არ აღმიქვია შენთვის ის სასახლე, რომელიც ზეცაში ყოფილა აგებული. ამიტომ თუკი ასე გსურს, შეგიძლია მიიღო ის ხუროთმოძღვარი, რომელიც ჩვენ გვყავს და რომელსაც ძალუძს შენთვისაც ააგოს ასეთივე სასახლე!

თქვა ეს და უმალვე საპყრობილეში გაგზავნა მსახურნი, რათა წმიდა თომა და მისი ჩამომყვანი ვაჭარი ავანი ხელმწიფისათვის მიეგვარათ. და როცა ისინი მოიყვანეს, მეფე სასწრაფოდ შეეგება მოციქულს და ფერხთ შეუვრდა ვედრებით, შემინდე ჩემი ცოდვა შენს წინააღმდეგ, რადგან არ ვუწყოდი, რას ვიქმოდიო.

წმიდა მოციქულმა თომამ კი მადლობა შესწირა უფალ ღმერთს ასეთი წყალობისათვის და ორივე ძმის დამოძღვრა დაიწყო ჭეშმარიტ სარწმუნოებაში. ისინი გულმხურვალედ იღებდნენ მოციქულის სიტყვებს და განათლდებოდნენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენით. მალე თომამ წმიდა ნათელიც სცა მათ და ასწავლა ქრისტიანული ცხოვრება, ძმებმა კი მრავალრიცხოვან წყალობათა გაღებით საუკუნო სამკვიდრებელი შეიძინეს ცათა შინა.

წმიდა მოციქულმა თომამ ერთხანს მეფესთან და მის ძმასთან დაჰყო, განამტკიცა ისინი წმიდა რწმენაში, და შემდეგ კი გარემო ქალაქებსა და დაბა-სოფლებში გაემართა ღვთის სიტყვის საქადაგებლად და ქმედითადაც იღვწოდა ადამიანთა ხსნისათვის.

და იმ დროს, როცა თომა მოციქული სახარების ქადაგენით ინდოეთის ქვეყნებს განანათლებდა, დადგა ჟამიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის აღსრულებისა, და უფლის ყველა მოციქული სხვადასხვა ქვეყნებიდან სულიწმიდის მიერ იქნა ზეცად აღტაცებულნი და ერთ წამზედ გეთსიმანიის ბაღში გადმოყვანილნი ყოვლადკურთხეული მარადის ქალწული მარიამის სარეცელთან (საეკლესიო გადმოცემით, ეს მოხდა მე-15წელს უფლის ზეცად ამაღლებიდან), ანუ 48 წელს ქრისტეს შობიდან, როცა ღვთისმშობელი 64 წლისა იყო. მაშინ თომა ინდოეთში მყოფი მოციქულიც იქმნა აღტაცებული ზეცად სულიწმიდის მიერ და გადმოყვანილი იერუსალიმში, მაგრამ მან მაინც ვერ ჩამოუსწრო ღვთისმშობლის წმიდა სხეულის დაკრძალვას. ეს საღმრთო განგებულებით აღსრულდა იმისთვის, რომ მორწმუნენი ცხადლივ დარწმუნებულიყვნენ ღვთის დედის ზეცად აყვანაში სხეულითაც. რამეთუ როგორადაც უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაში ჩვენ კიდევ უფრო მტკიცედ დავრწმუნდით სწორედ წმიდა თომა მოციქულის მაშინდელი „ურწმუნოებით“, ასევე ამ შემთხვევაშიც, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის - მარადქალწულ მარიამის ზეცად აყვანაც სწორედ თომა მოციქულის დაგვიანების შედეგად შევიტყვეთ.

წმიდა თომა ღვთისმშობლის დაკრძალვიდან მხოლოდ მესამე დღეს ჩამოვიდა და დიდად მწუხარებდა იმის გამო, რომ არ იმყოფებოდა გეთსიმანიის ბაღში დაკრძალვის დღეს, რათა სხვა მოციქულებთან ერთად საფლავამდე მიეცილებინა უფლის დედის სხეული და ამქვეყნად უკანასკნელად ეხილა მისი ყოვლადნეტარი პირისახე. მაშინ წმიდა მოციქულებმა საერთო შეთანხმებით გადაწყვიტეს გაეხსნათ თომასათვის ღვთისმშობლის საფლავი, რათა მას ენახა მისი ყოვლადპატიოსანი სხეული, თაყვანი ეცა მისთვის და ნუგეშ-ცემულიყო თავის მწუხარებაში. მაგრამ, აი, როცა საფლავი გახსნეს, ვერაფერი ნახეს იქ ღვთისმშობლის მოსასხამის გარდა. ამით ყველანი მტკიცედ დარწმუნდნენ იმაში, რომ დედა ღვთისა, თავისი ღვთაებრივი ძის მსგავსად, მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს და სხეულით იქნა აყვანილი ზეცად, სადაც ჰგიებს აღმატებულად ყოველთა ზეციურ ძალთა ზედა და ილოცავს უფლის წინაშე ჩვენთვის ყველასათვის...

ამის შემდეგ წმიდა მოციქული თომა კვლავ ინდოეთის ქვეყანაში გაემართა ღვთის სიტყვის საქადაგებლად და მრავალთ მოაქცევდა იქ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ნიშნებისა და სასწაულების აღსრულებით. ქალაქ მელიაპორში ჩასული (ინდუსტანის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე), იგი იქაურ მცხოვრებთაც განანათლებდა სახარების ქადაგებით. აქ მან შემდეგი სასწაულით განამტკიცა ადამიანები ქრისტეს რწმენაში:

მელიაპორში, ერთგან, უჩვეულო სიდიდის ხე იდო, რომლის დაძვრაც ადგილიდან არათუ ადამიანებს, ვეება სპილოებსაც კი არ შეეძლოთ. წმიდა თომამ თავისი სარტყელი მოაბა ხეს და ნახევარიოდე საათის სავალზე წაიღო, სადაც უფლის ტაძრის მშენებლობაში გამოსაყენებლად გადასცა. ამის ხილვაზე მორწმუნენი კიდევ უფრო განმტკიცდნენ, ხოლო ურწმუნოთაგან მრავალნი მოიქცნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და მოინათლნენ. წმიდა მოციქულმა აქ სხვა სასწაულიც აღასრულა, პირვანდელზე უდიდესი. ერთხელ ვინმე წარმართმა ქურუმმა საკუთარი ძე მოკლა და ბრალი ამაში წმიდა მოციქულს დასდო - თომამ მომიკლა ვაჟიშვილიო.

ხალხი ძალზე აღელდა. შეყრილმა ბრბომ შეიპყრო თომა როგორც მკვლელი და ქალაქის სამსჯავროს მოსთხოვა ტანჯვა-წამებით მოეკვდინებინათ იგი. და რაკი არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც დაუდასტურებდა მის უდანაშაულობას, წმიდა მოციქულმა თომამ თავად მიმართა მსაჯულსაც და ხალხსაც შემდეგი თხოვნით:

- გევედრებით, გამიშვით! მე მივალ მოკლულთან, ვკითხავ მოკლულს და ჩემი უფლის სახელით ვათქმევინებ, თუ ვინ მოჰკლა იგი!

ყველას გაუკვირდა ეს, და დათანხმდნენ ქურუმის მოკლულ ძესთან გაჰყოლოდნენ. როცა იქ მივიდნენ, წმიდა თომამ თვალები ზეცად აღაპყრო, ილოცა და შემდეგ მოკლულს მიმართა:

- ჩემი უფლის - იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, ჭაბუკო, თქვა: ვინ მოგკლა?

და მიცვალებულმაც მაშინვე ხმა გასცა:

- მამამ ჩემმა მომკლა მე!

მაშინ ყველანი დიდად გაოცდნენ და ღაღადი იწყეს:

- დიდ არს ღმერთი, რომელსაც თომა ქადაგებს!

მოციქული გაათავისუფლეს, წარმართი ქურუმი კი, ამგვარად, თვითონ აღმოჩნდა იმ ორმოში, რომელიც თომასთვის ამოეთხარა. ამ სასწაულის შემდეგ დიდძალი ხალხი მოიქცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და წმიდა ნათელიც მიიღო მოციქულისაგან.

ამის შემდეგ თომა უფრო შორეულ მხარეში, ქალამიდის ქვეყანაში გაეშურა ღვთის სიტყვის საქადაგებლად, სადაც მეფე მუზდი ზეობდა. როცა ქრისტეს რწმენას ახარებდა იქ, მოციქულმა ერთი დედაკაცი მოაქცია, სახელად სინდიკია, რომელიც მეფის რჩეული მეგობრისა და ქვისლის ქარიზეს ცოლის, მიგდონიას ძმისშვილი იყო. სინდიკია მიგდონიასაც შეაგონებდა ჭეშმარიტების შეცნობას და ერთი ღმერთის რწმენას, რომელმაც შეჰქმნა მთელი სამყარო და რომელსაც წმიდა თომა ქადაგებდა. მაშინ მიგდონიამ უთხრა სინდიკიას:

- მე ვისურვებდი თვითვე მენახა ის კაცი, ჭეშმარიტ ღმერთს რომ ქადაგებს, და მისგან მომესმინა ქრისტეს მოძღვრება!

სინდიკიამ მიუგო:

- თუ ღმერთის მოციქულის ნახვა გსურს, ძველმანები ჩაიცვი, ვითომც უბრალო, ღარიბი დედაკაცი ხარ, რათა არავინ გიცნოს, და მერე მე წამომყევი!

მიგდონია ასეც მოიქცა და სინდიკიას გაჰყვა. წმიდა თომა მათ უბრალო და ღარიბ ადამიანთა შორის ნახეს, რომელთაც იგი ღვთის სიტყვას უქადაგებდა. ქალებიც ხალხს შეერივნენ და თომას საუბარს მიუგდეს ყური, რომელიც ბევრს ლაპარაკობდა უფალ იესო ქრისტეზე, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, სიკვდილზე, განკითხვის დღეზე, გეჰენიის ცეცხლსა და ცათა სასუფეველზე. ყოველივე ამას მიგდონია წრფელი გულით იღებდა და ირწმუნა კიდეც ქრისტე. სახლში დაბრუნებული, იგი სულ მოციქულის სიტყვებზე ფიქრობდა, თავის ძმისშვილ სინდიკიასაც სულ ქრისტეზე ელაპარაკებოდა, და ბოლოს უკვე მთელი არსებით შეიყვარა ქრისტე. ამ დროიდან მოყოლებული მიგდონია ყოვლგვარ ურთიერთობას გაურბოდა ურწმუნოებთან, როგორც უფლის მტრებთან, არც ესაუბრებოდა, არც წვეულებაზე მიდიოდა მათთან და, საერთოდ, უარს ამბობდა ყველანარი ამქვეყნიურ სიამეზე. მეტიც, მან გადაწყვიტა მეუღლეობრივი თანაცხოვრება შეეწყვიტა ქმართან. ამ გარემოებამ ღრმად დაამწუხრა მისი ქმარი, და რაკი ვერ შესძლო ეიძულებინა მიგდონისათვის გადაწყვეტილების შეცვლა, თვით მეფესთან მივიდა და სთხოვა მუზდის, იქნებ შენმა ცოლმა - ტერტინიამ მოახერხოს მისი დაყოლიებაო (ტერტინია და მიგდონია ღვიძლი დები იყვნენ). მართლაც, დედოფალი მიგდონიასთან მივიდა და ჰკითხა, რა მიზეზია, რომ შენს ქმარს არ ემორჩილებიო.

- ის წარმართია, - მიუგო მიგდონიამ, - ღმერთის მტერი, მე კი ერთი ჭეშმარიტი ღმერთის - იესო ქრისტეს მხევალი ვარ, და არ მსურს, რომ წავიბილწო ურწმუნო და არაწმინდა ადამიანთან თანა-ცხოვრებით! (წმიდა პავლე მოციქულის სწავლებით ეს გარემოება ხელს არ უნდა უშლიდეს ქრისტიანი ცოლისა და წარმართი ქმრის (ანდა პირიქით) თანაცხოვრებას (იხ. 1 კორინთ. 7, 12-14), რადგან ქრისტიან მეუღლესთან ცხოვრებით ურწმუნო ადამიანი განიწმინდება და შეიძლება მოიქცეს კიდევ. მიგდონია კი თვითვეა მკაცრი საკუთარი თავისადმი და უფლებაც აქვს ამისა.)

ტერტიანემაც, ამის გაგონებაზე, ისურვა შეეტყო, თუ ვინ არის იესო ქრისტე, რომელაც მიგდონია ჭეშმარიტ ღმერთად ხმობდა. მაშინ მიგდონიამ თომას მთელი ქადაგების შინაარსი მოუთხრო და შეაგონებდა - შენც ირწმუნე ჭეშმარიტი ღმერთიო. ტერტიანემაც, რაკი სურდა, უფრო მეტი შეეტყო იესო ქრისტეზე და უმჯობესად დამოძღვრილიყო ჭეშმარიტ სარწმუნოებაში, სთხოვა მაგდონიას, მანახე თომა, რათა თვით მისგან მოვისმინო ყველაფერიო. მიგდონიას რჩევით, მან ფარულად გაგზავნა მსახურნი მოციქულთან და თავისთან მოუწოდა. დედოფალთან მოსულ წმიდა თომას ორივე დედაკაცი მხურვალედ ევედრა, ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დაგვმოძღვრეო. მანაც ქრისტე უქადაგა დებს, რწმენის სინათლით განანათლა, ნათლობის ემბაზშიც განბანა და ღვთის მცნებათა აღსრულება და სათნო ცხოვრება ასწავლა. დედაკაცებმა ღრმადაღიბეჭდეს გულში ყოველივე ეს, რაც წმიდა მოციქულისაგან მოისმინეს, და გადაწყვიტეს მთელი ცხოვრება უფლისათვის მიეძღვნათ დამისთვის ემსახურათ სიწმიდითა და უმანკოებით, ისე, რომ არც თავიანთ მეუღლეებთან თანა-ეცხოვრათ, როგორც ურწმუნო ადამიანებთან.

წმიდა თომა კი საღმრთო ძალით განაგრძობდა მრავალრიცხოვანი სასწაულების აღსრულებას და ყოველგვარი სნეულების განკურნებას. მისი ქადაგების მოსმენით და საკვირველმოქმედების ხილვით ბევრნი მოიქცნენ არა მხოლოდ უბრალო მოქალაქეთაგან, არამედ თვით მეფის კარისკაცთაგანაც. მეფის ერთადერთმა ძემაც, სახელად აზანმა, ირწმუნა ქრისტე და წმიდა ნათელიც მიიღო მოციქულისაგან, რამეთუ თავის მოციქულთა მეშვეობით თვით უფალი იესო ქრისტე მოქმედებდა, განამრავლდებდა თავის ეკლესიას და ყველგან განავრცობდა თავისი სახელის დიდებას!

სასახლეში დაბრუნებული დედოფალი ტერტინია მარხვასა და ლოცვას მიეცა და უარს ეუბნებოდა ქმარს ხორციელ თანაცხოვრებაზე. მეფე გაკვირვებული იყო თავისი ცოლის ცხოვრებაში მომხდარი ასეთი ცვლილებით და ერთხელაც ასე უთხრა მეგობარსა და ქვისლს ქარიზეს:

- შენთვის მინდოდა ცოლი დამებრუნებინა და აი, ჩემიც დავკარგე! ესეც ისე მექცევა, როგორც მიგდონია - შენ!

ამის გამო მეფემ და ქარიზემ გულდაგულ გამოიკვლიეს მეუღლეთა ასეთი შეცვლის მიზეზი და შეიტყვეს, რომ, თურმე, ვიღაც გადამთიელმა, სახელად თომამ, ქრისტეს რწმენა ასწავლა დედაკაცებს და ჩააგონა მეუღლეობრივი თანაცხოვრება შეეწყვიტათ საკუთარ ქმრებთან. ისიც შეიტყვეს, რომ თომას ქადაგებების შედეგად მეფისწულსაც - აზანსაც ურწმუნია ქრისტე, სამეფო კარის ბევრ მსახურსაც და დიდ მოხელესაც, უბრალო ხალხში კი ახალი რწმენის მიმდევართა რიცხვი ხომ უზომოდ დიდი ყოფილა. ამის გამო მეფეცა და მისი ქვისლიც დიდად განრისხდნენ და უბრძანეს მსახურთ, შეეპყროთ თომა და საპყრობილეში ჩაეგდოთ. მალე კი მეფის სამსჯავროს წარუდგინეს.

ხელმწიფემ ჰკითხა:

- ვინა ხარ შენ - მონა თუ თავისუფალი კაცი?

თომამ მიუგო:

- მე იმის მონა ვარ, ვისზეც შენ არა გაქვს ხელმწიფება!

- ვხედავ, რომ მზაკვარი მონა ყოფილხარ! - უთხრა მეფემ. - ალბათ, გამოქცეული საკუთარ ბატონს და ამ ჩვენს მიწა-წყალზე მოსული ხალხის წასახდენად და ჩვენი ცოლების შესაშფოთებლად... მაშ, თქვი, ვინ არის შენი ბატონი?

- ჩემი ბატონი არის უფალი ცათა და ქვეყნისა! - უპასუხა წმიდა მოციქულმა. - ღმერთი და შემოქმედი ყოველი ქმნილებისა. მან წარმომგზავნა აქ თავისი სახელის საქადაგებლად და ადამიანთა მოსაქცევად ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მათი უწინდელი შეცთომილებიდან.

მეფე განრისხდა:

- შეწყვიტე, შე ცრუ კაცო, მზაკვრული საუბარი და მოისმინე ჩემი ბრძანება: როგორადაც შეაცდინე ჩვენი ცოლები შენი ცბიერობით და ჩვენზე ხელი ააღებინე, აი, ამგვარადვე ახლა ისევ დაგვიბრუნე მეუღლეები, თორემ განანებთ! რამეთუ თუკი არ იქმ იმას, რომ ჩვენი ცოლები კვლავ უწინდელი სიყვარულითა და ერთობით ცხოვრობდნენ ჩვენთან, მაშინ სასტიკი სიკვდილით მოგაკვიდებთ!

მეფის მკაცრ სიტყვებზე თომამ მკაცდრადვე მიუგო:

- არა ჯერ-არს ქრისტეს მხევლებისათვის მეუღლეობრივი თანაცხოვრებით ჰგიებდნენ უსჯულო ქმრებთან! არა ჯერ-არს მორწმუნეთათვის შეგინებულ და შებილწულ იქმნენ უკეთურ ურწმუნოთაგან.

ამის გაგონებაზე მეფე მუზდი საშინლად განრისხდა და ბრძანა წმიდა მოციქულის ტანჯვა-წამება დაეწყოთ. ჯერ გავარვარებული რკინის დაფები მოიტანეს, რათა თომა ფეხშიშველა შეეყენებინათ მათზე. მაგრამ როგორც კი მოციქულმა ფეხი შედგა მათზე, ანაზადად წყალი გაჩნდა მის ფეხქვეშ და განაგრილა რკინა. შემდეგ იგი გახურებულ ღუმელში შეაგდეს და მთელი ღამე მის მგზნებარე ცეცხლში დატოვეს, მაგრამ მეორე დღეს, როცა ღუმელის კარი გააღეს, თომა ცოცხალი და სრულიად უვნებელი გამოვიდა იქიდან.

ამ სასწაულებმა ვერ შეაგონეს მეფე და ქარიზე, რომელმაც ასეთი რჩევით მიმართა ხელმწიფეს:

- აიძულე მას თაყვანი სცეს და მსხვერპლი შესწიროს ჩვენს „ღმერთს“ - მზეს, რათა ამით განარისხოს თავისი ღმერთი, რომელიც აქამდ ეუვნებლად იცავდა სატანჯველთაგან!

მაგრამ როგორც კი წმიდა მოციქული მზის კერპთან მიიყვანეს, იგი მაშინვე ცვილივით გადნა. მორწმუნენი უსაზღვროდ განიხარებდნენ შემოქმედი ღმერთის ასეთი ძლიერების ხილვის გამო, და ურწმუნოთაგანაც დიდი სიმრავლე შეეძინებოდა უფალს. კერპის მსახურნი კი ძალზე დრტვინავდნენ თომაზე მათი „ღვთაების“ მოსპობისათვის და მეფისაგან მოციქულის მოკვდინებას მოითხოვდნენ. მეფეც საგონებელში იყო ჩავარდნილი და აღარ იცოდა, რა საშუალება მოეფიქრებინა მის დასაღუპად; თუმცა ხალხის ეშინოდა, აგრეთვე თავისი მსახურებისაც დადიდმოხელეებისაც, რომელთაგან უკვე მრავალს ერწმუნა ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად.

მაშინ მეფემ წაიყვანა თომა და თავის მხედრებთან ერთად ქალაქგარეთ გავიდა. ყველას ეგონა, მეფეს რაღაც სასწაულის ხილვა სურს მოციქულისაგანო. მაგრამ ხელმწიფემ, როგორც კი ნახევარიოდე საათის სავალით დასცილდნენ ქალაქის გალავანს, ხუთ მხედარს გადასცა თომა და უბრძანა, მთაზე აეყვანათ და იქ შუბებით განეგმირათ. თვითონ კი მეზობელ ქალაქ აქსიუმს წავიდა. ამასობაში მეფისწული აზანი და ერთი სხვა ქრისტიანი, სახელად საფორი, ქალაქიდან გამოსულიყვნენ, მოციქულის კვალდაკვალ წამოსულიყვნენ და ახლა, როცა მხედრების ხელში სასიკვდილოდ განწირულს ხედავდნენ, ცხარედ დასტიროდნენ მას. მაშინ თომამ ნებართვა სთხოვა მხედრებს ლოცვის აღსრულებისა, და როცა ილოცა, სიფორს მღვდლად დაასხა ხელი, აზანს კი დიაკვნად და უანდერძა, მორწმუნეთა გამრავლებისათვის და ქრისტეს ეკლესიის განვრცობისათვის ეზრუნათ. ამის შემდეგ მხედრებმა ხუთი შუბით განგმირეს წმიდა მოციქული თომა.სიფორი და აზანი დიდხანს დასტრიალებდნენ მოძღვარს და შემდეგ დიდი პატივით დაკრძალეს მისი წმიდა სხული (მოციქულის მოწამეობრივი სიკვდილის ადგილს დღესაც უჩვენებენ კალურმინში, ექვსიოდ კილომეტრზე ქალაქ მალიპურიდან, სადაც წმიდა თომა ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე ლოცვისათვის).დაკრძალვის შემდეგ ისინი დიდხანს ისხდნენ მოციქულის საფლავთან ღრმად დამწუხრებულები. და აი, წმიდა თომა გამოეცხადა მათ ჩვენებაში და უბრძანა ქალაქში დაბრუნებულიყვნენ და რწმენაში განემტკიცებინათ ძმები. ისინიც დაბრუნდნენ და, წმიდა თომას ლოცვა-კურთხევით გაძლიერებულნი, წარმატებით განაგებდნენ ქრისტეს ეკლესიას.

მეფე მუზდი და ქარიზე დიდხანს ტანჯავდნენ თავიანთ ცოლებს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ და ვერ დაიყოლიეს მეუღლეობრივ თანაცხოვრებაზე. და როცა მიხვდნენ, ვეღარ დავიმორჩელებთო, იძულებულნი გახდნენ თავისუფალი ცხოვრების ნება მიეცათ მათთვის, რადგან ხედავდნენ, რომ დედეკაცები უმალ სიკვდილს არჩევდნენ, ვიდრე მათთან ცხოვრებას. ასე, რომ ღვთისნიერი დები გათავისუფლდნენ ცოლ-ქმრული ცხოვრების უღლისაგან და მკაცრ, სათნო ცხოვრებას მიეცნენ: მარადის ლოცულობდნენ, მარხულობდნენ და ერთგულად ემსახურებოდნენ უფალს, რითაც უდიდესი სარგებლობა მოჰქონდათ ეკლესიისათვის.

რამდენიმე წლის შემდეგ მეფე მუზდის ერთ-ერთი ძე ბოროტი სულისაგან იქმნა შეპყრობილი და მისი განკურნება ვერავინ შეძლო, რადგან მასში მეტად  სასტიკი დემონი დაბუდებულიყო. ხელმწიფე ძალზე შეურვებული იყო თავისი ძის სნეულებით, და რაკი სმენოდა, წმიდა თომას სიცოცხლის ჟამს მრავალი ბოროტი სული განუდევნია ადამიანთაგანო, გადაწყვიტა გაეხსნა მისი საფლავი, აეღო მოციქულის ერთი ძვალთაგანი და ყელზე შეება თავისი ვნებული ძისათვის, რათა ამგვარად გაეთავისუფლებინა ეშმაკისმიერ ქენჯნისაგან. და როცა ის იყო, დააპირა კიდეც განზრახულის შესრულება, რომ სიზმრისეულ ჩვენებაში წმიდა თომა გამოეცხადა და უთხრა:

- ცოცხალი არ გწამდი, და ახლა მკვრისგან გინდა შეწევნის მიღება? გარნა ნუ დარჩები შენს ურწმუნოებაში, და უფალიც ჩემი იესო ქრისტე მოწყალე იქნება შენდამი.

ამ ჩვენებამ კიდევ უფრო განაძლიერა მეფის სურვილი გაეხსნა მოციქულის საფლავი და განზრახული შეესრულებინა. მართლაც, გაემართა მეფე მუზდი წმიდა თომას დაკრძალვის ადგილას, გახსნა საფლავი, მაგრამ ვერაფერი ნახა იქ, რადგან ერთ ქრისტიან კაცს ფარულად აეღო მოციქულის წმიდა ნაწილები და მესოპოტამიაში გადაესვენებინა შესაფერის ადგილას. მაშინ ხელმწიფემ ერთი მუჭა მიწა აიღო იმ ადგილიდან, ნაჭერში გაახვია და თავის ძეს ჩამოჰკიდა ყელზე. ამასთან, ლოცვა-ვედრებით მიმართავდა უფალს:

- უფალო იესო ქრისტე! გევედრები, გენკურნე ჩემი ძე შენი წმიდა მოციქულის თომას ლოცვით! და მაშჲნ მეც გირწმუნებ ჭეშმარიტ ღმერთად!

და როგორც კი დაასრულა ამ სიტყვების წარმოთქმა, ეშმაკმა მაშინვე დასტოვა მეფისწული და ყრმაც სრულიად განიკურნა. მეფე მუზდიმ ამისგამო ირწმუნა ქრისტეს და თავის ყველა დიდებულთან და მსახურთან ერთად წმიდა ნათელიც მიიღო მღვდელ სიფორისაგან. მაშინ უდიდესი სიხარულით აღვისო მორწმუნეთა გულები, რამეთუ კერპები ყველგან დაამხეს და მათი ტაძრებიც დაანგრიეს, ხოლო მათს ადგილას ქრისტიანული ეკლესიები ააგეს. ღვთის სიტყვა ყველგან იქადაგებოდა და ჭეშმარიტი სარწმუნოებაც წმიდა თომა მოციქულის ლოცვითი მეოხმყოფელობით მთელს ინდოეთში განმტკიცდებოდა.

ნათლობის მიღების შემდეგ მუზდი გულწრფელად ინანიებდა თავის უწინდელ ცოდვებს და ყველას ევედრებოდა ლოცვით შეწევნას. სიფორ ხუცესიც ყველა მორწმუნეს მოუწოდებდა, დახმარებოდნენ ხელმწიფეს:

- ილოცეთ მეფე მუზდისათვის, რათა მას წყალობით მოხედოს უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ და ყველა ცოდვაც მიუტევოს!..

მართლაც, მთელი ეკლესია ლოცულობდა მეფისათვსი, და მას ცოდვათა შენდობა მოემადლა: მოქცეული მეფე ღვთის სათნოდ ცხოვრობდა დადიდად შეეწეოდა ქრისტეს ეკელსიას. ხოლო იმ ადგილას, სადაც წმიდა თომა მოციქულის ნაწილები ესვენა, მისი ლოცვით მრავალი სასწაულიდა საკვირველი კურნება აღესრულებოდა.

საეკლესიო მწერლების მოწმობით თომა მოციქულის წმიდა ნაწილები შემდგომში (385 წელს) ქალაქ ედესოში გადაასვენეს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ინდოეთშიც დარჩა მისი ზოგიერთი ნაწილი. ედესოში ამ წმიდა ნაწილებზე დიდებული ეკლესიაც ააგეს, სადაც შორეული ქვეყნებიდანაც ჩამოდიოდნენ მლოცველები. იმპერატორ ანასტასის ზეობისას (490-518) თომა მოციქულის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლს გადაასვენეს, სადაც მის სახელზე ტაძარიც იქნა აგებული. ჯვაროსანთა მეოთხე ლაშქრობის დროს (1204) უნგრეთის მეფემ ანდრია მეორემ წმიდა თომას მარჯვენა თავის სამშობლოში გადაასვენა. თომა მოციქულის თავის ქალა კი საქართველოში, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული. უფლის ამ წმიდა მოციქულის ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულებოდა და კვლავაც აღესრულება შეწევნად ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტიანთა და პატივად და სადიდებლად ჩვენი უფლისა და ღმერთის იესო ქრისტესი, რომელსა შვენის თაყვანისცემათანა მამით და სულით წმიდითურთ საუკუნოდ. ამინ.

წიგნიდან „უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოციქულთა ცხოვრება“, თბილისი, 2004 წ.

1-10 of 22